
ქართული ქორწილი ამერიკულად
ქორწილამდე
საქართველოში სკოლის დამთავრების შემდეგ, 2007 წელს ჩემს ოჯახთან ერთად ნიუ-იორკში გავემგზავრე. მაშინ 17 წლის ვიყავი. იმავე წელს ჩვენი ოჯახის ახლობლებმა მე და ჩემი და ახალი წლის აღსანიშნავად თავიანთი მეგობრის სახლში დაგვპატიჟეს, სადაც მათი სამეგობრო წრე იკრიბებოდა. ძალიან სასიამოვნო იყო. ქვეყნიდან ასე შორს მყოფი, პირველი იანვრის დილას თბილ, ქართულ გარემოში შევხვდი, სადაც უამრავი ქართველი ემიგრანტი იყო, მათ შორის შანშე. ქართულ სუფრასთან ჩემი ადგილიც მის გვერდით განთავსდა. გაცნობისთანავე ეტყობოდა, რომ ძალიან დადებითი ადამიანი იყო. არაჩვეულებრივი იუმორის გრძნობა ჰქონდა და მის ხუმრობებზე ძალიან ბევრი ვიცინე, მაგრამ მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ 9 წლის შემდეგ ეს ადამიანი ჩემი მეუღლე გახდებოდა. მეორე დღეს მესიჯი მივიღე უცხო ნომრიდან და მაშინვე მიგრძნო გულმა ვინც იყო. თავიდან ჩვენი ურთიერთობა ძალიან მეგობრული იყო. მიყვარდა მასთან ლაპარაკი და თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობდი. ვუზიარებდით ერთმანეთს მიზნებს, წარმატებებს. გვქონდა ძალიან ბევრი საერთო ინტერესი და ასევე ბევრსაც ვკამათობდით გარკვეულ თემებზე, რაც უფრო საინტერესოს ხდიდა ჩვენს ურთიერთობას. ასე გაგრძელდა 6 წელი. 2014 წელს ორივე მივხვდით, რომ ჩვენს შორის რაც იყო, ეს არ იყო მხოლოდ მეგობრობა და საბედნიეროდ ამაში არც შევმცდარვართ.
ხელის თხოვნა
2016 წელს Washington DC-ში ვიყავით დასათვალიერებლად, საღამოს კი რესტორანში ვაპირებდით წასვლას. სანამ რესტორანში მივიდოდით, შანშემ ძალიან სპონტანურად პატარა ყუთი გამომიწოდა და მითხრა: მხოლოდ ეს გაკლიაო. რომ გავხსენი ყუთი ცარიელი იყო და სანამ რამის გაფიქრებას მოვასწრებდი, ბეჭედი დამანახა და მკითხა: “Will you wear this for the rest of your life?” არასოდეს არ დამავიწყდება ეს არაჩვეულებრივი წუთები.
ქორწილის სამზადისი
ქორწილი თითქმის ყველა ქალის ერთ-ერთი დიდი ოცნებაა, მათ შორის ჩემიც. გადავწყვიტეთ, რომ ქორწილი New York-ში გვქონოდა. მანამდე ვერ ვიჯერებდი, რომ აქ თითქმის ერთი წელი ემზადებოდნენ ქორწილისთვის, სანამ თავად არ დავრწმუნდი. ყველანაირ მომსახურებასა და ადგილების შერჩევას, კონტრაქტების გაფორმება რამდენიმე თვით ადრე დასჭირდა, რის შემდეგაც განუწყვეტელი იმეილებით, facetime-ითა და შეხვედრებით ხდებოდა მოლაპარაკებები. პირველ რიგში შევიძინე პატარძლებისთვის განკუთვნილი რჩევების წიგნი და შევადგინე გეგმა, თუ რა, როგორ და როდის უნდა დაგვეწყო. დიდი ძებნის შემდეგ ავარჩიეთ ქორწილის ადგილმდებარეობა და დავნიშნეთ თარიღი, რაც საშუალებას გვაძლევდა, რომ დარჩენილ დროში მოგვეგვარებინა ყველაფერი. მოგეხსენებათ ქორწილის ყველა დეტალი დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული და შესაბამისად ვცდილობდით რაც შეიძლება ზომიერი და გონივრული გადაწყვეტილება მიგვეღო, რასაც საკმაოდ დიდი დრო სჭირდებოდა. გადატვირთული რეჟიმის მიუხედავად, მზად ვიყავი ყველაფერი თავად მომეგვარებინა, რა თქმა უნდა, ჩემი მეუღლის დახმარებით. ასევე გადავწყვიტეთ დაგვედგა ჩვენი პირველი ცეკვა და პარალელურად ინსტრუქტორთან ვემზადებოდით რამდენიმე თვით ადრე. საკმაოდ რთული იყო მუშაობის, სწავლისა და საქორწილო სამზადისის ერთმანეთთან შეთავსება, მაგრამ ამავედროს ძალიან სასიამოვნო იყო.
