TOP

ჯადოსნური ძაფებით შეკერილი 18 წლიანი სიყვარულის ისტორია

IMG_9338ქორწილამდე

IMG_7259ჩვენი სიყვარულის ისტორია ბავშვობიდან იწყება. მე და ნიკუშა პირველად ბაღში შევხვდით ერთმანეთს, როდესაც სამი წლისები ვიყავით. სწორედ ამ დროს შევუყვარდი ნიკუშას თავისი პატარა გულით და თავისებური სიყვარულით. ზოგადად, პატარაობიდანვე ძალიან სერიოზული და ჩამოყალიბებული იყო, ამიტომ არ მალავდა და დაუფარავად ყველგან ამხელდა თავის გრძნობებს. ამ თემაზე, რა თქმა უნდა, ყველა ხუმრობდა, განსაკუთრებით კი ჩვენი მშობლები და ვერც ვერავინ იფიქრებდა, თუ ეს სიყვარული მთელი ცხოვრება გაჰყვებოდა.
ბაღის შემდეგ, ჩვენი ისტორია სკოლაში, ერთ კლასში გრძელდება. დაახლოებით მეორე კლასში ვიყავით, როდესაც მშობლებს გამოუცხადა, რომ გავიზრდები, ნინი ცოლად უნდა მოვიყვანოო. ბუნებრივია, ამ სიტყვებს სერიოზულად არავინ აღიქვამდა, თუმცა ნიკუშა ყოველთვის ბრაზობდა ამაზე და ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ჩემი გული მოეპოვებინა. მე 8 წლის ვიყავი, როდესაც პატარა ჭკუით აღმოვაჩინე, რომ თურმე მეც მყვარებია. დღიურიც კი მაქვს შენახული, სადაც მიწერია, თუ როგორ შემიყვარდა ნიკუშა და როგორ დავსდევდი ხოლმე სკოლაში დასვენებაზე. ჩემი ეს ბავშვური სიყვარული ხან ქრებოდა, ხან ჩნდებოდა, ამიტომ ძალიან დავღალე და გავაწვალე. შემდეგ გადავწყვიტე, მეგობრად მიმეჩნია და სულ უარით ვისტუმრებდი ხოლმე. ბოლოს ვეღარ გაძლო ნიკუშამაც ასე ყოფნა და მერვე კლასში სკოლიდან გადავიდა, ურთიერთობა საერთოდ რომ გაეწყვიტა (მეთორმეტე კლასში, კი ჩემ გამო დაბრუნდა^_^).  ხოდა, მეც ნიკუშას გადასვლის შემდეგ, დროთა განმავლობაში დავრწმუნდი, რომ თურმე მყვარებია. ზოგადად, ადამიანები რაღაცას რომ ვკარგავთ, ხომ ზუსტად მაშინ ვხვდებით ხოლმე მის ფასს. ასე მოხდა ჩემს შემთხვევაშიც და რაც დრო გადიოდა, მით უფრო ვრწმუნდებოდი ამაში. ამის შემდეგ ძალიან ბევრი რამ გამოვიარეთ ერთად, წყენაც იყო, გულის ტკენაც, ისეთი მომენტებიც, როდესაც მეგონა, ვერასდროს ვიქნებოდით ერთად. აი, ძლივს, ქანცგაწყვეტილი რომ აბობღდები მაღალ მთაზე, ბოლოს ფეხს რომ დადგამ და სიხარულით, თვალებგაბრწყინებული გადმოიხედები იქიდან გამარჯვებული სახით, რომ შენ ეს შეძელი, რადგან ბედნიერებას დიდი შრომის და ტანჯვის გარეშე ვერ შეიგრძნობ, ასე იყო ჩვენს შემთხვევაშიც.
მთელი ჩვენი ცხოვრება თავგადასავლებით არის სავსე, რომელიც ერთად გადაგვხდა თავს. ისეთი პერიოდიც გვქონდა, როდესაც ორივე ვცდილობდით ერთმანეთის დავიწყებას, რაც ძალიან რთული აღმოჩნდა, რადგან ერთი სამეგობრო წრე გვყავს. მეგობრებზე რომ არაფერი ვთქვათ, თითქოს მთელი სამყარო გვეხმარებოდა სურვილის ასრულებაში და  ჩვენი ერთად ყოფნისკენ იყო მომართული. ეხლა რომ ვუყურებ ჩვენს განვლილ წლებს, მგონია, რომ კეთილი ჯადოქარი თავისი მაგიური ძაფებით კერავდა ჩვენს ცხოვრებას, ერთმანეთთან გვახვედრებდა და მინიშნებებს გვიგზავნიდა, რომ დაგვენახა, როგორ არ შემეძლო მე ნიკუშას გარეშე ცხოვრება და ნიკუშას კი ჩემ გარეშე.
საერთოდ, ოცნებების ახდენის მჯერა, მჯერა, რომ სასწაულები ნამდვილად არსებობს ცხოვრებაში, მჯერა, რომ ფილმებში ასახული სიყვარული რეალობაა, იმიტომ, რომ ეს ყველაფერი დღეს ჩემს თავს ხდება, ეს საოცნებო სამყარო სწორედ ნიკუშამ შემიქმნა. მეც ერთ-ერთი ზღაპრის პერსონაჟი ვარ და იმდენად მიყვარს ჩვენი ისტორია, რომ მგონია, ძალიან კარგი წიგნი დაიწერებოდა ან არაჩვეულებრივ ფილმს გადაიღებდნენ ჩვენი სიყვარულის ისტორიაზე,  იმაზე, თუ როგორ შეძლო პატარა ბიჭუნამ მთელი ცხოვრების ოცნება რეალობად ექცია, პაწაწინა გოგოსთვის თავი შეეყვარებინა, ბევრი სირთულის მიუხედავად უკან არც ერთს დაეხია და ბოლოს მათ სიყვარულს ეზეიმა. მე ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ერთმანეთისთვის ვიყავით გაჩენილები. მგონია, რომ ამ სამყაროში როდესაც იბადები, შენი მეორე ნახევარიც იბადება, მთავარია მისი ამოცნობა შეგეძლოს. ჩვენ ნამდვილად გაგვიმართლა, რომ მალევე ვიპოვეთ ერთმანეთი და გავმთლიანდით.
ამ ჩვენს ურთიერთობას კი იდეალურს ის ხდის, რომ მე და ნიკუშას ძალიან განსაკუთრებული შემთხვევა გვაქვს, ოჯახის წევრები ჩვენი ბაღიდან მოყოლებული ისე ახლოს არიან ერთმანეთთან, გაცნობაც კი არ დაგვჭირდა. ამიტომ, ნიშნობაზე უხერხულობა რომ არის ხოლმე, ჩვენს შემთხვევაში, პირიქით, მხიარულება და ბედნიერება სუფევდა.

