
ხელის თხოვნა Facebook-ზე
ნინა თათოშვილმა და შოთა ურუშაძემ ერთმანეთი ფეისბუკზე გაიცნეს. მოვლენები იმდენად სწრაფად განვითარდა, პატარძალმა საკუთარ ნიშნობაზეც არაფერი იცოდა. მრავალწლიანი ურთიერთობის არქონა წყვილისთვის დაბრკოლება არ ყოფილა – მოკლე დროში მათ უამრავი თავგადასავალი გადახდათ. მათი სიყვარულის ისტორია და ქორწილის დეტალები ნინამ გვიამბო.
ქორწილამდე
ჩვენი გაცნობის ისტორია ერთი შეხედვით არარეალურია – შოთამ პირველად ჩემი მეგობრის ფოტოებში მნახა. ეხლა უკვე ჩვენი მეჯვარე, მიშკა, გიჟდება ხვეულთმიან გოგოებზე და ხშირად დებს ხოლმე უცხოელების თუ ქართველების ფოტოებს ფეისბუკზე. ერთ დღესაც, როცა ჩემი ფოტო გამოაქვეყნა, კომენტარებით გამოხმაურება მოჰყვა და ბევრად გამოთქვა ჩემი ცოლად მოყვანის სურვილი. ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობად აღვიქვი. მათ შორის იყო შოთაც, რომელმაც გადაწყვიტა პირადად ჩემთვის ეთხოვა ხელი მაშინვე, პირად შეტყობინებაში. მახსოვს, ბევრი ვიცინე და მადლობა გადავუხადე. მას შემდეგ, როცა ახალ ფოტოს ვდებდი, კომპლიმენტებს მწერდა. აქტიური საუბარი სრულიად შემთხვევით დავიწყეთ – ავად გავხდი და ორი კვირა სახლში მომიწია ყოფნა. რაღაც თემაზე მოულოდნელად დავიწყე შოთასთან საუბარი და აღმოვაჩინე რომ საკმაოდ საინტერესო ბიჭი იყო. პირველი პაემანი ჩემი გამოჯამრთელებისთანავე იყო. მას შემდეგ ყოველ დღე ვნახულობდით ერთმანეთს – ხან მეგობრებს მაცნობდა, ხან – თანამშროლებს, ერთხელ, მოულოდნელად, მშობლებთანაც მიმიყვანა. ძალიან მალე ისე დავახლოვდით, თითქოს წლების შეყვარებულები ვიყავით.
ხელის თხოვნა
ამასობაში შოთას დაბადების დღეც მოახლოვდა. შემომთავაზა, მეგობრებიც წამეყვანა, უხერხულად რომ არ მეგრძნო თავი და მთხოვა ძალიან ლამაზად ჩამეცვა, დრესკოდიც ამიხსნა. როცა მივედით, მხოლოდ მე და ჩემი დაქალები ვიყავით ასეთი გამოპრანჭულები, სხვები კედებითა და ჯინსებით იყვნენ. ძალიან გავუბრაზდი შოთას, რატომ მომატყუე-მეთქი, შემდეგ კი გაირკვა, რომ ხელის თხოვნას აპირებდა და ჩემ გამო საქართველოდან წასვლაც გადაუფიქრებია. ამ მოულოდნელმა შეთავაზებამ ძალიან დამაბნია – არც მისი დაკარგვა მინდოდა, არც ასე უცებ ამ გადაწყვეტილების მიღება. არ ვიცოდი, რა მექნა, თან ყველა ჩემს პასუხს ელოდებოდა. და ასე, მეც ვთქვი – „დიახ“.
მზადება ქორწილისთვის
ნიშნობიდან რამდენიმე თვეში გვქონდა დაგეგმილი ქორწილი. ამის მიუხედავად, რეალური მზადება ერთი თვით ადრე დავიწყეთ. ქორწილი მთლიანად მე და შოთამ დავგეგმეთ და გადავიხადეთ. სტუმრების სია საკმაოდ პატარა იყო, შესაბამისად, მისი შედგენა არ გაგვჭირვებია.
