11 სიყვარულისთვის იღბლიანი რიცხვია
კიწი კვაჭანტირაძემ და ოთო კრავეიშვილმა ერთმანეთი ქორწილამდე 4 წლით ადრე გაიცნეს და მაშინვე დამეგობრდნენ. ზუსტად ერთი წელი დასჭირდათ იმის მისახვედრად, მათი მეგობრობა სხვა გრძნობაში რომ გადაიზარდა და ერთმანეთს სიყვარულში გამოუტყდნენ. ადრე არასდროს უფიქრიათ საქორწილო ცერემონიალზე, არც კიწის ჰქონდა საოცნებო თეთრი კაბა, თუმცა 4 თვეში ყველაფერი იდეალურად დაგეგმეს და ქორწილიც ისეთი გამოუვიდათ, როგორიც სურდათ.
ქორწილამდე
ერთმანეთი გავიცანით მეგობრის დაბადების დღეზე, 2011 წლის 9 იანვარს. 2 დღის შემდეგ, 11 იანვარს, ოთომ ფეისბუკზე დამამატა. ამის შემდეგ, დიდი ხნის განმავლობაში ვმეგობრობდით და ძალიან სასიამოვნო, თბილი ურთიერთობა გვქონდა. ჩვენი დამეგობრებიდან ზუსტად 11 თვის შემდეგ კი საბოლოოდ ვაღიარეთ, რომ მხოლოდ მეგობრობა აღარ გვაკავშირებდა და ჩვენი ურთიერთობა ბევრად უფრო მეტში გადაიზარდა. შედეგად, 11.11.2011-ის შემდეგ, ჩვენს ცხოვრებში დაიწყო ახალი, უფრო საინტერესო ეტაპი რომელიც დღემდე გრძელდება. რიცხვი 11 კი, როგორც მიხვდით, იღბლიანად დაგვებედა.
ხელის თხოვნა
ოთოს ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი და განმასხვავებელი მახასიათებელი ის არის, რომ ჩვენი ურთიერთობის განმავლობაში, ყოველთვის ცდილობდა ყველაფერი ისე გაეკეთებინა, ლამაზი და განსაკუთრებული გამოსულიყო. არც სიყვარულის ახსნიდან ზუსტად 3 წლის შემდეგ უღალატა მის „სტილის“ და, ჩემთვის აბსოლუტურად მოულოდნელად, ხელი მთხოვა, ჩემი ოცნების ბეჭდით. თან იქ, სადაც პირველად მითხრა „მიყვარხარ“.
საქორწილო სამზადისი
ხელის თხოვნიდან, სასიამოვნო დამთხვევით, 11 დღის შემდეგ, ერთად გადავედით საცხოვრებლად. სიმბოლურად, ნიშნობაც ამავე დღეს გვქონდა. ზუსტად არ ვიცოდით ქორწილი, როგორც ცერემონიალი, გვინდოდა თუ ვიწრო წრეში ლამაზი საღამოს მოწყობა გვერჩივნა. რაღაც პერიოდის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ რაღაც საშუალო გაგვეკეთებინა. ქორწილამდე, დაახლოებით, 4 თვით ადრე დავიწყეთ მზადება.
მე პირადად, არასოდეს მიფიქრია ჩემს ქორწილზე. არ მქონია წარმოდგენილი, როგორი მინდოდა რომ ყოფილიყო. ერთადერთი, რაც ნამდვილად ვიცოდი, იყო ის, რომ მინდოდა გამოსულიყო დასამახსოვრებელი. ვგეგმავდით, როგორც ყოველთვის, ერთად. ვლაპარაკობდით შესაძლო ვარიანტებზე და განვიხილავდით იდეებს. ყველაფერი ჩვენ თვითონ დავგეგმეთ. თუმცა მეგობრებისგან და ოჯახის წევრებისგანაც ყოველთვის ვგრძნობდით თანადგომას. გვინდოდა რომ განსხვავებული ქორწილი გვქონოდა. ჩემთვის ყველაზე დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ხელის მოწერის ცერემონიალს, რომელიც მინდოდა ისეთი ყოფილიყო როგორც ფილმებში.
ლოკაცია ცერემონიალისთვის
ყოველთვის მოგვწონდა კრწანისის რეზიდენციის გარემო და შეყვარებულობის პერიოდში ერთი-ორჯერ გაკვრით ისიც გვიხსენებია, რომ მომავალში, ერთ მშვენიერ დღეს, კარგი იქნებოდა ეს ადგილი ჩვენთივის განსაკუთრებული მოგონება თუ გახდებოდა. იქიდან გამომდინარე, რომ გვინდოდა ქორწილი ღია ცის ქვეშ გვქონოდა, ლოკაცია ჩვენთვის ადვილი ასარჩევი გახდა.
