
12 – სიყვარულის ბედნიერი რიცხვი
ქორწილამდე
მე და ნიკამ ერთმანეთი 4 წლის წინ, საერთო მეგობრების საშუალებით გავიცანით. ერთ უბანში ვცხოვრობდით და ერთ უნივერსიტეტში ვსწავლობდით, თუმცა ერთმანეთი პირველად 2013 წელს უნივერსიტეტში ვნახეთ. მას შემდეგ საერთო მეგობრების წრეში ძალიან ხშირად ვხვდებოდით ხოლმე ერთმანეთს, თუმცა ახლო ურთიერთობა არასოდეს გვქონია. მე მოფარიკავე ვარ და ერთ დღეს ვარჯიშიდან გამოსულს მოულოდნელად ნიკა დამხვდა დარბაზთან. იმ დღეს ვაკიდან დიღმამდე ფეხით ვიარეთ და ფაქტობრივად ხელახლა გავიცანით ერთმანეთი. სწორედ აქედან დაიწყო ჩვენი თავგადასავლებით სავსე სიყვარულის ისტორია. დაუვიწყარი 3 წელი გავატარეთ ერთად. შეიძლება ითქვას, რომ დღე არ გასულა, რომ ერთად არ ვყოფილიყავით. გარკვეული დრო დაშორებულები ვიყავით, მაგრამ მაინც მუდამ ერთმანეთზე ვფიქრობდით და საბედნიეროდ ჩვენი სიყვარულის ისტორია ბედნიერად დაგვირგვინდა.
ხელის თხოვნა
ოფიციალური ხელის თხოვნა არ ყოფილა. არც მე და არც ნიკას ესეთი რომანტიკული რაღაცეები არ გვხიბლავს. თავიდანვე გადაწყვეტილი გვქონდა, რომ ამ ნაბიჯს მეგობრებთან ერთად გადავდგამდით და მათთან ერთად აღვნიშნავდით. თუმცა ჩვენი დაოჯახება ჩემთვის მაინც მოულოდნელი იყო. დეკემბრის დასაწყისში მოულოდნელად ნიკამ მითხრა, რომ 12-ში უნდა გავპარულიყავით. 12 რიცხვი ჩვენი ბედნიერი რიცხვია, ჩვენი სიყვარულის ისტორიაც 12 რიცხვში დაიწყო, შესაბამისად დაოჯახებაც ამ რიცხვში გადავწყვიტეთ. 2016 წლის 12 დეკემბერს მეგობრებთან ერთად მანგლისში წავედით და ერთად აღვნიშნეთ ჩვენი ბედნიერება.
ქორწილის სამზადისი
ქორწილის სამზადისი ახალი წლების ჩავლისთანავე დავიწყეთ. პირველ რიგში მოვიძიეთ რესტორანი და ფოტო-ვიდეო. სამზადისში ჩემი მეგობრები და ოჯახის წევრები მეხმარებოდნენ. საკმაოდ რთული პროცესი აღმოჩნდა ქორწილის სამზადისი, ბოლო დღემდე არ დაგვისვენია და წინა დღესაც კი, ღამის 4 საათზე რესტორანში ვიყავით იქაურობის მოსამზადებლად. თუმცა მინდა ვთქვა, რომ ამავედროს სასიამოვნო პროცესი იყო, რადგან ჩემი ცხოვრების ერთ-ერთ უბედნიერესი დღისთვის ვემზადებოდი.
კაბა
კაბა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია ქორწილის, ამიტომ მინდოდა, რომ ისეთი ყოფილიყო, რომელიც ყოველთვის მომეწონებოდა. კაბა ჩემი დიზაინით შევქმენი, სხვადასხვა კაბიდან აღებული დეტალებით. მე და ჩემი დიზაინერი ლელა ოღნაძე ერთი თვის განმავლობაში ვმუშაობდი ამაზე და საბოლოო შედეგმა აღფრთოვანებული დამტოვა. სწორედ ის კაბა იყო, რაც მინდოდა და რაც წარმომედგინა, რომ მეცმეოდა ამ დღეს.