კაბა
შემდეგი ეტაპი იყო კაბა, რომელიც 8 თვით ადრე შევარჩიე. გადატვირთული გრაფიკის გამო დიდი დრო ვერ დავუთმე კაბის ძებნას, ერთხელ დედასთან, ერთხელ მეჯვარესთან ერთად და ერთხელ მარტო ვიყავი წასული “RK Bridal”-ში. საბედნიეროდ ვიპოვე კაბა, რომელსაც ვეძებდი. თავდაპირველად ჩემს თავს “ball gown”-ში ვხედავდი, რამოდენიმე მოდელი მოვისინჯე, მაგრამ თავი კომფორტულად ვერ ვიგრძენი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ქორწილის დღეს, რათა მოძრაობაში და ცეკვაში ხელი არ შეეშალა. საბოლოოდ მივაგენი “Martina Liana”-ს “Mermaid” სტილის კაბას და უკვე ვიცოდი, რაც მინდოდა. ღია ზურგის იდეა ყოველთვის მომწონდა, მიუხედავად იმისა, რომ ზამთარში გვქონდა ქორწილი. კაბას არ ჰქონდა უხილავი მკლავები და ვფიქრობდი, რომ ძალიან მოუხდებოდა. დიზაინერი დაგვთანხმდა და კაბაში ცვლილება შეიტანა. კაბა იყო ტანზე გამოყვანილი, ულამაზესი ნაჭრით შეკერილი და მარგალიტებით გაწყობილი გულით. შეკვეთის შემდეგ კაბა ჩემთვის შეიქმნა და დაახლოებით 6 თვეში ჩამოვიდა ნიუ-იორკში. კაბა რომ ჩავიცვი, საკუთარ თავს თვალი ვერ მოვწყვიტე, იმდენად ლამაზი იყო. თვეებს, დღეებსა და საათებს ვითვლისი, სანამ ამ კაბით ჯვარს დავიწერდი.
თმა და მაკიაჟი
ერთი წარუმატებელი ტესტის შემდეგ, საკმაოდ დიდი დრო დავუთმე თმისა და მაკიაჟის პროფესიონალის პოვნას. ბოლოს Trulyhappybeauty”-ს მივანდე ჩემს გარეგნობაზე ზრუნვა. ქორწილამდე 2 თვით ადრე მაინც გავიკეთე ტესტი და კმაყოფილი დავრჩი. კმაყოფილი ვარ ჩემი არჩევანით, ვინაიდან ზუსტად ისეთი თმა და მაკიაჟი გაგვიკეთეს მე და ჩემს მეჯვარეს, როგორიც გვინდოდა. უზომოდ კმაყოფილები დავრჩით.
ლოკაცია
ჩემთვის აუცილებელი იყო, რომ ჯვრისწერა მართლმადიდებლურ ეკლესიაში ჩატარებულიყო. ჩვენ გვაქვს რამდენიმე ქართული ეკლექსია ბრუკლინში, მაგრამ ადგილმდებარეობა ხელს არ გვიწყობდა. ამის გამო გადავწყვიტეთ, რომ ბერძნულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში დაგვეწერა ჯვარი, რომელიც მანჰეტენზე მდებარეობს და ძალიან ბევრი ქართველი მრევლი ჰყავს. ჩვენი ხელმოწერის ცერემონია ასევე ეკლესიაში გაიმართა. თავად ქორწილი ქალაქ ნიუ ჯერსიში იყო, “Tides Estate”-ში. ნახვისთანავე აღფრთოვანებული დავრჩით დარბაზის სივრცით და ულამაზესი მაღალი ჭერით, ჭაღებით, ნათურებით გაწყობილი ეზოთი. ეს ყველაფერი ზღაპარში მაგრძნობინებდა თავს. მანდვე ჩატარდა ასევე ამერიკული სტილის ცერემონია, რაც ყოველთვის მომწონდა ამერიკელების ტრადიციულ ქორწილებში. დიდი სურვილი მქონდა, რომ ღია ცის ქვეშ ჩაგვეტარებინა ცერემონია, მაგრამ ნახევარ საათიანი პროცესი ზამთარში ძალიან შემაწუხებელი იქნებოდა ჩვენთვისაც და სტუმრებისთვისაც, ამიტომ დახურული სივრცე ვამჯობინეთ, რომელიც ძალიან ლამაზად გაფორმდა.
ფოტოგრაფი და ფოტოსესია
ჩვენი ფოტოგრაფი იყო Claudia Mcdade. ფოტოსესია ჯერ მანჰეტენზე და შემდეგ ჩვენი საქორწილო დარბაზის ეზოში გაიმართა. მიუხედავად სიცივისა, ფოტოგრაფმა მაინც შეძლო ულამაზესი სურათების გადაღება და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი კადრების შემონახვა, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან ხშირად ვათვალიერებთ. მიუხედავად იმისა, რომ სიცივე რომ არ ყოფილიყო, უფრო მრავალფეროვან სურათებს გადავიღებდით, საბოლოო ჯამში მაინც ძალიან კმაყოფილი დავრჩი.
