
ქორწილში ნაპოვნი სიყვარული და საბედისწერო შეხვედრა ბათუმში
ქორწილამდე

ჩვენი გაცნობა ქორწილში მოხდა, მეჯვარისა და ფოტოგრაფის ამპლუაში. ქორწილის შემდეგ დიდი ხნის მანძილზე არ შევხვედრივართ ერთმანეთს და არანაირი ურთიერთობა არ გვქონია, თითქოს ჩვენი ნაცნობობა ქორწილშივე დამთავრდა. მაგრამ ზაფხულში შემთხვევით ბათუმში შევხვდით სწორედ მანდ დაიწყო ჩვენი ფლირტი. შემდეგ იყო პირველი ნაბიჯი მიშოსგან, დაბადების დღეზე მიპატიჟების სახით და დაბადების დღიდან იწყება ჩვენი სიყვარულის ისტორია.
ხელის თხოვნა
ხელის თხოვნა იყო ყველაზე დაუვიწყარი და ამაღელვებელი მომენტი. მე და მიშო შყვარებულობის პერიოდში ბევრს ვმოგზაურობდით და წელს ვიყავით საოცნებო ტურში, იტალიის ქალაქები მოვიარეთ და ხელიც სწორედ აქ მთხოვა, იტალიის უმშვენიერეს ქალაქ პოსიტანოში, სადაც მოხვედრა ჩემი ოცნება იყო. სასწაული სილამაზეა ირგვლივ, საოცარი ატმოსფერო და ბედნიერი ხალხი . ეს იყო სასწაული
მზადება ქორწილისთვის
ქორწილის თარიღის დანიშვნის შემდეგ აქტიურად ჩავერთეთ სამზადისში. აქტიურად გვეხმარებოდნენ მშობლები და მეგობრები. გვინდოდა ქორწილი ყოფილიყო განსხვავებული და არასტანდარტული, როგორც ჩვენი ჩაცმულობით ასევე ქორწილის მსვლელობით. რთული არ იყო, მთავარია დაგეგმვა და ორგანიზება.
კაბა
კაბა სხვათაშორის არ იყო რთული. ვეძებდი უცხოს და რაღაც თავისებურს. ჩემი კაბა მივანდე დიზაინერ ანა მეყანწიშვილს( მოდის სახლის ბისონი) და მან შექმნა ჩემთვის ზუსტად ისეთი კაბა როგორიც მინდოდა, მოლოდინი ნამდვილად გამიმართლდა და დიდი მადლობა ანას ამისთვის, ის საუკეთესოა.
თმა და მაკიაჟი
თმა მარტივად გადავწყვიტე და მაკიაჟიც. მინდოდა მსუბუქი და ნაკლებად დატვირთული ყოფილიყო ორივე. მაკიჟსა და თმაზე იზრუნა სალონმა art house
ლოკაცია
ჯვირსწერა გვქონდა კახეთში – იყალთოს მონასტერში. ხელისმოწერის ცერემონიალი გვქონდა ასევე იყალთოში. ტაძარი გვინდოდა რომ ყოფილიყო ქალაქ გარეთ და აუცილებელი ფაქტორი იყო ის რომ ტაძარი ყოფილიყო მრავალსაუკუნოვანი, ამიტომაც შევაჩერეთ არჩევანი ამ ეკლესიაზე.
ფოტოგრაფი და ფოტოსესია
ფოტოგრაფები გვყავდა მახო ყიფშიძე(რომელიც ამასთანავე იყო მიშოს მეჯვარე), გიორგი ჩოხელი და W-art. ძალიან დიდი მადლობა ამ უნიჭიერეს ადამიანებს. ფოტოსესია გავმართეთ გომბორზე, სხვადასხვა ლოკაციებზე. ფოტოსესიის შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა, მიუხედავად იმისა, რომ წვიმამ და ნისლმა შეგვაშინა, თუმცა ბუნების ეს ფაქტორები საბოლოო ჯამში ჩვენთვის სასიკეთო აღმოჩნდა – ფოტოები გამოვიდა მისტიური და სრულიად განსხვავებული. ასევე მადლობა ჩვენი ვიდეოსკლიპის ავტორს Sept Commercial-ს.
ქორწილი
ქორწილი გაიხსნა ჩვენი იტალიური ტურის ამსახველი ვიდეო რგოლით (სპეციალური მადლობა ამისათვის Robbi RG commercial) ჩვენ ქორწილს უძღვებოდა მიშოს მამა, მომღერალი გოგიტა გოგიძე – ქორწილი დატვირთული იყო სხვადასხვა შოუს ელემენტებით . შევასრულეთ გოგიტა გოგიძის მიერ ექსკლუზიურად ჩვენთვის დაწერილი სიმღერა. ეს სტუმრებისთვის სურპრიზი იყო, რამაც მათში დიდი აღფრთოვანება გამოიწვია. ქორწილის დიზაინზე იზრუნა დიზაინერმა ნინო ბერიძემ და მიშოს დედამ, ხათუნა ზვიადაძემ .
საქორწინო მოგზაურობა
გამომდინარე იქედან რომ ქორწილამდე ჩვენ ვიმყოფებოდით იტალიაში, შემდეგი მოგზაურობა გადავდეთ ზაფხულისთვის, რომელიმე ეგზოტიკურ ქვეყანაში .
რჩევა მომავალ პატარძლებს
ჩემი რჩევა იქნება არ ინერვიულოთ მთავარია დაგეგმოთ და ორგანიზება მოახდინოთ სწორად