ლოკაცია ქორწილისთვის
არც მე და არც შოთას დიდი ქართული ქორწილი არ გვინდოდა, ამიტომ გადავწყვიტეთ ქორწილი ვერანდაზე გაგვეკეთებინა და შევარჩიეთ მთაწმინდაზე მდებარე რესტორანი „ტერასა“.
კაბა
კაბის შეკერვა არ მინდოდა, ცოტა მეშინოდა, რომ არ გამოსვლოდათ ისეთი, როგორიც მინდოდა. გამიმართლა და „მარიგოლდში“ ვიპოვე ის, რასაც ვეძებდი. კაბა ძალიან მალე შევარჩიე. სულ ოთხი მოდელი გავისინჯე და ერთ-ერთი ის იყო, რაზეც არჩევანი შევაჩერე.
მაკიაჟი და ვარცხნილობა
სტილისტი, რომელსაც თმა და მაკიაჯი უნდა გაეკეთებინა ჩემთვის, სამწუხაროდ, ავად გახდა და ქორწილის წინა დღე მომიწია სხვასთან შეთანხმება. მაკიაჯი თავიდანვე ვიცოდი როგორიც მინდოდა, თმამ კი ნამდვილად გამაწვალა. ჩემ მიერ შერჩეული ვარცხნილობა კაბას არ მოუხდებოდა, სტილისტის მიერ შერჩეული – ჩავთვალე, რომ ამ არ მომიხდებოდა. ქორწილის წინა ღამეს ავარჩიე ვარცნილობა, რომელიც საბოლოოდ მაინც გადააკეთა სტილისტმა, მაგრამ კარგი გამოვიდა.
ფოტოგრაფი და ფოტოსესია
აღმოჩნდა, რომ ჩემს ფავორიტ და ნაცნობ ფოტოგრაფებს არ ეცალათ და მომიწია სრულიად უცხოსთვის მენდო ჩემი ქორწილი. ბევრი ვიწვალე ჩემთვის უცნობი ფოტოგრაფის ასარჩევად, მაგრამ ვიპოვე. შემდეგ უკვე თითოეულ დეტალს მასთან ვათანხმებდით: სად იქნებოდა ლოკაციები, რა ფერები იქნებოდა დომინანტი და ა.შ.
საქორწილო ფოტოსესია „რუმს ყაზბეგში“ გვქონდა.
მიუხედავად იმისა, რომ ყაზბეგი ულამაზესი ადგილია და ფოტოებიც ძალიან ლამაზი გამოვიდა, მაინც არ გირჩევდით საკუთარი ქორწილისი დღეს ამხელა მანძილზე წასვლას ფოტოსესიისთვის. მომავალ პატარძლებს ვურჩევდი, რომ არცერთმა დაბრკოლებამ არ ჩააგდოს ისტერიკაში, ღელვა ამ დღის წინა პერიოდში დიდია, მაგრამ გამოუვალი მდგომარეობა ნამდვილად არ არსებობს.
საოცნებო ქორწილი, თუ?!
ჩემი ქორწილი ცოტატი სხვანაირი წარმომედგინა, რაღაცებზე გულიც დამწყდა, თუნდაც იმაზე, რომ არ მქონდა ისეთი ხელის მოწერის ცერემონია როგორიც მინოდა. საქორწილო ცეკვაზეც ვერ დავითანხმე შოთა, მაგრამ საბოლოოდ მაინც ძალიან ბედნიერი ვარ, რომ თუნდაც ასეთი ქორწილი მქონდა და ასეთი ძვირფასი ადამიანი მყავს გვერდით. საქორწილო მოგზაურობაში, სამწუხაროდ, ვეღარ მოვახერხეთ წასვლა, რადგან ყველაფრის ჩვენით მოგვარება მოგვიწია. ეგ არაფერი მეც და შოთასაც ძალიან გვიყვარს მოგზაურობა და წინ მთელი ცხოვრება გვავქვს მსოფლიოს სანახავად.