TOP

ოცნების ქორწილი ქვიშიან სანაპიროზე

ქორწილამდე

ერთმანეთი დაახლოებით ხუთი წლის წინ გავიცანით. იმ დღეს სკოლა დავამთავრე და საერთო მეგობართან (რომელიც დღეს უკვე ჩვენი მეჯვარეა) ერთად მოვიდა ბოლო ზარზე.მიუხედავად იმისა, რომ, შეიძლება ითქვას მეზობლები ვიყავით და შორიდან ორივემ ვიცოდით ერთმანეთის შესახებ, ერთმანეთს მაინც არ ვიცნობდით. გაცნობის შემდეგ მეგობრების წრეში გვიწევდა შეხვედრა და ჩვენც დავმეგობრდით, თუმცა მალევე დაიწყო ჩვენი სიყვარულის ისტორია. იქედან გამომდინარე, რომ მე უნივერსიტეტში ჩავაბარე და თბილისში მომიწია წამოსვლა, ერთმანეთს რამდენიმე ასეული კილომეტრით ვიყავით დაშორებული, თუმცა ურთიერთობა მაინც შედგა. არ ვიცი, როდის ან როგორ მიეცა ჩვენს ურთიერთობას სერიოზული სახე, ყველაფერი თავისთავად ხდებოდა. მგონია, დაბადებიდან ჩემთან იყო და მთელი ცხოვრება თან მომყვება. სიმართლე გითხრათ, არც კი მახსოვს რა იყო იქამდე, რადგან, როცა წარსულში ვიხედები, ბავშვობის შემდეგ, უკვე საკუთარ თავს ნურის გვერდით ვხედავ. შესაბამისად ოჯახის შექმნაზე თავიდანვე ვფიქრობდით, მაგრამ ამ ნაბიჯის გადადგმა არ გვიჩქარია და ჩვენზე მეტად ოჯახის წევრები და ახლობლები ელოდნენ ამ დღეს.

ხელის თხოვნა

ხელის თხოვნა ,,არ გამოუვიდა” , რაც ალბათ ჩემმა ცნობისმოყვარე ხასიათმა განაპირობა და საბოლოოდ ოჯახის შექმნის გადაწყვეტილება ერთად მივიღეთ. ქორწილის თარიღი დაახლოებით ორი თვით ადრე დავნიშნეთ და მზადებაც დავიწყეთ.

მზადება ქორწილისთვის

ეს იყო ალბათ ყველაზე დაძაბული და მაინც, ყველაზე სასიამოვნო დღეები. მე კი, იმ გოგოების რიცხვს მივეკუთვნები, რომელთათვისაც ქორწილის დღე, ჯვრისწერა და თეთრი კაბა ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ვერ გეტყვით, რომ ქორწილის დასაგეგმად ბევრი ფიქრი დამჭირდა. შეიძლება იმიტომ , რომ სოციალური ქსელების საშუალებით ყველას გვიწევს თვალის დევნება ამა თუ იმ დიზაინერის ნამუშევრებზე, საქორწილო კაბის ფოტოებზე და ა.შ. მეც ზუსტად ვიცოდი ვისთვის უნდა მიმემართა და ყოველგვარი ზედმეტი ფიქრის გარეშე დავუკავშირდი იმ ადამიანებს, რომლებმაც ეს დღე ჩემს ზღაპრად მიქციეს.
ქორწილის დაგეგმვა ასეთი სასიამოვნო ალბათ ნამდვილად არ იქნებოდა, რომ არა ჩემი დედამთილი, რომელმაც სრული თავისუფლემა მომცა ამ საკითხში და ძალიან უნდოდა ყველაფერი ისეთი გამოსულიყო, როგორიც ჩაფიქრებული მქონდა. ასევე გვერდით მედგნენ მეგობრები, რომლებიც იმაშიც დაგვეხმარნენ, ჩვენთან ერთად ეცეკვათ და ბევრი დაუვიწყარი მომენტი შეექმნათ ჩვენთვის.

კაბა

პირველი ნაბიჯი კაბა იყო. ვიცოდი, რომ არსებობდა მარია ჟე, სადაც ულამაზეს საქორწილო კაბებს კერავენ და მეც ასე შევხვდი მენო კირკიტაძეს, რომელსაც ვუთხარი დაახლოებით, რაც მინდოდა და შეიძლება ითქვას უთქმელად, ერთი ამოსუნთქვით შეკერა ჩემი საქორწილო კაბა, ზუსტად ისეთი, როგორშიც საკუთარი თავი წარმომედგინა.

