
ხელის თხოვნა შორეული ნაოსნობიდან
მე და ლაშამ ერთმანეთი სოციალურ ქსელში გავიცანით, თუმცა ეს მე მეგონა, რომ ჩვენი ისტორია სოციალურ ქსელში დაიწყო, რეალურად ეს ბევრად ადრე, ბათუმის ღვთისმშობლის ტაძარში დაწყებულა. ამ ტაძარში ხშირად დავდიოდი, სწორედ აქ დავუნახივარ ლაშას და ძალიან მოვწონებივარ. გადაწყვიტა სოციალური ქსელის საშუალებით დამკონტაქტებოდა პირველად, მაგრამ თავიდან ამ მცდელობამ უშედეგოდ ჩაიარა. თუმცა ჩემი რამდენიმე დღიანი მდუმარებისა, ბევრი მცდელობისა და მისი ცბიერი ხერხების მეშვეობით, ჩვენი ორმხრივი კონტაქტიც შედგა და ჩვენი გზებიც გადაიკვეთა, რომელიც შემდეგ უფრო ნათლად გამოიკვეთა და საბოლოოდ 5 წლიანი ურთიერთობა დაწინდვითა და ქორწილით დაგვირგვინდა.
ხელის თხოვნა
როდესაც ამ კითხვაზე მიწევს პასუხის გაცემა, ყოველთვის ვიწყებ იმით, რომ ლაშა მეზღვაურია და ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ურთიერთობა სხვებისგან ძალიან განსხვავდება. აქ მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ როდესაც ლაშა ხმელეთზე იმყოფება, ჩვენთვის დრო ძალიან ძვირფასი და მნიშნელოვანია. ერთ-ერთი ნაოსნობაში წასვლის წინ შევთანხმდით, რომ ჩამოსვლისთანავე ვიქორწინებდით, მაგრამ ამ ნაოსნობიდან ლაშამ ერთ დღეს დამირეკა და ოფიციალურად მთხოვა ხელი, რასაც ჩემი უდაო თანხმობა მოჰყვა.
მზადება ქორწილისთვის
ლაშას წასვლის შემდეგ დავიწყე ქორწილის სამზადისი. ეს იყო ჩემთვის ყველაზე მძიმე, დამღლელი, შემაშფოთებელი, ამაღელვებელი, სასიამოვნო, განუმეორებელი და დაუვიწყარი დღეები. სიხარულს სევდა ერთვოდა, სევდას იმედი, იმედს დაღლა და დაღლას სტიმული. ვიცოდი, რომ ძალიან მალე გათენდებოდა ერთი ლამაზი დილა, დამიბრუნდებოდა ლაშა და ყველა პრობლემა უმალვე მოგვარდებოდა. ყველა შესაძლო ვარიანტზე ერთად ვბჭობდით, სხვადასხვა კომუნიკაციის საშუალებებით, ნფორმაციას ვაწვდიდი ნებისმიერ საკითხზე. ლაშა ქორწილამდე ერთი თვით ადრე ჩამოვიდა და აქედან ერად შევუდექით ქორწილის ფუსფუსს, თუ შეიძლება, რომ ამას ფუსფუსი ეწოდოს. რა თქმა უნდა ოჯახის წევრებიც გვერდზე გვედგნენ, მაგრამ ძირითადი როლი მაინც მე და ლაშას გვქონდა დაკისრებული და ვფიქრობ, რომ სათანადოდ გავართვით თავი.
კაბა
კაბა ჩემთვის ყველაზე დიდი საფიქრალი იყო. პირველი მინდა ვთქვა ის, რომ ბავშვობის ოცნება ამიხდა. ბავშვობიდან მინდოდა, რომ გრანდიოზული კაბა მცმოდა და ეს ასეც იყო. სიდიდესთან ერთად აუცილებელი იყო, რომ ყველა ნიუანსი ყურადღებით ყოფილიყო დამუშავებული, ამიტომ ეს საქმე დიზაინერ ხათუნა იმნაძეს მივანდე და ფაქტობრივად ჩემი გულიც დავუტოვე. ფეხსაცმლის დიზაინზე MACH & MACH-მა იზრუნა. ხალათსა და კომბინიზონზე კი ნათია და თათია დარჩიებმა. იდეა და გემოვნება, რა თქმა უნდა, ჩემი იყო, ხოლო პროფესიონალიზმი, რომელმაც ეს იდეა რეალობად აქცია, ზემოთ ხსენებული უნიჭიერესი დიზაინერების დამსახურებაა.
ტორტი
საპატარძლო კაბით ნასიამოვნებსა და აღფრთოვანებულს, დღის საკითხად ტორტი მექცა. საბოლოოდ ტორტიც ჩემი გემოვნებით შეირჩა და მისი გრანდიოზულობა საკონდიტრო “ტორტის სახლის”, კერძოდ კი გურანდა ხინიკაძის დამსახურებაა. ტორტი მორთული იყო როგორც შაქრის, ასევე ბუნებრივი ყვავილებით, შაქრის ყვავილები კი გადაწყვეტილი იყო ისეთ ფერებში, რომელიც დამატებით ფერებს იღებდა “BALL ROOM”-ის განათებისგან.
თმა და მაკიაჟი
ქორწილის დღეს რამაც კიდევ ერთხელ აღმაშფოთა და გამახალისა იყო იმ ადამიანების გულწრფელი შრომა, რომლებმაც ჩემს ვარცხნილობასა და მაკიაჟზე იზრუნეს. ანა პატარაიამ თავისი პროფესიონალიზმით შეძლო ბუნებრივი სილამაზისა და მაკიაჟის თანაფარდობა, ხოლო ვარცხნილობა, რომელიც მაკიაჟზე სრულყოფილად მოერგო, ელე გაბაიძის ნამუშევარია.
