
“ყოველი დღე ზღაპრის სხვა ფურცელი იყო ჩვენთვის”
ქორწილამდე
მე და შოთიკომ ერთმანეთი 8 წლის წინ გავიცანით, საერთო მეგობრებთან. გულწრფელობისთვის ვიტყვი, რომ დანახვისთანავე რაღაც ვიგრძენი მეც და როგორც მერე აღმოჩნდა- მანაც. თუმცა, არც საკუთარ თავს და არც ერთმანეთს რამოდენიმე თვე არ ვუტყდებოდით, ძალიან ახლო მეგობრები ვიყავით, ვსაუბრობდით საკუთარი ცხოვრების შესახებ და მნიშვნელოვან თემებთან დაკავშირებით რჩევებსაც ვეკითხებოდით ერთმანეთს. სოციალური ქსელითაც ძალიან აქტიურად ვკონტაქტობდით. დაახლოებით 5 თვის შემდეგ, 26 ნოემბერს, ჩემს დაქალთან ვიყავი. შოთიკომ დამირეკა და მთხოვა მენახა, ბევრი არ მიყოყმანია, ვნახე და სწორედ მაშინ გამიმხილა საკუთარი გრძნობის შესახებ. იმ დღიდან ერთად ვართ, 8 წელს ითვლის ჩვენი სიყვარული. რთული დასაჯერებელი შეიძლება იყოს, მაგრამ შოთიკომ შეძლო და 8 წელში არც ერთი დღე არ ჰგავდა ერთმანეთს. ყოველი დღე ზღაპრის სხვა ფურცელი იყო ჩვენთვის და დღითიდღე უფრო და უფრო მეტად გვიყვარდებოდა ერთმანეთი.
ხელის თხოვნა
ხელი ჩემს დაბადების დღეზე, 28 დეკემბერს მთხოვა, სამი წლის წინ. როგორც წესი , დაბადების დღის მოლოცვას შოთიკოს ვერავინ ასწრებდა, სახლშიც კი. დადგებოდა თუ არა 27 დეკემბერს 12 საათი, კარზე ზარი იყო და ყოველ წელს განსხვავებული სიურპრიზი მხვდებოდა. არც 2013 წლის 28 დეკემბერი იყო განსხვავებული. დადგა თუ არა 12 საათი, შოთიკოც გამოჩნდა. მოსვლიდან რამოდენიმე წუთში, ფეიერვერკების ხმა გავიგე, ხელი მომკიდა, აივანზე გამიყვანა და უზარმაზარი Will You Marry Me? ცეცხლით დანთებული, ეზოში ყველა ჩვენი მეგობარი ფიალებით ხელში მიმღერონენ ჩვენთვის საყვარელ სიმღერებს. ეს იყო იმდენად მოულოდნელი, იმდენად ლამაზი და ემოციური, რომ მე როგორც ძალიან მტირალა გოგომ, მაშინაც ტირილი დავიწყე და რა თქმა უნდა თანხმობა განვაცხადე. ეს იყო დაუვიწყარი დღე, ყველაფერი ისე გაკეთებული, თვალდახუჭული რომ იოცნებებ ქალი მხოლოდ…
ქორწილის სამზადისი
ქორწილისთვის სამზადისი ექვსი თვით ადრე დავიწყეთ. თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ სამზადისისათვის, თურმე, დრო არასოდესაა საკმარისი. გულწრფელად რომ ვთქვა, არც ისე მარტვი აღმოჩნდა ეს პროცესი, როგორიც დასაწყისში მეგონა. ქორწილის ორგანიზება მთლიანად საკუთარ თავზე ავიღე, განხორციელებაში კი ჩვენი ოჯახები და მეგობრები მეხმარებოდნენ. იქიდან გამომდინარე, რომ გვინდოდა გამოგვსვლოდა ძალიან მხიარული, დასამახსოვრებელი და სიურპრიზებით სავსე საღამო, უამრავი რამ გვქონდა გასაკეთებელი, რაც ძალიან ბევრ დროსა და ენერგიას მოითხოვდა, ხშირად სახლში შუაღამეს გვიწევდა დაბრუნება. თუმცა, ეს სამზადისი ყველაზე სასიამოვნო პროცესი იყო ჩემს ცხოვრებაში. ორი თვე აქტიურად ჩვენს ბიძაშვილ-მამიდაშვილებთან ერთად ერისიონში ვიარეთ, დავდგით ცეკვები. რეპეტიციები უზომოდ სახალისო იყო, იქიდან გამომდინარე, რომ 10 ადამიანიდან ცეკვა 80%-მა არ იცოდა. ყოველთვის მინდოდა ჩემს ქორწილში ტანგოც მეცეკვა, ჰოდა, არც ეს სურვილი დამიტოვა შოთიკომ აუსრულებელი და სტუდია EDS-ში 1 თვე ვიარეთ, სადაც ძალიან ლამაზი ტანგო დაგვიდგეს. ასევე ჩავწერეთ სიმღერა, რომლის ჩაწერის პროცესი, ცეკვის რეპეტიციებზე სახალისო იყო.
