
ხელის თხოვნა coldplay-ს კონცერტზე
ქორწილამდე
მონაწილეობას ვიღებდი სატელევიზიო პროექტ „შენ შეგიძლია ცეკვა“-ში და შესარჩევი ტურის რეპეტიციის დღეს შევამჩნიე, თუ რა გაოგნებული, მოურიდებლად მომშტერებოდა, მეც მაშინვე მომეწონა. მეორე დღეს უშუალოდ ქასტინგის ჩაწერის დღეს, სანამ კულისებში პუანტებს ვირგებდი და ცეკვისთვის ვემზადებოდი, მოვიდა უზარმაზარი ტკბილეულის პარკით: „ენერგია რომ გქონდეს და არ ინერვიულოო“ ძალიან საყვარელი და უშუალო ჟესტი იყო. ცეკვის დროს მაყურებელთა დარბაზიდან მიყურებდა და მეც მეპარებოდა მისკენ თვალი, თუმცა ამას დღემდე არ ვაღიარებდი.
შემდეგ მოყვა პირველი პაემანი, სადაც იმდენი მივირთვი, გაოცებული რატომ არ გაიქცა მიკვირს. პროექტის პერიოდში ძალიან რთული გრაფიკი მქონდა, ფაქტობრივად 24 საათიან რეჟიმში მიწევდა ვარჯიში,გადაღებები და ჩემი ასეთი საქციელი მაგით გავამართლე.
ბევრი, რომ არ გავაგრძელო პირველი პაემნიდანვე ისეთი შეგრძნება დამეუფლა, რომ გიორგი სწორედ ის ადამიანი იყო, ვის გვერდითაც სულ უნდა ვყოფილიყავი. წარმოუდგენელი შეგრძნება იყო. რაც მთავარია დღემდე მაოცებს გიორგი, საუკეთესო ადამიანია.
ხელის თხოვნა
ხელის თხოვნა იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე საოცარი, დაუვიწყარი დღე. მსგავსი გრძნობა არასდროს განმიცდია, რაც მთავარია ყველაფერი ძალიან მოულოდნელად მოხდა. ჩემი საყვარელი ჯგუფის Coldplay-ს კონცერტის ბილეთები შეიძინა და მახარა, კონცერტზე მივდივართ მილანშიო. უზომოდ გამიხარდა, მაგრამ მშობლები რამდენად გამიშვებდნენ ეჭვი მეპარებოდა, თუმცა გიორგიმ ეგეც მოაგვარა, მივიდა ჩემებთან და როგორც ახლა უკვე ვიცი ჩემი ხელი სთხოვა, თუმცა მაშინ უბრალოდ მითხრა, რომ მათ ესაუბრა და ისინიც მიშვებდნენ. არც დამიშვია, რომ რაღაც გრანდიოზული მზადდებოდა ჩემთვის. უკვე უშუალოდ კონცერტის მსვლელობის დროს, ჯგუფის ერთერთ ულამაზეს მელოდიაზე მოულოდნელად მუხლზე დაიჩოქა და ცოლობა მთხოვა, სიხარულის და სიყვარულსგან ავქვითინდი, თავს ვეღარ ვიკავებდი, გავსკდი ტირილით. გარდა იმისა, რომ უზომოდ გამაბედნიერა ჩემი საყვარელი ადამიანის ასეთმა ჟესტმა, ასევე ამიხდა ოცნება დამამახსოვრებელ ემოციურ ხელის თხოვნაზე. ალბათ ძალიან ბევრი გოგონა ნატრობს ულამაზეს ქორწილს, განსაკუთრებულ ხელის თხოვნას და სხვა. მეც მათ შორის ვარ და ჩემმა ხელის თხოვნამ ბედნიერი ემოციების მთელი ზღვა მომიტანა.
მზადება ქორწილისთვის
ქორწილზე ფაქტობრივად მთლიანად მე და გიორგიმ ვიზრუნეთ, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ ერთ-ერთი ყველაზე რთული და დაძაბული ეტაპი იყო ჩვენს ურთიერთობაში. ძალიან ნერვიული პატარძალი ვიყავი. მოსამზადებლად ერთი თვე გვქონდა და ეს დრო საკმარისია ქორწილისთვის ყველაფრის მოსაგვარებლად. მიუხედავად იმისა, რომ საბოლოოდ ყველაფერი მარტივად გაკეთდა, საშინლად რთული და დამღლელი პერიოდი იყო.