ოტოგრაფი და ფოტოსესია

გამონაკლისი არც ფოტოგრაფის ძიება ყოფილა. ვიცოდი, რომ ჩემი ქორწილი GIKA studio-ს უნდა გადაეღო და ამ ყველაზე მაგარ ბიჭებში ერთი წამით არ შემიტანია ეჭვი.

ლოკაცია

ჯვარი ბათუმში დავიწერეთ, წმინდა ეკატერინეს სახელობის ტაძარში და ფოტოსესიაც ბათუმში, რამდენიმე ადგილას გვქონდა. ხელის მოწერის ცერემონია შეკვეთილში, ზღვის სანაპიროზე გაიმართა, სადაც ძალიან დიდი შრომის შედეგად ნანუკა თავართქილაძემ ისეთი გარემო დამახვედრა, ოცნებაშიც, რომ ვერ წარმოვიდგენდი.
ქორწილი ლანჩხუთში, დარბაზ ,,დავით” -ში იყო, სადაც ყველა პირობა შეგვიქმნეს იმისთვის რომ ეს დღე ჩვენთვის დაუვიწყარი ყოფილიყო.

თმა და მაკიაჟი

ყველა პატარძლისთვის უმნიშვნელოვანესია იყოს თავდაჯერებული, რომ ამ დღეს ის ძალიან ლამაზად გამოიყურება. ამის გარეშე ნამდვილად არაფერი გამოვა. ჩემი ვარცხნილობა და მაკიაჟი magia – beauty SALON – ის დამსახურებაა.

დეტალები

ყვავილები, კი რომელიც ქორწილის ასევე უმნიშვნელოვანესი დეტალია Zena Flowers -მა დამიმზადა. ჯვრისწერის კელაპტრები და ყვავილების გვირგვინი, რომელიც ხელის მოწერის დროს თავზე მეკეთა ლიკუნა კოტეტიშვილის დამზადებულია, რომელიც ასევე უნიჭიერესი და შესანიშნავი ადამიანია. რაც შეეხება ტორტს, ძალიან მინდოდა სადა და ნაკლებად გადატვირთული ტორტი და ,,ლარას ტორტებმა” გაამართლა ჩემი იმედები.

რჩევას, მომავალ პატარძლებს

გირჩევთ, მოიშოროთ ნერვიულობა და ერთმანეთისგან გამიჯნოთ რა გინდათ თქვენ, და რა – სხვებს. დამიჯერეთ, მონდომების შემთხვევაში ყველაფერი შესაძლებელია, ეს თქვენი დღეა და საბოლოოდ ხომ თქვენ უნდა შექმნათ ის მოგონებები, რომლებიც მთელი ცხოვრება უნდა გაგყვეთ! ვფიქრობ, ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანია ნდობა ადამიანების მიმართ და ეს არც საკუთარი ქორწილის დაგეგმვის დროსაა გამონაკლისი, აუცილებლად უნდა მისცეთ თავისუფლება იმ ადამიანებს, რომლებსაც თქვენს უმნიშვნელოვანეს დღეს ანდობთ. მე გამიმართლა და დღეში რამდენჯერმე ვუყურებ საქორწილო კლიპს, თავი ფილმში მგონია და ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ, რომ ეს ყველაფერი ნამდვილად მე მეკუთვნის. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა მათ! საქორწილო სამზადისისა და სტრესული დღეების შემდეგ განტვირთვა ნამდვილად გვჭირდებოდა.

საქორწინო მოგზაურობა

ქორწილის შემდეგ რამდენიმე დღე კაბადოკიაში გავატარეთ და ბევრი ლამაზი მოგონება დავაგროვეთ. განვიტვირთეთ და დავიწყეთ ჩვენი ლამაზი ზღაპრის წერა, რომელიც ამ დღით დაიწყო და არასოდეს არ უნდა დამთავრდეს!

ფოტო – GIKA STUDIO
ვიდეო – GIKA STUDIO

თმა და მაკიაჟი – magia – beauty SALON

კაბა – MARIA GE

დიზაინერი – ნანუკა თავართქილაძე

კომენტარები