ხელის თხოვნა

008DE8AE-C689-43C6-931D-82A7350FB89A12 აპრილი ერთ-ერთი ჯადოსნური და დაუვიწყარი დღე იყო ჩემს ცხოვრებაში. მართალია, დიდი ხანია ჩვენი ზღაპრის ისტორია დაწყებულია, მაგრამ ამ დღის შემდეგ განსაკუთრებულად საოცარი სიურპრიზებით, უსაზღვრო სიხარულით და ულევი ბედნიერებით გახდა მოცული, რომ არ იცი ამდენი ემოცია სად წაიღო, ამდენი ნათელი ვარსკვლავები და ბრჭყვიალები სად აფრქვიო, როგორ გამოხატო ის, რასაც შინაგანად სულის შეკვრამდე გრძნობ, მთელ ტანში რომ გივლის და ფრთებს გასხამს. ეს იყო დღე, როდესაც ნიკუშამ ჩემს დაბადების დღეზე სრულიად მოულოდნელად ხელი მთხოვა. დაბადების დღე მტკვრის პირას მდებარე TIVI BAR-ში გადავიხადეთ მე და ჩემმა ტყუპისცალმა ძმამ. ამ დღეს ყველა ჩვენი საყვარელი ადამიანი, ყველა ჩვენი ახლობელი იყო ჩვენ გვერდით. როდესაც ნიკუშა ტორტით ხელში შემოვიდა, ვერ მივხვდი რა ხდებოდა, მეგონა, უბრალოდ სიურპრიზიIMG_4527 გამიკეთა და ტორტი მომართვა ჩემი საყვარელი საკურას ყვავილებით გაფორმებული. ისიც კი ვერ დავინახე, ტორტი რომ შემომიტრიალა და ,,WILL YOU MARRY ME?” ეწერა. ყველა ბედნიერი ხმით მიყვიროდა და მიმითითებდა, რომ ტორტისთვის შემეხედა. სასწაული ემოცია იყო, საოცარი გრძნობა, სიტყვებით რომ ვერ აღვწერ ისეთი და ეს ჩვენს ვიდეოსაც ეტყობა. ემოციების მოთოკვა არ შემიძლია ხოლმე და იმდენს ვტიროდი, ვერ ვჩერდებოდი. თავი სიზმარში მეგონა, რაღაც არარეალურ, გამოგონილ სამყაროში. ამ დროს გავაანალიზე, რომ ჩვენი ფიქრები, მომავლის გეგმები, ჩვენი მიზნები, ოცნებები ხდებოდა. ჩვენი ხელის თხოვნის ვიდეო თქვენს გვერდზეც იდო და ძალიან მესიამოვნა, რომ ვნახე. თან ისეთი გამოხმაურება მოჰყვა, ხალხი ისეთ თბილ სიტყვებს გვიწერდა და ჩემი ახლობლებისგანაც იმდენ სითბოს ვიღებდით, ამან უფრო გააათასმაგა ჩვენი სიხარული.

