
შეყვარება 40 წამში
ქორწილამდე
მე და ირაკლიმ ერთმანეთი სამი წლის წინ კავკასიის უნივერიტეტში გავიცანით. ერთ ჩვეულებრივ დღეს მეგობრებთან ერთად უნივერსიტეტში ლიფტს ველოდებოდი და როდესაც ლიფტის კარი გაიღო ირაკლი დავინახე. ამ შეხვედრამდე მხოლოდ ფოტოებში მყავდა ნანახი და შორიდან ვიცნობდი. ერთად დაახლოებით 40 წამი ვიმგზავრეთ და ეს დრო სრულიად საკმარისი იყო, რომ ჩვენი სიყვარული დაბადებულიყო. ამ შეხვედრის შემდეგ ირაკლიმ ჩვენს საერთო მეგობრებს სთხოვა, რომ შევეხვედრებინეთ ერთმანეთს. მართლაც პირველი შეხვედრა მეგობრულ გარემოში შედგა და ამის შემდეგ დაიწყო ჩვენი ურთიერთობა: სოციალური ქსელით რეგულარული კონტაქტი, რომანტიკული პაემნები.
ხელის თხოვნა
ხელის თხოვნა მწვანე ტერასაზე მოხდა. მწვანე ტერასას ჩვენთვის განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, პირველი პაემანი სწორედ აქ შედგა, შეყვარებულობის სამი წლის მანძილზე ძალიან დიდ დროს ვატარებდით აქ. სიყვარულშიც აქ გამოვუტყდით ერთმანეთს, შესაბამისად ირაკლიმ ასეთი მნიშვნელოვანი მომენტისთვისაც ეს ადგილი აარჩია. ამ დღეს მეგობრებთან ერთად ირაკლის დაბადების დღეს აღვნიშნავდით, თუმცა მთავარი სიურპრიზი მე მელოდა იუბილარისგან. ეს იყო ძალიან მოულოდნელი და ამავედროს ულამაზესი მომენტი ჩემთვის, ყველაფერი ზუსტად ისე იყო, როგორც ვისურვებდი რომ ყოფილიყო. რა თქმა უნდა, თანხმობა განვაცხადე და ამ დღიდან კიდევ უფრო ოფიციალური გახდა ჩვენი ურთიერთობა.
მზადება ქორწილისთვის
ქორწილისთვის აქტიური სამზადისი სამი თვით ადრე დაიწყო. სამზადისში გარეშე პირები და კომპანიები არ ჩამირთავს, დაგეგმვა და ორგანიზება მთლიანად საკუთარ თავზე ავიღე, განხორციელებაში კი დედა და დედამთილი მეხმარებოდნენ. ვაღიარებ რომ პროცესი არც ისე მარტივი იყო, მიუხედავად იმისა რომ აქამდეც მქონია სხვადასხვა სახის ღონისძიებების ორგანიზება გაკეთებული. თუმცა ჩემი ქორწილისთვის “ფუსფუსი” ასმაგად სასიამოვნო იყო.
კაბა
არჩევანი ეროვნულ ბრენდებზე გავაკეთე, ორივე საქორწილო კაბა დიზაინერ თიკო ნებიერიძეს ეკუთვნის, რომელიც ჩემი გემოვნებით და დიზაინერის ხედვის შერწყმით შესრულდა. განსაკუთრებული დეტალი იყო ხელნაკეთი ყვავილების ქამარი, რომელიც ორმაგად განსაკუთრებულს ხდიდა საქორწილო კაბას. პირველი და მთავარი კაბა კლასიკური სტილის იყო, მეორე კი უფრო “თინეიჯერული”, რომელზეც ასევე ქართული ბრენდის “in love with Georgia_ს” სპორტული ფეხსაცმელი მეცვა, რომელიც კომპანიის მფლობელის საქორწილო საჩუქარი იყო. პირველივე კაბის მოზომვაზე დავრწმუნდი, რომ არჩევანში არ შევმცდარვარ, ერთი შეხედვითაც კი ემჩნეოდა მაქმანებიან კაბას რომ მასში მარგალიტებსა და ბროლის თვლებთან ერთად მთელი გული და სული იყო ჩაქსოვილი.