კაბა
არ დაგიმალავთ, მაგრამ ბავშვობიდან ვგეგმავდი ჩემს ქორწილს და შესაბამისად ათასნაირი კაბა მომდიოდა თავში, საერთო მათ კი ის ქონდათ, რომ ყველა პომპეზური იყო. როცა უკვე რეალურად დავფიქრდი, თუ როგორი კაბა მინდოდა, თავში ერთი კონკრეტული მოდელი მიტრიალებდა, მაგრამ შეკერვას რომ ვერავის ვანდობდი ეგ ზუსტად ვიცოდი. ზოგადად კაბის და ტანსაცმლის შეკერვა არ მიყვარს, რამდენიმე ცუდი გამოცდილების შემდეგ მივხვდი, რომ ყოველთვის უმჯობესია მზად შევიძინო. რა თქმა უნდა, ასეთი მნიშვნელოვანი დღის წინაც ვერ გავრისკავდი. მაღაზიებში გავედი ჩემს დასთან ერთად და სიმართლე გითხრათ არ მქონდა იმედი, რომ რამე მომეწონებოდა. მინდა ხაზი გავუსვა ასევე იმ ფაქტს, რომ რამდენიმე საქორწილო მაღაზიაში სურვილიც არ გამჩენია რამის ნახვის, ძალიან ცუდი სერვისის გამო. საბოლოოდ მარიონელაზე შევაჩერე არჩევანი. შევედი თუ არა ნამდვილი საქორწინო აურა დამხვდა, შესანიშნავი, ყურადღებიანი სტაფი ყავდათ. ასევე, ჩემდა გასაოცრად სწორედ იმ სტილის მოდელი ქონდათ, რაც გონებაში მქონდა წარმოდგენილი. დღემდე ფოტოებს, რომ ვათვალიერებ ძალიან მომწონს ჩემი კაბა, არაფერს შევცვლიდი.
თმა და მაკიაჟი
მაკიაჟიც და თმაც სახლშივე გამიკეთეს მოწვეულმა ვიზაჟისტმა, სოფო მაჭავარიანმა და მისმა მეგობარმა სტილისტმა. ძალიან ვნერვიულობდი ამ საკითზე, რადგან საკუთარი ქორწილის დღეს ყველას უნდა განუმეორებელი იყოს და ზედმეტი მონდომებისგან, ხანდახან უკუ შედეგს იღებენ. არ მინდოდა არც ზედმეტი პომპეზურობა და არც ძალიან სადა ვარიანტი. საბოლოოდ ძალიან კმაყოფილი დავრჩი ჩემი გარგენობით, სწორედ ისეთი მაკიაჟი მქონდა, რაც წარმომედგინა და რაც მთავარია გიორგისაც უზომოდ მოვეწონე
ლოკაცია
ჯვარი სამების მთავარ ტაძარში დავიწერეთ, მხოლოდ ჩვენ და რამდენიმე ჩვენი მეგობარი ვიყავით. საუცხოო შეგრძება იყო ამხელა ტაძარში საქორწინო ფიცის გაცვლა. ხელის მოწერა კულტურის ცენტრ „მუზა“-ში შედგა, რომლის დიზაინიც გიორგიმ გააკეთა, მე არ მქონდა ნანახი. ძალიან ლამაზი იყო. თაღამდე მამამ მიმაცილა, სადაც გიორგი მელოდებოდა, რაც თითქოს უბრალო ფორმალობაა, მაგრამ ჩემთვის ამ მომენტს დიდი მნიშვნელობა ქონდა. თავად ქორწილი რესტორან „ოტიუმ“-ის ეზოში გადავიხადეთ. ესეც ჩემი ოცნების ნაწილი იყო, ეზოში ქორწილი, რომლისთვისაც ოტიუმი საუკეთესო ვარიანტი იყო. რაც ჩემთვის და ჩემი მეუღლესთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის სტაფის დამოკიდებულება და ოტიუმში მოლოდინი 100%ით გაგვიმართლდა. ასევე უზომოდ კარგი სერვისი შემოგვთავაზეს კომპანია „ტორტი-მორტი“-ში სადაც ჩვენი საყვარელი ტორტი შევუკვეთე. რაიმე განსაკუთრებული და გამორჩეული მინდოდა, ჩვენთან კი იმდენად შთამბეჭდავი ტორტები მინახავს, რომ მათზე გრანდიოზული რა შეიძლებოდა შემეკვეთა არც წარმომედგინდა და გადავწყვიტე მე და გიორგის პროფესიები გამოგვეხატა ტორტზე და ჩვენი ბავშვური გატაცება მინიონები დამესვა თავზე ნეფე-პატარძლად. შიგთავსი კი ცსარტყელას ფერებში იყო გაკეთებული. ძალიან კმაყოფილი დავრჩი, რადგან რაც ვთხოვე ტორტი-მორტს, თითქოს ზედმიწევნით დაინახეს ჩემი ხედვა.