კაბა
როგორც ვთქვი, ქორწილზე მანამდე არ მიფიქრია, მით უმეტეს საქორწინო კაბაზე. ქორწილის დაგეგმვისას ეს აღმოჩნდა ჩემთვის ყველაზე რთული. ოთოს აზრს შოპინგის დროს ძალიან დიდი მნიშვნელობას ვანიჭებ, საქორწილო კაბა კი მინდოდა მისთვის სიურპრიზი ყოფილიყო და მისი მონაწილეობის გარეშე შემერჩია. უფრო და უფრო ვაჭიანურებდი კაბის შერჩევის პროცესს. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე კაბა შემეკერა ია ბრეგვაძესთან, რადგან ვიცოდი, რომ მისი პროფესიონალიზმი და დახვეწილი გემოვნება დამეხმარებოდა ჩემთვის იდეალური კაბის მოფიქრებაში.
მაკიაჟი და ვარცხნილობა
ქორწილის დღესაც არ მქონდა ზუსტად შერჩეული მაკიაჟი და ვარცხნილობა. ლანას და მის გუნდს ბრმად მივენდე. გამიმართლა, რომ მათ ხელში მოვხვდი. ძალიან კმაყოფილი დავრჩი, თუმცა ყველას ვურჩევდი, რომ თმა და მაკიაჟი ქორწილის დღემდე შერჩეული და გამოცდილი ჰქონდეთ.
პირველი ცეკვა
თავიდანვე ვიცოდით, რომ გვინდოდა გვეცეკვა ტანგო. თუმცა, ბოლო კვირებამდე თავი ვერ მოვაბით ცეკვის სწავლას. ქორწილამდე რამდენიმე დღით ადრე, ანუკა გოლოძეს მივმართეთ, რომელიც ძალიან დაგვეხმარა. 4 გაკვეთილში დავდგით ცეკვა, რომლითაც ძალიან კმაყოფილები დავრჩით. სტუმრების თქმით კი, ეს ქორწილში ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი აღმოჩნდა.
მეჯვარეები
ახლო მეგობრებიდან რამდენიმეს გამორჩევა და მეჯვარეობის თხოვნა, ალბათ, ყველას ძალიან უჭირს. არც ჩვენს შემთხვევაში იყო გამონაკლისი, მაგრამ ვეცადეთ, ყველას თავისი როლი ჰქონოდა ჩვენს ქორწილში. დიდი იმედი მაქვს, ასეც გამოგვივიდა.
საქორწილო სიურპრიზი
იმდენად ერთად ვაკეთებდით ყველაფერს და დეტალებში გვქონდა დაგეგმილი, რომ ერთადერთი მოულოდნელობა, რისი გაკეთებაც მოვახერხე, სიმღერა იყო. გარკვეული პერიოდით ვოკალის გაკვეთილებს დავუბრუნდი და ის სიმღერა ვიმღერე, რომელიც ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და საყვარელია. მოულოდნელი მაინც არ გამოვიდა, ალბათ. როგორ გინდა მზადების პროცესში შენს მეორე ნახევარს რამე გამოაპარო,
მაგრამ ძალიან ესიამოვნა და გაუხარდა.
საქორწილო მოგზაურობა
ქორწილის ღამესვე გავემგზავრეთ საბერძნეთში, როდოსზე, ზღაპრულ კუნძულზე, სადაც ჩვენი ცხოვრების ყველაზე დასამახსოვრებელი და სასიამოვნო დრო გავატარეთ.
რჩევა მომავალ პატარძლებს
ერთადერთი, რაზეც ნამდვილად არ ღირს ფულის დაზოგვა, თუ ამის შესაძლებლობა გაქვთ, არის ფოტო-ვიდეო მომსახურება, რაც მთელი ცხოვრების განმავლობაში გაგახსენებთ ამ ერთ, განსხვავებულ დღეს. ამის გარდა, მოსამზადებელ პერიოდთან დაკავშირებით ვურჩევდი, რომ არ მიაქციონ ყურადღება არაფერს, გარდა იმისა, რაც თავად სურთ. ერთად ყველაფერს გააკეთებთ.
O&K ever after <3Posted by Kitty Kvachantiradze on Thursday, August 20, 2015