ქორწილი
ჩვენი ქორწილის დღე დაუვიწყარი იყო ჩვენთვის. ყოველი წუთი ემოციებით და ბედნიერებით იყო სავსე. გვიხაროდა, რომ ყველაფერმა ისე ჩაიარა, როგორც ჩვენ დავგეგმეთ. ყოველთვის შეიძლება უკეთესზე უკეთესი ორგანიზება, მგრამ მთავარია რაც გავაკეთეთ, ერთად და მაქსიმალური მონდომებით გავაკეთეთ. ყველაფერი თავის დროზე დაიწყო და დამთავრდა, რაც ძალიან მანერვიულებდა, ვინაიდან აქ ყოველი წამი ძალიან მკაცრად იყო გათვლილი: დიჯეი, წამყვანი, ფოტოგრაფი, ვიდეოგრაფი, დარბაზი, ცერემონია თუ ჯვრისწერა. დამსწრე საზოგადოებისგან ძალიან სასიამოვნო კომპლიმენტები მივიღეთ. განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა ჩვენმა ცეკვამ, რაც ერთ-ერთი ყველაზე ემოციური და დაუვიწყარი წუთები იყო ჩვენთვის. რაც ამ დღეს განვიცადე, ღირდა ამდენ შრომად. თავს ნამდვილ დედოფლად ვგრძნობდი და მიხარია, რომ ეს ერთი ოცნება წარმატებით ავიხდინე ჩემი მეუღლის დახმარებითა და გვერდში დგომით.
საქორწილო მოგზაურობა
ქორწილამდე 5 თვით ადრე დავიწყეთ თაფლობის თვეზე ფიქრი. ორივეს ძალიან გვინდოდა კოსტა რიკას ნახვა და მალევე გადავწყვიტეთ. გვინდოდა ისეთი ადგილი, სადაც მაქსიმალურად განვიტვირთებოდით და ადგილსაც კარგად გავეცნობოდით. კოსტა რიკა იდეალური არჩევანი იყო. ულამაზესი ადგილები თავისი პლიაჟებით, ვულკანებითა და ჯუნგლებით. თავი სულ სხვა პლანეტაზე მეგონა. აღფრთოვანებული დავრჩი გარემოთი და რაც მთავარია ძალიან კარგად დავისვენეთ ერთ წლიანი შრომის შემდეგ.
რჩევა მომავალ პატარძლებს
ეს კითხვა განსაკუთრებით მომეწონა. პირველ რიგში ვურჩევ, რომ ძალიან არ დაიძაბონ ქორწილის დღეს, ან თუნდაც ქორწილის გეგმის დროს.
ძალიან ბევრი საკითხი შეიძლება სწრაფად არ მოგვარდეს, ან ისე არ მოხდეს, როგორც თქვენ გინდათ, მაგრამ ყოველთვის არსებობს ალტერნატიული გზა. თუ რაიმე დაუგეგმავი მოხდება ქორწილის დღეს, გული არ დაიწყვიტოთ და ეცადეთ 100%-ით სიამოვნება მიიღოთ ამ დღისგან. არ მისცეთ საშუალება არავის და არაფერს, რომ თქვენს ხასიათზე იმოქმედოს. ეს დღე ძალიან მალე ჩაივლის, ამიტომ ეცადეთ, რომ მაქსიმალურად გაერთოთ და შეიგრძნოთ ბედნიერი წუთები.
ეცადეთ, რომ ყველა საქმე ცოტა ადრე მოიმთავროთ და ბოლო ერთი კვირა განიტვირთოთ. იკვებეთ ჯანსაღად, ივარჯიშეთ და სვით ბევრი წყალი, რაც დაგეხმარებათ, რომ იყოთ უფრო ენერგიულები და პოზიტიურები. ქორწილის დილას აუცილებლად ისაუზმეთ და დღის განმავლობაში სვით წყალი. მოერიდეთ ქორწილამდე რამდენიმე დღით ადრე გარეგნობის მკვეთრ ცვლილებებს. ქორწილის სამზადისში დაიხმარეთ მხოლოდ ისინი, ვისაც ენდობით და გულწრფელები არიან თქვენთან. ეცადეთ მაქსიმალურად თავად დაგეგმოთ ყველაფერი და ნაკლები ხალხი ჩარიოთ ამ საქმეში, ასე თავიდან აიცილებთ აზრთა სხვადასხვაობას და საბოლოოდ უფრო ნასიამოვნები დარჩებით შედეგით. ყველას დაუვიწყარ დღეს და ბედნიერ ცხოვრებას გისურვებთ.