ტორტი
ტორტიც ასევე ჩემი დიზაინით იყო შერჩეული, ყვავილები დარბაზის დეკორაციების ფერებთან იყო შერწყმული. დომინირებდა ჩემი საყვარელი ყვავილი – პიონი , დანარჩენი ყვავილები კი ჩემი კაბის დეტალებით იყო გაფორმებული.ასევე მრავალსართულიან ტორტზე იყო პატარ-პატარა ანგელოზები რომელიც განსაკუთრებულ სადღესასწაულო ელფერს მატებდა გარემოს.
თმა და მაკიაჟი
ვარცხნილობაც და მაკიაჟიც ჩემთვის ყველაზე პროფესიონალ ადამიანებს მივანდე. მაკიაჟი მაკა შავერდაშვილს ეკუთვნის, რომელიც ყოველ ჯერზე ახერხებს ჩემს გაოცებას თავისი საქმის პროფესიონალიზმით, ვარცხნილობა კი ალა ჯიბლაძემ გამიკეთა, რომელმაც მთელი დღის ნამძილზე უცვლელად შეინარჩუნა პირვანდელი სახე.
ლოკაცია
ჯვარი შიო მღვიმეში დავიწერეთ, ხელის მოწერის ცერემონია რესტორან გუჯარის ულამაზეს ეზოში გვქონდა, ხოლო უშუალოდ ქორწილი კი რესტორან გუჯარის სადღესასწაულო დარბაზში.
ფოტოგრაფი და ფოტოსესია
მთავარი ფოტოგრაფი იყო ჩემი მეგობარი კახაბერ შარტავა, ასევე იყო ზურა ქართველიშვილი. ფოტოსესია დაიწყო სასტუმრო ამბასადორში, შემდეგ კაფე ლიტერასა და მწერალთა სახლში.
ქორწილი
ქორწილის დილა დაიწყო ახალ ამბასადორში. მომზადების შემდეგ კაფე ლიტერაში ახალგაზრდებთან ერთად შევიკრიბეთ, სადაც ფურშეტი იყო სტუმრებისთვის და პარალელურად ფოტოსესია მიმდინარეობდა. ფოტოსესიის შემდეგ ოჯახთან ერთად პატრიარქს ვესტუმრეთ. პატრიარქის დალოცვის შემდეგ კი ჯვრისწერაზე გავემართეთ. ამ დროს გუჯარის ეზოში უკვე იკრიბებოდნენ სტუმრები. გავაკეთეთ სპეციალური მიღება, სანამ სიძე-პატარძალი რესტორანში მივიდოდა, მომზადებული გვქონდა ფურშეტი და ფონად ცოცხალი მუსიკა (საქსაფონი, ვიოლინო, კლავიში). რესტორანში მისვლისას გაიმართა ხელის მოწერის ცერემონია, სადაც მამამ მიმაცილა. დარბაზში შვიდკაცას მიერ შესრულებული მრავალჟამიერის თანხლებით შევედით. მალევე შევასრულეთ ცეკვა დაისი. მოგვიანებით მეგობრებთან ერთად ფლეშმობიც ვიცეკვეთ, რომელშიც 4 სხვადასხვა ჟანრის ცეკვა იყო გაერთიანებული. განსაკუთრებულად ამაღელვებელი იყო მამასთან ერთად შესრულებული ვალსი.
ჩემს მიერ მოფიქრებულ გაფორმებას (ყვავილები, შანდლები, დარბაზი, უზარმაზარი სარკე რომელიც ჩვენ ავაწყობინეთ, ხელის მოწერის ბესეტკა, პოდიუმი, ტიფანის სკამები, ეზო) ხორცი შეასხა დიზაინერმა ნინო ჟღენტმა, რომელმაც სრული სიზუსტით შეასრულა ჩემი ჩანაფიქრი, ეს მართლა ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
სტუმრების ფოტოსესიისთვის სპეციალურად არ დავდგი ბანერი, ვიფიქრე, რომ ეს უფრო ბანალურს გახდიდა ქორწილს. ჩემი დიზაინით შევქმენი ჩარჩოების კუთხე, ერთ-ერთ მათგანზე იყო სპეციალურად ჩემთვის და ირაკლისთვის შექმნილი გერბი, რომელიც ამერიკაში მოღვაწე ძალიან ცნობილმა და ნიჭიერმა ქართველმა მხატვარმა, თინათინ ვაჩნაძემ შექმნა, ეს გერბი ბევრ სხვა დეტალზეც იყო გამოყენებული.