ლოკაცია
ჯვრისწერა ახალშენის ფერიცვალების ეკლესიაში აღევლინა, ხელის მოწერის ცერემონია სასტუმრო “Euphoria”-ში, ხოლო უშუალო ქორწილი ამავე რესტორნის “BALL ROOM”-ში გაიმართა.
ფოტოგრაფი და ფოტოსესია
ფოტო და ვიდეო მთლიანად მივანდეთ ასა სტუდიოს, პროფესიონალ გუნდს. ფოტოსესია გაიმართა სასტუმრო ეიფორიასა და ხელოვნების თეატრში.
ქორწილი
ქორწილის დილა სასტუმროში დაიწყო, ულამაზეს ნომერში, სადაც ფოტოსესია და მომზადება გაიმართა. აქვე ჩავიცვი საპატარძლო კაბა მარიაჟის სპეციალისტის დახმარებით. ხელის მოწერის ცერემონია ამავე სასტუმროს ვერანდაზე იყო დაგეგმილი, თუმცა ნალექიანი ამინდის გამო მოგვიწია ადგილის შეცვლა და სასტუმროში გადაადგილება. ცერემონიაზე ჩემს მეუღლემდე ჩემმა ძმამ მიმაცილა. დიზაინერმა ხათუნა იმნაძემ არამარტო რესტორნის, არამედ ცერემონიის დიზაინზეც იზრუნა და ქორწილი ერთ-ერთ თვალში მოსახვედრ სანახაობად აქცია. ხელის მოწერის ცერემონიას ფურშეტი და ცოცხალი მუსიკა ალამაზებდა (ვიოლინო, საქსაფონი, კლავიში).
ცერემონიის შემდეგ ჯვრისწერაზე გავემართეთ, სადაც ჯვარი ჩვენმა მოძღვარმა, მამა ბასილმა დაგვწერა. შემდგომ გადავინაცვლეთ ბათუმის ხელოვნების თეატრში, სადაც ფოტოსესია გაიმართა.
დარბაზში მენდელსონის საქორწინო მარშის ფონზე შევედით, რომელიც ცოცხლად იქნა შესრულებული. ქორწილის მსვლელობის დაგეგმარება მივანდეთ ჩვენს მეგობარს, ორგანიზატორს, კობა ბერიკაშვილს, როლის წყალობითაც ქორწილის ჩატარდა ექსესების გარეშე.
ტრადიციის მიხედვით, ჩვენს შევასრულეთ ცეკვა დაისი და ვალსი. შიგადაშიგ სცენაზე ცეცხლს ანთებდნენ ჩვენი მეგობრები, ბათუმის მერიის ქორეოგრაფიული ანსამბლის ბიჭები. ჩემმა დაქალებმა საჩუქარი გაგვიკეთეს და ფლეშ მობი მოგვიწყვეს. ასევე ერთ-ერთმა ჩემმა მეგობარმა, თათია, კუჭაშვილმა მოგვიძღვნა სიმღერა, რომელიც შეასრულა ბათუმის მერიის ანსამბლ ქართულ ხმებთან ერთად, თემურ დოლიძის ხელმძღვანელობლით.
ყველაზე დიდი სიურპრიზი იყო ის, როდესაც ვალსის დასრულების შემდეგ ლაშამ სცენაზე დარჩენა მთხოვა და უეცრად სიმღერა დაიწყო. ეს მხოლოდ ჩემთვის კი არა, მთელი ქორწილისთვის მოულოდნელი იყო.
კიდევ ერთი გაოცება ტორტის ტროლით შემოტანა იყო, რომელმც ასევე დიდი ოვაციები გამოიწვია.
ქორწილის მეორე ეტაპზე, ქართულ ხმებს ბენდი “ლურჯი იალქანი” ჩაენაცვლა და ქორწილის ბოლომდე ისინი გვამხიარულებდნენ.
შეიძლება თამამად ითქვას, რომ ქორწილი მთლიანად შევიგრძენით და ვიხალისეთ მე და ლაშამ. და, რა თქმა უნდა, ის ჯაფა, რაც ჩვენ წინა სამზადისში ჩავდეთ, სტუმრების კმაყოფილებაში დავინახეთ. უშედეგოდ არ ჩაუვლია ჩვენს შრომას. ეს იყო ის, რაც მე და ლაშას გვინდოდა!
საქორწილო მოგზაურობა
თაფლობის თვე იტალიურად გავატარეთ. ვიმოგზაურეთ რომსა და ვენეციაში. მოვინახულეთ ისტორიული ძეგლები, ნაგებობები, მუზეუმები და ქალაქის ღირსშესანიშნაობები. ვენეციაში ადამიანმა რაც აუცილებლად უნდა გააკეთოს არის ის, რომ ისეირნოს სამეფო გონდოლით. მოგზაურობის შთაბეჭდილებები დღემდე მოგვდევს და ქორწილის ეიფორიას არ ჩამოუვარდება.
რჩევა მომავალ პატარძლებს
რაც არ უნდა ადრე დაიწყოთ სამზადისი, არის ისეთი საკითხები, რომლებიც ბოლო დღეებს მოითხოვს და ეს ნუ შეგაშინებთ, ყველაფერი მოგვარებადია. თუ რაიმე მოგწონათ და ძალიან გსურთ, არ დაფიქრდეთ, ეს სრულყოფილად გაქცევთ შემდგომისთვის და რაც მთავარია, ქორწილის დღეს არაფერზე აღარ იფიქროთ და ინერვიულოთ, ეს დღე მხოლოდ თქვენია!