ქორწილის სამზადისი

ქორწილისთვის მოსამზადებლად 5 თვე გვქონდა, რადგან ქორწილის თარიღად 7 სექტემბერი ავირჩიეთ. თავდაპირველად რთული აღმოჩნდა კომპანიის მოძებნა, რომელსაც მივანდობდით მთელი ქორწილის ორგანიზებას. დაახლოებით ერთ თვეში უკვე შევჯერდით ART BIURO-ზე და მის ძალიან საყვარელ და ნიჭიერ ორგანიზატორ მეკო კეთილაძეზე. ქორწილის ყველა დეტალის მოფიქრებაზე დედაჩემი, ჩემი და და ნიკუშას დედა მეხმარებოდნენ, რა თქმა უნდა, მეკოსთან ერთად ვგეგმავდით ყველაფერს. ეს 5 თვე სრულ გაწამაწიაში ვიყავი, ძალიან რთული აღმოჩნდა ყველაფრის დაგეგმვა და მოფიქრება, რომ იდეალური ქორწილი გამოსულიყო, ზუსტად ისეთი, როგორიც მე მქონდა ჩაფიქრებული.

კაბა

სიმართლე გითხრათ, ბევრი არ მიფიქრია ვისთან უნდა შემეკერა კაბა, მაგრამ იმაზე ძალიან ბევრი ვიფიქრეთ, თუ როგორი უნდა ყოფილიყო. ჩემი საქორწილო კაბა დიზაინერ სოფო ალავიძესთან შევიკერე, ბანკეტის კაბაც სწორედ მან შემიკერა, ამიტომ ძალიან კარგად ვიცნობდი და რაც მთავარია – ვენდობოდი. ზუსტად ისეთი ნაზი, ჰაეროვანი, ჯადოსნური და ფარფატა საქორწილო კაბა შემიქმნა სოფომ, როგორზეც ყოველთვის ვოცნებობდი. რაღაცნაირად, ნატვრის ახდენას ჰგავდა ჩემთვის ამ კაბის ჩაცმა ასეთ უმნიშვნელოვანეს დღეს. ქორწილის შემდეგ ყველაზე სასიამოვნო კი იყო ხალხის გამოხმაურება, უამრავი უცხო ადამიანი მწერდა კაბასთან დაკავშირებით, ძალიან თბილ სიტყვებს მეუბნებოდნენ და აინტერესებდათ, ვისთან მქონდა შეკერილი. ზოგი იმასაც კი მეკითხებოდა ვაქირავებდი თუ არა, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ჩემთვის უძვირფასესი ნივთია, სამწუხაროდ უარის თქმა მომიწია… საერთოდ არ მეგონა ასე თუ იქნებოდა და ძალიან მახარებდა თითოეული წერილი.

