
რეალობად ქცეული ოცნების ქორწილი
ანუკამ და ნიკოლოზმა ერთმანეთი 5 წლის წინ, სოციალურ ქსელში შემთხვევით გაიცნეს. მალე დაახლოვდნენ და ცოტახანში სიყვარულიც ეწვიათ. ერთი თვის წინ მათი სიყვარული ულამაზესი ქორწილით დაგვირგვინდა, რომლის დეტალებზეც ანუკამ გვიამბო.
ქორწილამდე
მე და ნიკამ ერთმანეთი 2011 წლის 26 დეკემბერს, facebook-ზე გავიცანით. გაცნობისთანავე ორივე მხრიდან წამოვიდა სიმპატიები, რამაც განაპირობა მალე დაახლოება . ცოტახანში კი ორივეს სიყვარული გვეწვია. არცერთი არ ვიყავით დიდად რომანტიკოსები, მაგრამ მაინც ვახერხებდით, რომ ერთმანეთისთვის სიურპრიზები მოგვეწყო და გაგველამაზებინა ჩვენი შეყვარებულობის პერიოდი. როგორც ყველა წყვილს, ჩვენც გვქონდა რთული პერიოდები და გარკვეული დრო დაშორებულები ვიყავით, თუმცა საბოლოოდ ჩვენმა დიდმა სიყვარულმა ყველა სირთულე გადალახა და ურთიერთობა ქორწილით დავაგვირგვინეთ.
ხელის თხოვნა
ხელის თხოვნა ჩემთვის ძალიან მოულოდნელი და ლამაზი სიურპრიზი იყო. ამ წლის ზაფხულში მეგობრებთან ერთად ბათუმში ვისვენებდი, როდესაც გოგონებმა მთხოვეს შეკვეთილში წავყოლოდი წვეულებაზე. აღმოჩნდა რომ ეს უცხო ადამიანებისგან შემდგარი წვეულება კი არა, სწორედ ჩემთვის მოწყობილი დღესასწაული იყო. შეკვეთილის პლიაჟი ულამაზესი დეკორაციებით იყო მორთული. მანათობელი ჩირაღდნები, მუსიკა და ა.შ. იქ იყო ჩემი და ნიკას ყველა ახლობელი და საყვარელი ადამიანი, რომელთა გარემოცვაშიც მთხოვა, რომ ცოლად გავყოლოდი. ხელის თხოვნის შემდეგ, 28 აგვისტოს ტრადიციული ნიშნობა გავმართეთ და ქორწილის თარიღიც დავთქვით – 1-ლი ოქტომბერი.
ქორწილისთვის მზადება
ქორწილისთვის მზადება საკმაოდ რთული პროცესი აღმოჩნდა. მე და ნიკა უშუალოდ ვიყავით ყველა დეტალის მოფიქრებასა და მომზადებაში ჩართულები. რა თქმა უნდა, გვეხმარებოდნენ ოჯხის წევრებიც, გვყავდა დიზაინერი ზვიად შელია და ივენთ მენეჯერი გიორგი დევაძე, რომლებმაც ასევე დიდი წვლილი შეიტანეს ამ დღის დაგეგმვასა და გალამაზებაში, მაგრამ მთავარი მაინც მე და ნიკა ვიყავით, გვინდოდა, რომ ყველაფერი საუკეთესო ყოფილიყო, ისეთ, როგორზეც მუდამ ვოცნებობდით და გამოგვივიდა კიდეც.
კაბა
მინდოდა ჩემი კაბა განსაკუთრებული და ჩემთვის შექმნილი ყოფილიყო, შევარჩიე Ralphandrusso-ს ცნობილი მოდელი და მასზე ზრუნვა მარიონელას მივანდე, რომელმაც აბსოლუტური სიზუსტით შექმნა ჩემი ოცნების საქორწინო კაბა.
თმა და მაკიაჟი
ჩემს გარეგნობაზე სალონმა “Art House”-მ იზრუნა, რომელსაც ძალიან დიდ მადლობას ვუხდი, თავისი საქმე ნამდვილად პროფესიონალურ დონეზე შეასრულეს!
ტორტი
ტორტი დიზაინი წინასწარ მქონდა მოფიქრებული. დედამ მირჩია ტორტი „ტკბილისი“-ში შეგვეკვეთა, დავუჯერე და შედეგით ძალიან კმაყოფილი დავრჩი. ულამაზესი და უგემრიელესი იყო.
ფოტოგრაფი და ფოტოსესია
ფოტოგრაფი ალექს აფციაური გვყავდა, ფოტოსესია ლისი ვერანდაზე გავმართეთ, სადაც არაჩვეულებრივი ფოტოები გამოგვივიდა.
ლოკაცია
ქორწილისთვის ლოკაციები მარტივად შევარჩიეთ. ჯვარი სიონში, ჩემმა მოძღვარმა, მამა შალვამ დაგვწერა. ქორწილის გადახდა რესტორან „ფუნიკულიორში“ გადავწყვიტეთ და ხელმოწერის ცერემონიაც იქვე გავმართეთ.
ქორწილი
ქორწილში გვქონდა dress code – შავ&თეთრი სამოსი. ინტერიერის დიზაინიც ამ ფერებში გადავწყვიტეთ. თავიდან, პირველი ერთი საათი იყო სტუმრების მიღებისთვის განკუთვნილი. დეკორაციად გყვავდა სარკეებიანი კაცი, რომელიც ნამდვილი არ ეგონათ ქორწილის სტუმრებს. ძალიან მარავლფეროვანი და სიურპრიზებით სავსე ქორწილი იყო. 3 ბენდი გვყავდა: “მეტეხი”, ხუციშვილის “Latino boys” და “Inconect”-ის სოლისტი მარიამ აკობია. წამყვანმა ძალიან ბევრი სიურპრიზი გაგვიკეთა და გაახალისა ეს დღე. ჩვენმა მეგობრებმა ფლეშ მობი მოაწყვეს. მე და ჩემს მეუღლესაც გვქონდა რამოდენიმე ცეკვა დადგმული. საბოლოო ჯამში თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საუკეთესო ქორწილი გვქონდა, ისეთი,როგორიც ჩაფიქრებული იყო და როგორზეც ყოვლეთვის ვოცნებობდით
საქორწინო მოგზაურობა
დაგეგმილი გვქონდა, რომ თაფლობის თვე მალდივებზე უნდა გაგვეტარებინა, თუმცა ტროპიკული წვიმების გამო ვერ მოვახერხეთ წასვლა. გამომდინარე იქიდან, რომ ზღვისპირეთი გვინდოდა, გვირჩიეს, რომ ალანიაში წავსულიყავით, დავუჯერეთ და ნმადვილად გაამართლა რჩევამ. არაჩვეულებრივი დრო გავატარეთ.
რჩევა მომავალ პატარძლებს
მომავალ პატარძლებს პირველ რიგში ვურჩევ, რომ ქორწილის დღეს არ ინერვიულონ, დამშვიდდნენ და მაქსიმალური სიამოვნება მიიღონ ამ დღისგან. ქორწილი კარგად ჩაივლის, მთავარია ყველაფერი დაგეგმილი და გათვლილი ჰქონდეთ.