კაბა
კაბაზე ზრუნვა უსაყვარლეს და უმაგრეს ნანა მელქაძეს მივანდე. ბავშვობიდან „პრინცესულ,“ დიდ, სადა და ძალიან ნაზ კაბაზე ვოცნებობდი. ფაქტობრივად, ზუსტად ვიცოდი, როგორი კაბაც უნდა მცმოდა ცხოვრების უმნიშველოვანეს დღეს. დიზაინი სრულად ჩემი შერჩეულია, ბუნებრივია ნანას დახმარებით. ნანამ მთელი გული და სული ჩადო ჩემი კაბის შექმნაში და შესაბამისად, იმაზე ლამაზი გამოვიდა, ვიდრე ჩემს ოცნებებში წარმოვიდგენდი და დავფრიალებდი ხოლმე.
თმა და და მაკიაჟი
უმნიშვნელოვანეს დღეს, საკუთარ გარეგნობაზე ზრუნვა მათ მივანდე, ვისაც თავისი საქმის ნამდვილ პროფესიონალებად ვთვლიდი და მოლოდინმაც გაამართლა. მაკიაჟი ოლგა სპირინასთან, ხოლო თმა Le Soleil-ში ნინელი კოპალეიშვილთან გავიკეთე. ქარიანი ამინდის მიუხედავად, თმამაც და მაკიაჟმაც დღის ბოლომდე პირვანდელი სახე შეინარჩუნა.
ლოკაცია
ჯვარი სიონის ტაძარში დავიწერეთ, ქორწილი კი რესტორან Babilo Music Hall-ში გვქონდა. ხელიც რესტორანში მოვაწერეთ, იმიტომ, რომ ჩემთვის, იმდენად ლამაზი და კლასიკურია ეს რესტორანი, სხვა ლოკაცია არც განიხილებოდა არჩევის დროს.
ფოტოგრაფი და ფოტოსესია
ქორწილის ფოტოებს ჩემთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. შესაბამისად, არჩევანი საუკეთესოზე შევაჩერეთ და უმნიშვნელოვანესი დღის ისტორიად გადაქცევა დიტო თედიაშვილს მივანდეთ, რასაც არასოდეს ვინანებ. ფოტოსესია წინასწარ დავგეგმეთ დიტოსთან ერთად და ორ ლოკაციაზე-სასტუმრო Riverside Hotel-სა და ბოტანიკურ ბაღში მოვაწყვეთ. დიტოს პროფესიონალიზმთან ერთად, ჰქონდა ძალიან მეგობრული დამოკიდებულება, რაც ფოტოსესიას კიდევ უფრო სასიამოვნოს და სახალისოს ხდიდა.
ქორწილი
ქორწილის დილა სასტუმრო Riverside-ში დაიწყო, სადაც სამზადისის შემდეგ, მეჯვარეებთან ერთად ფოტოსესიაც გვქონდა. მომზადების შემდეგ ჯვრისწერაზე გავემართეთ. ყველა სტუმარი ტაძარში გველოდებოდა, საკურთხეველთან კი მამამ მიმაცილა და ერთადერთი შვილი, სწორედ ტაძარში მიანდო შოთიკოს. ის წუთები იმდენად ემოციური იყო, ცრემლებს ვერ ვიკავებდი. ჯვრისწერა „მრავალჟამიერი-ს“ ფონზე მიმდინარეობდა, ემოციებისგან მთელი ჯვრისწერის მანძილზე, გულაჩქარებული ვიდექი და ცრემლებს ვიმშრალებდი.