“Rembow events”-მა გაუწია კონტროლი მუსიკალურ მხარეს, რომელსაც მომღერალი დათო გომართელი და მანიკა ასათიანი უძღვებოდნენ.
ქორწილის მსვლელობისას მანიკამ სტუმრებს ჩვენი სიყვარულის ისტორია მოუყვა, რომელსაც სცენაზე დამონტაჟებულ უზარმაზარ ეკრანზე გამოსახული ჩვენი შეყვარებულობის ფოტოები ჰქონდა ფონად. სლაიდშოუში ჩართული იყო ასევე ჩვენი ხელის თხოვნის ვიდეოც. სტუმრებმა ასევე ეკრანზე იხილეს ჩვენი საქორწინო ბეჭდების შექმნის პროცესი. ბეჭდები ქართულმა სამკაულების ბრენდმა, მარილისმა შექმნა. უშუალოდ ვიყავით პროცესში ჩართულები, ჩვენი ხელით ჩავასხით ყალიბში გამდნარი ოქრო და მთლიანად დავესწარით ბეჭდების დამუშავების პროცესს.
სადღეგრძელოებს შორის სცენაზე ერთმანეთს ეცვლებოდნენ: შვიდკაცა, ლელა წურწუმია, დათო გომართელი, მერაბ სეფაშვილი, რომელბიც სტუმრის სტატუსით იმყოფებოდნენ ჩვენს ქორწილში.
ქორწილში განსაკუთრებული საჩუქარი გაგვიკეთეს ირაკლის მეჯვარეებმა – ინგლისური ბულდოგის ლეკვი საგანგებოდ ჩვენთვის ჩამოიყვანეს საქართველოში და პირველივე დღიდან ჩვენთან ერთად დაიწყო ცხოვრება,
ქორწილმა იდეალურად, უხარვეზოდ ჩაიარა. ყველაფერი ზუსტად ისე იყო, როგორც მინდოდა რომ ყოფილიყო. მე და ირაკლი მთელი დღის მანძილზე მაქსიმალურად დავიხარჯეთ, რომ სტუმრებს ესიამოვნათ ამ დღით და მოწყენის საშუალება არ ჰქონოდათ.
საქორწინო მოგზაურობა
საქორწინო მოგზაურობა ინდონეზიაში, კუნძულ ბალიზე გავატარეთ. ზუსტად ისე, როგორც ახალდაქორწინებულებს შეფერებათ – რომანტიული გარემო, ოკეანე, მზე, ტროპიკული ბუნება და რომანტიკული ვახშმები მზის ჩასვლის თანხლებით. თუმცა დრო მაინც გამოვნახეთ რადიკალურად განსხვავებული კულტურის შესაცნობად და კუნძულზე არსებული ისტორიული ძეგლების და ღირსშესანიშნაობების უმრავლესობა მოვინახულეთ. ამ მოგზაურობის შთაბეჭდილებები ნამდვილად არ ჩამოუვარდება ქორწილისას.
რჩევა მომავალ პატარძლებს
საქორწილო სამზადისი დიდი ხნით ადრე დაიწყეთ, რადგან ქორწილამდე დრო არასოდეს არის საკმარისი. ზედმეტი ნერვიულობა და საორგანიზაციო საქმეები სხვას გადააბარეთ და თქვენთვის საოცნებო დღე ბოლომდე შეირგეთ.
რაც შეეხება საქორწილო კაბას, ეს ყველა ქალის ბავშვობის ოცნებაა, ამიტომ მთლიანად თქვენი დიზაინით შეარჩიეთ და ნაკლებად გაითვალისწინეთ სხვისი რჩევები დიზაინთან დაკავშირებით.