IMG_9084

თმა და მაკიაჟი

ჩემს მაკიაჟზე ზრუნვა ოქროსხელება კარინა კარდავას მივანდე. იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი დისგან ვიცოდი, არაჩვეულებრივი გოგო იყო და მეც 7 სექტემბრამდე რამდენიმე ქორწილისთვის ჩემს თავზეც გამოვცადე. სრულიად დარწმუნებული ვიყავი და ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ, პირველ რიგში, ნაზ და ლამაზ მაკიაჟს გამიკეთებდა და თან ისეთს, რომ მთელი დღე ჩემი ღვარად ჩამოდენილი ცრემლებისთვის გაეძლო. რაც შეეხება ვარცხნილობას, ბევრი ვიფიქრე და ბოლოს სალონ LE SOLEIL-ზე შევჯერდი, სადაც  ნინელი კოპალეიშვილმა ჰაეროვანი და ბუნებრივი ვარცხნილობა გამიკეთა თავისი ულამაზესი თმის სარჭით.

IMG_8737nknk

ლოკაცია

იქიდან გამომდინარე, რომ ყველას ერთი და იმავე ადგილას აქვს ხოლმე ქორწილი, ჩვენ ცოტათი მაინც განსხვავებული ადგილი გვინდოდა, რომ შეგვერჩია, თან დიდი დარბაზით და გარშემო სულ ბუნებით. ამიტომაც ჩვენი არჩევანი თბილისის ზღვის კლუბზე შევაჩერეთ. ძალიან მინდოდა, რომ ბუნებაში, ზღაპრულად, ვიოლინოს ფონზე მომხდარიყო ხელის მოწერა, მაგრამ, სამწუხაროდ, ზუსტად ჩვენი ქორწილის დღეს ისეთი ქარი იყო, რომ ამდენი ხნის კარგად დაგეგმილი ცერემონიალის გადმოტანა შიგნით მოგვიწია. თავდაპირველად რომ გავიგე, გული კი დამწყდა, მაგრამ ამის მიუხედავად ყველაფერმა ფანტასტიკურად და საუკეთესოდ  ჩაიარა. ორგანიზატორმა ძალიან იყოჩაღა.

ფოტოგრაფი და ფოტოსესია

ჩვენი ფოტოგრაფები იყვნენ უნიჭიერესი ნუცა პაპიაშვილი და მიქაელი – W art. მათმა პროფესიონალიზმმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, ჩვენთვის მნიშვნელოვანი კადრები და მომენტები ისეთ საოცარ ფერებში ასახეს, აღფრთოვანებული ვიყავი, ფოტოები რომ ვნახე. ძალიან გამიჭირდა არჩევა, ყველა სურათი იმდენად კარგი იყო. რაც შეეხება ვიდეო ოპერატორს, ალექს სუჯაშვილი გვყავდა, რომელმაც ანალოგიურად არაჩვეულებრივი ვიდეო კლიპი შექმნა თავისი ულამაზესი ფერებით. ამიტომ ერთი პროცენტითაც კი არ მინანია, რომ მათ ვენდე. ჯვარი საგურამოში, წმინდა ილია მართლის ტაძარში დაგვწერა ჩემმა მამაომ. იქაც გადავიღეთ ფოტოები ეზოში და შემდეგ ფოტოსესია შატო მუხრანში მოვაწყვეთ. უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან კომფორტული იყო სამივე მათგანთან მუშაობა, მე და ნიკუშა სრულიად თავისუფლად ვგრძნობდით თავს, რაც ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ფოტოსესიის დროს.