თმა და მაკიაჟი
ჩემს გარეგნობაზე იზრუნეს სალონებმა მელანჟიმ დაMake Up Atelier Georgia-მ. გადაწყვეტილი მქონდა, რომ ორივე სადა უნდა ყოფილიყო. თმა მელანჟში, ხოლო მაკიაჟი Make Up Atelier Georgia-ში გავიკეთე. შედეგით ძალიან კმაყოფილი დავრჩი.
ტორტი
ტორტი საკონდიტრო azzato-მ გაგვიკეთა, რომელიც ულამაზესი და ამავდროულად უგემრიელესი იყო, დიდი მადლობა ამისათვის აზატოს.
ლოკაცია
ჯვრისწერა გადავწყვიტეთ ზემო ბეთლემის ეკლესიაში, სადაც ნიკა სტიქაროსნად მსახურობდა. ხელის მოწერის ცერემონია weddingstory-ში გავმართეთ, სადაც ყველაფერი მართლაც სრულყოფილი იყო, ყველაფერმა მოლოდინს გადააჭარბა და უღრმესი მადლობა ამისათვის მთელ გუნდს. უშუალოდ ქორწილი კი რესტორან ატრიუმში გვქონდა, სადაც ყველაფერი იდეალური იყო. დიდი მადლობა ადმინისტრაციას და მომსახურე პერსონალს.
ფოტოგრაფი და ფოტოსესია
ჩემი მეგობრის რჩევით ფოტოგრაფად სოსო გამგებელი დავიქირავე და მოლოდინი ნამდვილად გამიმართლდა. ფოტოებით მართლაც აღფრთოვანებული დავრჩი. ვიდეოგრაფი კი ნიკო კლიშჩენკო იყო. სოსოც და ნიკოც ნამდვილი პროფესიონალები არიან. მთელი ქორწილის მანძილზე მათი რჩევები ძალიან დამეხმარა და უღრმესი მადლობა მათ. ფოტოსესია ზემო ბეთლემის ეზოში გვქონდა, საიდანაც ულამაზესი ხედები იშლება. შემდეგ weddingstory-ში და ბოლოს ლინვილში.
ქორწილი
ქორწილის დღე იყო დაუვწიყარი!
მე და ნიკა ერთმანეთს პირველად ჩემს ოჯახში შევხვდით. ოჯახში სტუმრობის შემდეგ ჯვარი დავიწერეთ, ხელი მოვაწერეთ და რესტორნისკენ გავემართეთ. ძალიან ბევრი სიმღერისა და ცეკვის ნომერი გვქონდა მომზადებული. ვიცეკვეთ დაისი, გვქონდა ფლეშმობი. მე და ნიკამ დუეტიც შევასრულეთ. ჩვენი ქორწილი ასევე გაამხიარულეს ჯგუფ ჩვენებურებმა, თემურ წიკლაურმა და თამუნა ამონაშვილმა. საერთო ჯამში ქორწილის დღემ არაჩვეულებრივად ჩაიარა, ყველანაირი გართულებების გარეშე. ჩვენც და დამსწრე საზოგადოებაც უზომოდ კმაყოფილები ვიყავით.
საქორწინო მოგზაურობა
თაფლობის თვეში ეგვიპტის კურორტზე, ჰურგადაშვი ვიყავით სადაც დაუვიწყარი 7 დღე გავატარეთ. იმდენად კარგი დრო გავატარეთ და ისე გავერთეთ, რომ წამოსვლა აღარ გვინდოდა. თუ ძალიან კარგი დასვენება, გართობა და ბევრი სანახაობა გინდათ, ნამდვილად უნდა ეწვიოთ ამ ადგილს.
რჩევა მომავალ პატარძლებს
მომავალ პარძლებს პირველ რიგში რა თქმა უნდა, ვურჩევ, რომ არ ინერვიულონ ქორწილის დღეს. საბოლოოდ მაინც ყველაფერი ძალიან კარგად ჩაივლის. ასევე ვურჩევ, რომ ქორწილი ანდონ პროფესიონალ ფოტო-ვიდეოგრაფებს, ვინაიდან საბოლოოდ ქორწილის მოგონება სწორედ ესაა.