ჯვრისწერის შემდეგ ახალგაზრდებთან ერთად წავედით ბოტანიკურში, სადაც ფოტოსესია ძალიან სახალისოდ წარიმართა. ფოტოსესიის დასრულების შემდეგ, წავედით რესტორნისკენ, სადაც სტუმრები უკვე იკრიბებოდნენ. სანამ ყველა სტუმარი საკუთარ ადგილს მიუჯდა, შოთიკომ ჩოხა ჩაიცვა და შევედით დარბაზში ზარების რეკვისა და „ვისია, ვისია, ქალი ლამაზი-ს“ ფონზე და მაშინ, როდესაც ყველას ეგონა რომ დასრულდა, ჩვენმა მეგობრებმა იცეკვეს დავლური, რასაც ჩვენი დაისი გადაება. მალევე ვიცეკვეთ მეორე ქართული ცეკვაც ჩვენს გოგო-ბიჭებთან ერთად, ვიცეკვეთ ჩემი საოცნებო ტანგოც და ბევრიც ვიმღერეთ. გავერთეთ მაქსიმალურად და ბოლომდე შევირგეთ ჩვენი დღე.
ულამაზესი იყო გარემოც, დიზაინზე ედემ გვარმიანმა იმუშავა, რომელმაც გაითვალისწინა ყველა ჩემი სურვილი და ხორცი შეასხა წარმოდგენილს.
ტორტი უმაგრესმა და თავის სფეროში პირველმა კომპანიამ – კასტა დივამ დაგვიმზადა.
ქორწილიდან 1 თვე გავიდა და დღემდე ყველა ჩვენი ახლობელი ჩვენს ქორწილზე საუბრობს აღფრთოვანებით. ემოციები არ ცხრება. ყველაფერი დაგეგმილზე ბევრჯერ კარგად წარიმართა, უპრობლემოდ და უხარვეზოდ. ვეცადეთ, ყველაფერი ისე დაგვეგეგმა, რომ ყველა ასაკის სტუმრისთვის დასამახსოვრებელი და სასიამოვნო ყოფილიყო. ასეც მოხდა და ვთვლი, რომ ჩვენი ზღაპარი შედგა და ქორწილის შემდეგ ჩვენივე ზღაპრის კიდევ უფრო საინტერესო ფურცელი გადავშალეთ.
საქორწინო მოგზაურობა
თაფლობისთვე სტამბულში გავატარეთ. ვნახეთ თითქმის ყველა სანახაობა, ერთ-ერთ დღეს კუნძულ „Buyukada-ზე“ წავედით, საათები ვიმგზავრეთ გემით, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მეშინია გემით მგზავრობის, მაინც გავბედე და მთელი გზა საკუთარ თავს ვეუბნებოდი, მერე რა რომ გეშინია, შენი ცხოვრების მთავარი გმირი გვერდით გყავს, მთავარი ხომ ეგაა… და შიშიც იმწამსვე ქრებოდა. საღამოობით ვსეირნობდით სანაპიროზე, ვშოპინგობდით, ვვახშმობდით რომანტიკულ გარემოში და მოკლეთ, ერთად ცხოვრების პირველი დღეები, ძალიან რომანტიულად გავატარეთ, ზუსტად ისე, როგორც თაფლობისთვეს შეეფერება.
რჩევა მომავალ პატარძლებს
როგორც უკვე აღვნიშნე, ქორწილის მზადებისთვის დრო არასოდესაა საკმარისი, ამიტომ, დეტალებზე ზრუნვა დაიწყეთ დიდი ხნით ადრე. გასათვლელია თითოეული წვრილმანი. უამრავ დროსა და ენერგიას მოითხოვს ისეთი დეტალები, რასაც მანამდე შეიძლება ყურადღებაც არ მიაქციოთ.
თავად დაგეგმეთ ქორწილი, ყველაფერი მოარგეთ საკუთარ სურვილებსა და ოცნებებს. არ დაზოგოთ თანხები ფოტოგრაფსა და ოპერატორზე, ვინაიდან, ქორწილის შემდეგ, გარდა მოგონებებისა, დაგრჩებათ მხოლოდ კადრები, რომლის ზღაპრულად დაფიქსირებასაც პროფესიონალიზმი სჭირდება. დაიხარჯეთ მაქსიმალურად, რასაც ექნება ის შედეგი, რაზეც ყველა ქალი ბავშვობიდან ოცნებობს – იგრძნობთ, რომ თქვენ ნამდვილი დედოფალი ხართ!