ქორწილი

ჩვენი ქორწილი ნამდვილი დღესასწაული იყო. უზომოდ მიხარია, დღესაც კი ყველა რომ იხსენებს, როგორი შეუდარებელი დრო გავატარეთ და როგორი ლამაზი იყო ყველაფერი, როგორც უკვე ვახსენე, ქორწილის გაფორმებაზე მეკო კეთილაძემ იზრუნა. ძალიან მინდოდა, რომ განსხვავებული გაფორმება გვქონოდა, Vintage-ს სტილის და ასეთიც გამოვიდა. ჩემი იდეები მეკოს გავუზიარე და მან ეს ყველაფერი განახორციელა. რაღაცნაირად ზღაპრული ასოციაცია მინდოდა ყოფილიყო ქორწილში, სიმწვანე და ნაზი ყვავილები, ამიტომ ბევრგან გამოვიყენეთ გალიები, ლამპიონები, სანთლები, ჩიტები. ჩემი იდეა იყო, რომ ხელის მოწერის ხალიჩაზე  ყოფილიყო წარწერა: ,,AND THEY LIVED HAPPILY EVER AFTER”, ასევე გიფერთან, რომელიც გიფებსაც იღებდა და ფოტოებსაც ბეჭდავდა, ყოფილიყო წარწერა, რომ ხალხს გადაეღო ფოტო, ერთ-ერთი ჩვენს დღიურში ჩაეკრათ და ჩაეწერათ სურვილები. მეკომ ძალიან ლამაზი, ვინტაჟური ხის დღიური დაამზადებინა ამისთვის. დღეს ამ დღიურს რომ ვათვალიერებ ხოლმე, ბედნიერებისგან ვივსები და  მიახლდება ყველა ის ემოცია, რაც ამ დღეს დამეუფლა. მინიშნებებიც გვქონდა გაკეთებული სად იყო ცერემონია, სად იმართებოდა ქორწილი და ა.შ. ასევე ჩვენი კუთხეც გავაკეთეთ, სადაც ჩემი და ნიკუშას ფოტოები იყო ჩამოკიდებული ბაღიდან მოყოლებული დღემდე. მთელი დღე კი ძველებური სტილის თეთრი მანქანით ვიარეთ, რომელიც ასევე მეკომ გააფორმა ლამაზად.. ერთი სიტყვით, ისეთი ჯადოსნური მინდოდა გამოსულიყო, როგორზეც ყოველთვის ვოცნებობდი. ჩემი აზრით, ქორწილში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მუსიკოსებს. თავდაპირველად ქართული სიმღერებით დაიწყო ჯგუფმა ,,დრომ“ და თავიანთი თბილი ხმით დაგვატკბეს, შემდეგ ნინია კაკაბაძემ გააგრძელა სიმღერა. რაც შეეხება ბენდს, ჯგუფი ,,SOUNDRIFT“ გვყავდა, მათ ძალიან კარგად შეასრულეს სიმღერები, გვაცეკვეს და გვამხიარულეს. ბოლოს კი დიჯეი რომ ავიდა სცენაზე, ამის შემდეგ ხალხი არც გაჩერებულა, ყველა ერთობოდა და ერთი ამბავი იყო. გვსურდა, რომ ეს დღე ნებისმიერი ასაკის ხალხისთვის ყოფილიყო დასამახსოვრებელი და ყველას ძალიან კარგი დრო გაეტარებინა. საბოლოო ჯამში კი მართლაც ასე გამოვიდა. ქორწილისთვის მე, ნიკუშა და ჩვენი მეგობრები საგანგებოდ ვემზადებოდით. ბოლო ორი თვე ცეკვაზე დავდიოდით უნიჭიერეს ახალგაზრდა გოგოსთან, ანი აბულაძესთან, რომელმაც ცეკვა ქართული დაგვიდგა მე და ნიკუშას, ასევე ლაზური მე და ჩემს მეჯვარეებს, რომელიც სიურპრიზი იყო ნიკუშასთვისაც და ფლეშმობი გოგოებსა და ბიჭებს, სადაც ჩვენი სიყვარულის ისტორიაც ჩავდეთ. მე და ნიკუშამ სიმღერაც შევასრულეთ. მოკლედ ძალიან აქტიური მეფე-პატარძალი ვიყავით. ბოლოს კი ჩემმა გოგოებმა, რომელთან ერთადაც პირველი კლასიდან მოვდივარ და ჩვენი მთელი ისტორიის მომსწრენი არიან, სიურპრიზი გაგვიკეთეს, სიმღერა დაგვიწერეს და გვიმღერეს. ისეთი ტექსტი მოიფიქრეს, რომ  ბედნიერებისგან ცრემლები მომდიოდა. ჩემთვის და ნიკუშასთვის ყველაზე მთავარი ის იყო, რომ ჩვენი ახლობლები ამ დღეს ბედნიერებით ყოფილიყვნენ სავსე, სიყვარული და სიხარული გადმოფრქვეულიყო და დაუვიწყარი დღე გვეჩუქებინა არა მარტო ჩვენი თავისთვის, არამედ ყველა ჩვენი საყვარელი ადამიანისთვისაც, მემგონი ასეც გამოგვივიდა და ძალიან ბედნიერი ვარ!

