TOP

როგორ უნდა შეარჩიოთ ფოტოგრაფი ქორწილისთვის

თუ თქვენ უკვე დაიწყეთ ქორწილის დაგეგმვა, ალბათ უკვე ხვდებით, რომ ფოტოგრაფი არ არის მხოლოდ ერთი რიგითი დაქირავებული მომსახურე პერსონალი, მას გაცილებით დიდი მისია და პასუხისმგებლობა აკისრია, ვიდრე დიზაინერს, ფლორისტს, დარბაზის მომსახურე პერსონალს და ა.შ. ფოტოგრაფი ამ დღეს არის ის ადამიანი, რომელიც თქვენს ისტორიას ქმნის. ისტორიას, რომელიც სამუდამოდ უნდა დაგრჩეთ ერთი დღიდან. ამიტომ, ძალიან მნიშნელოვანია, რომ დიდი ყურადღებითა და დაკვირვებით შეარჩიოთ ადამიანი, რომელსაც ყოველივე ამას ანდობთ.

1.შეარჩიეთ ფოტოგრაფის სტილი

ყველა კარგ ფოტოგრაფს აქვს საკუთარი სტილი, რა სტილშიც იღებს ფოტოებს. მნიშნელოვანია, რომ ეს გადაწყვიტოთ, თუ რა სტილის არის თქვენი ქორწილი და ფოტოგრაფიც შესაბამისი შეარჩიოთ. როგორც დიზაინს, ტორტს კაბასა და სხვა უამრავ დეტალს უხამებთ კონკრეტულ თემას, ასე უნდა მოარგოთ ფოტოგრაფიც, რადგან შესაძლებელია საბოლოოდ ფოტოები სრულიად აცდენილი იყოს ქორწილის თემას და საერთოდ დაიკარგოს ის, რაც ქორწილის მთავარი მშვენება იყო.

2. გაეცანით მათ ნამუშევრებს

სტილი თუ უკვე აარჩიეთ, ახლა ჯერი ამ სტილის ფოტოგრაფებს შორის არჩევანის გაკეთებაზე მიდგა. იმისათვის, რომ მათი მუშაობის ხარისხს გაეცნოთ – უამრავი საშუალება არსებობს. პირველ რიგში, დაათვალიერეთ მისი Facebook და Instagram გვერდი, მაგრამ მხოლოდ ეს საკმარისი არ არის. ფოტოგრაფების უმეტესობა საკუთარი ნამუშევრების მხოლოდ 10%-ს თუ აქვეყნებს საკუთარ გვერდზე. რა თქმა უნდა – საუკეთეო ნაწილებს. აუცილბელად იპოვეთ პატარძლები, რომელთა ქორწილებშიც ისინი იყვნენ და დაათვალიერეთ მათი საქორწილო ალბომიც (სოციალური ქსელი ამის ძალიან დიდი საშუალებას იძლევა), ასე უფრო ნათელი წარმოდგენა შეგექმნებათ იმაზე, თუ როგორი ფოტოგრაფები არიან და არიან თუ არა რეალურად ისეთები, როგორიც მათ გვერდზე ჩანს. ამით თავიდან აიცილებთ იმედგაცრუებას ქორწილის შემდეგ. ასევე, აუცილებლად მიიღეთ რეკომენდაციები მათი ძველი კლიენტებისგან, დაინტერესდით როგორი იყო ფოტოგრაფი ქორწილის დღეს წყვილთან მუშაობაში, უტაქტო ფოტოგრაფმა, რომელმაც არ იცის მიდგომა, შეიძლება ძალიან დაგძაბოთ, რაც ძალიან ცუდად აისახება თქვენს მასალაზე.

3. დაკონტაქტეთ საუკეთესო ვარიანტებს

მას შემდეგ, რაც რეკომენდაციები უკვე მივიღეთ და მინიმუმ 5 სავარაუდო კანდიდატი მაინც გყავთ, ახლა უკვე დეტალების გარკვევის დროა. გაითვალისწინეთ, რომ პირველი ნაბიჯები ფოტოგრაფთან ურთიერთობის დასაწყისში, საკმაოდ მნიშნელოვანია, თქვენი შემდგომი ურთიერთობის განვითარებასა და თანამშრომლობაში, ამიტომ წინასწარ კარგად მოამზადეთ ის კითხვები და შეთავაზებები, რაც უნდა მაიწოდოთ. დაეკონტაქტეთ მეილზე ან მის Facebook გვერდზე, შეეკითხეთ ყველაფერი, რაც გაინტერესებთ და რაც მნიშვნელოვანია, რომ არაფერი დარჩეს გაურკვეველი. უთხარით რისი მოლოდინი გაქვთ თქვენ და გააცანით ქორწილის გეგმა. ყველას პასუხის შემდეგ კი შეგიძლიათ შეადაროთ, რომელი ფოტოგრაფი გთავაზობთ უკეთეს პირობებსა და ფასს.

4. დაუნიშნეთ შეხვედრა

საუკეთესო ვარიანტის შერჩევის შემდეგ დანიშნეთ შეხვედრა, რათა პირადად უკეთ გაისაუბროთ. ამ შეხვედრისას გაიცნობთ მას, როგორც ადამიანს და როგორც პროფესიონალს. უფრო გაშლილად ისაუბრებთ ყველაფერზე, დაგეგმავთ დღეს, მიიღებთ მისგან რჩევებს, რომლებიც შეიძლება ძალიან სასარგებლო გამოდგეს თქვენთვის და უკეთესობისკენ შეგიცვალოთ ქორწილის დღის გეგმები.

5. მიენდეთ თქვენს ფოტოგრაფს

ყველა საფეხურის გავლის შემდეგ, დარწმუნებული უნდა იყოთ თქვენს ფოტოგრაფში და ქორწილის დღეს მთლიანად მიენდოთ მას, დაუჯეროთ, გაჰყვეთ და აცადოთ, რომ იდეალურად შეასრულოს საკუთარი საქმე და შექმნას თქვენი ქორწილის ისტორია.

კომენტარები