ფოტოგრაფი და ფოტოსესია
ფოტოგრაფის ძებნა, რომ დავიწყე, ძალიან ბევრი, ვინც მეგობრებმა მირჩიეს, უკვე დაკავებულები იყვნენ. ცოტა შემეშინდა, მაგრამ საბოლოოდ ძალიან კარგი ფოტოგრაფი შევარჩიე ნიკოლოზ ევსეევი, ულამაზესი ფოტოები გამოვიდა. ერთადერთი, რაც ცოტა მეუცნაურა, ძალიან ბევრს წუწუნებდა იმ ფაქტზე, რომ ფოტოსესიისთვის ცალკე 3-4 სთ არ გვქონდა გამოყოფილი და არც ცალკე ლოკაციები გამოვყავით მაგისთვის. რეალურად ფოტოები მხოლოდ იქ გვინდოდა, სადაც უშუალოდ ქორწინების პროცესი მიმდინარებდა და დამატებით დაყენებული სახეებით პოზირების სურვილი არ გვქონია, თან აგვისტოს ბოლო იყო და ძალიან ცხელოდა. ულამაზესი ვიდეო-კლიპი გაგვიკეთა მირიან იაშაგაშვილმა.
ქორწილი
რაც არ მინდოდა, ეს იყო თამადა, იძულებით დალევა და ტაშფანდური. მაგ ყველაფერს ავცდით, რადგან არც თამადა, არც წამყვანი არ გვყოლია. გავაკეთეთ ფურშეტი. ცალკე იყო სხვადასხვა სასმელების სტენდი, ასევე ყინულებში ჩაყრილი ლუდები. ფონურ მუსიკად კი მსუბუქი ჯაზი გვქონდა. არ შემიძლია ხაზი არ გავუსვა მოწვეულ ბენდს „Reactive Band”, ძალიან გემოვნებიანი და კარგი მუსიკა შემოგვთავაზეს დ გაგვილამაზეს საღამო. დიზაინი დახვეწილი, თეთრ ფერებში,ბევრი განათებით მინდოდა და ამაზეც ჩემმა მეუღლემ იზრუნა მეგობრების დახმარებით
საქორწილო მოგზაურობა
თაფლობის თვის განხილვა რომ დავიწყეთ, ამ პერიოდს ორივე პატარა კუნძულზე, ხის ბუნგალოში, ოკეანის სანაპიროზე ვხედავდით. ესეთი ადგილები კი მალდივებზეა და სხვა ვარიანტების განხილვაზე აღარც გვიფიქრია. მალდივების ერთ-ერთ ულამაზეს კუნძულზე გავემგზავრეთ, სადაც მთლიან კუნძულს, 15 წუთში მოივლიდით ფეხით. სულ რამდენიმე წყლის და ნაპირის ულამაზესი ბუნგალო იდგა. ჩვენ ორად გავყავით ჩვენი იქ ყოფნა და 5 დღე წყალზე გავატარეთ ბუნგალოში, დარჩენილი 3 კი ოკეანის პირას ბუნგალოში. როგორც ახალ დაქორწინებულებს ნომერი სპეცილურად გაფორმებული დაგვხვდა, ასევე სპეციალური ვახშამი მოგვიწყვეს ოკეანის ნაპირას ქვიშაში. სიტყვით ვერც აღვწერ იმ სილამაზეს, ნამდვილი სამოთხე იყო. ჩვენს გარდა სულ რამდენიმე წყვილი იყო და სტაფი. შეუცვლელი ადგილია შეყვარებული წყვილისთვის. დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით წამოვედით კუნძულიდან.
რჩევა მომავალ პატარძლებს
მომავალ პატარძლებს ვურჩევ, ქორწილის სამზადისი აუცილებლად სხვას გადააბარონ და ნურც საქმროს დაღლიან მაგ კუთხით. ძალიან დამქანცველი და სანერვიულო პერიოდია ისედაც და ნუ გაირთულებთ ცხოვრებას. ქორწილის დღით კი დატკბით, რადგან ეს თქვენი დღეა, ჩემი მეუღლე კი იბრალებდა ჩემი დღეც არისო, მაგრამ საბოლოოდ ქორწილი ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც პატარძლისთვისაა.