საქორწილო მოგზაურობა

თავდაპირველად მე და ნიკუშა ჩვენს საქორწილო მოგზაურობაზე რომ ვლაპარაკობდით ხოლმე, სადმე კუნძულზე წარმოგვედგინა თაფლობის თვე, შემდეგ კი მივხვდით, რომ ისეთი ადგილი გვინდოდა აგვერჩია, სადაც გავერთობოდით და მხიარულად გავატარებდით დროს, ამიტომაც ესპანეთზე შევჯერდით და ჩვენი ქორწილის დღესვე გავფრინდით. ჯერ კოსტა ბრავაში დავისვენეთ, სანაპიროსთან მდებარე სასტუმროში, შემდეგ კი ბარსელონაში გადავედით და მთელი დღეები მის დათვალიერებას დავუთმეთ. იქიდან დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით და ემოციებით ჩამოვედით. ოჯახის წევრებმა და ჩვენმა მეგობრებმა სიურპრიზი მოგვიწყვეს, აეროპორტში დაგვხვდნენ და თან JUST MARRIED-ის პლაკატებს აფრიალებდნენ, მათმა დანახვამ, რა თქმა უნდა, ძალიან გაგვახარა.

IMG_7269IMG_7270 IMG_7284 IMG_7290

რჩევა მომავალ პატარძლებს

მომავალ პატარძლებს ვურჩევ, რომ, პირველ რიგში, აუცილებლად მიანდონ ორგანიზატორს თავიანთი ქორწილი, რომ კარგად დაგეგმილი იყოს იგი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თვითონ არ მიიღონ მონაწილეობა, პირიქით, ყველაფერში სწორედ თვითონ უნდა იყვნენ ჩართულები და ყველა დეტალი მათთან შეთანხმებით უნდა განხორციელდეს. ქორწილში ძალიან ბევრი გაუთვალისწინებელი შემთხვევა ხდება ხოლმე, შეიძლება გეგმებიც შეიცვალოს, როგორც, მაგალითად, ჩემს შემთხვევაში მოხდა და ხელის მოწერა შიგნით ჩატარდა. მაგრამ ამან სულაც არ გამიფუჭა ხასიათი, როგორი განწყობითაც და როგორი ბედნიერიც მე ვიყავი 7 სექტემბერს, სწორედ ისე წარიმართა ჩემი ქორწილიც. ამიტომ მთავარი ის არის, რომ მათ არავითარ შემთხვევაში არაფერზე არ უნდა იდარდონ, ბოლომდე უნდა დატკბენ თავიანთი ქორწილის დღით, მაქსიმალური მიიღონ ამ წუთებისგან, რადგან ასეთი დაუვიწყარი დღე ერთხელ დგება მათ ცხოვრებაში და უკან აღარ დაბრუნდება. მომავალმა პატარძლებმა უნდა გაითავისონ, რომ თვითონ არიან ამ დღის მთავარი გმირები, რომ მთელი სამყარო ამ დღეს სწორედ მათ გარშემო ტრიალებს, ამიტომ სულ უნდა იბრწყინონ, იღიმონ, ინათონ, სიხარული და ბედნიერება ასხივონ და ყველაფერი აუცილებლად იმაზე უკეთესად ჩაივლის, ვიდრე მათ თავიანთ ოცნებებში წარმოედგინათ.

IMG_8732

IMG_8753 IMG_8742 IMG_8773 IMG_8748 IMG_7089 IMG_8845 IMG_8864 IMG_7178 IMG_7121 IMG_7271 IMG_8984 IMG_9021 IMG_9015 IMG_9031 IMG_7429 IMG_9265 IMG_9204 IMG_7272 IMG_8522 IMG_9063 IMG_9073 IMG_9097 IMG_9065 IMG_9197 IMG_9084 IMG_9105 IMG_9064 IMG_9103 IMG_9345 IMG_9446 IMG_9324 IMG_9441 IMG_9330 IMG_9467 IMG_9412 IMG_8009 IMG_9512 IMG_8693 IMG_8727 (2) IMG_9644bbh IMG_9542 IMG_9584 IMG_9625nnb IMG_9629yu IMG_9667 (1)

კომენტარები