
მოჭიდავე ბიჭის სიყვარულის ამბავი
ქორწილამდე
მე და ავთომ ერთმანეთი ზაფხულში გავიცანით. მე და ჩემმა მეგობარმა სვეტიცხოველში გადავწყვიტეთ წასვლა და ჩემთან ავთომ მოიყვანა მანქანით. პირველად ერთმანეთი მაშინ ვნახეთ. შემდეგ უკვე სტუმრად ვიყავით ამავე მეგობართან, როდესაც მეორედ შევხვდით ერთმანეთს და აქედან დაიწყო ჩვენი ურთიეთობა. სოციალურ ქსელში დავმეგობრდით და ნომრებიც გავცვალეთ. ერთმანეთს ძალიან ხშირად ვხვდებოდით, თითქმის ყოველდღე, თუმცა კვლავ მეგობრების გარემოცვაში. შემდეგ გარკვეული დროით გერმანიაში მოუწია წასვლა და როდესაც იქიდან დაბრუნდა, უკვე მარტოს მთხოვა შეხვედრა, აქედან უკვე სხვა ფაზაში გადავიდა ჩვენი ურთიერთობა. ავთო ძალიან თბილი და ყურადღებიანი აღმოჩნდა, ძალიან ხშირი კონტაქტი გვქონდა, სულ ვურეკავდით ერთმანეთს, ვხვდებოდით. ნოემბრის ბოლოს გამომიტყდა თავის გრძნობებში და რა თქმა უნდა, მეც არ დამიმალავს ჩემი გრძნობები. ამ დღიდან კი მალევე ნიშნობაც დავთქვით.
ხელის თხოვნა
მას შემდეგ, რაც შეყვარებულები გავხდით, ავთო ჩემთან ხშირად მოდიოდა სტუმრად. უფრო ახლოს გაიცნო ჩემი ოჯახი და მშობლები. ერთ-ერთი სტუმრობის დროს, როდესაც მამაჩემთან, რა თქმა უნდა, ძიუდოზე საუბრობდა, მამას უთხრა, რომ გარდა ჭიდაობისა, მის ცხოვრებაში კიდევ არსებობდა მნიშვნელოვანი ადამიანი, ვისთანაც სურდა ცხოვრების დაკავშირება და მამაჩემს ჩემი ხელი სთხოვა. უთხრა, რომ უნდოდა დავნიშნულიყავით და გაზაფხულზე ქორწილიც გადაგვეხადა. ეს გადაწყვეტილება ჩემთვის მოულოდნელი იყო, მაგრამ, რა თქმა უნდა, დავთანხმდი და ნიშნობა მაშინვე დავნიშნეთ.
მზადება ქორწილისთვის
ქორწილისთვის მზადება ახალი წლების შემდეგ დავიწყეთ. ვფიქრობდით, რომ 4 თვე საკმარისი დრო იქნებოდა მოსამზადებლად და თადარიგი დავიჭირეთ, მაგრამ რადგან სააღდგომო მარხვების შემდეგ მექორწინეთა რაოდენობა ძალიან დიდია, რესტორნის შერჩევა ცოტა გაგვიჭირდა. ბოლოს არჩევანი რესტორან შარბათზე შევაჩერეთ. რესტორნის შემდეგ კაბაზე ზრუნვა, შემდეგ კი წვრილ-წვრილი საორგანიზაციო საკითხების მოგვარება დავიწყეთ: ქორწილის დიზაინი, გაფორმება, ხელის მოწერის ცერემონია, ტორტი, თმა და მაკიაჟი, ფეხსაცმელი და სხვა. ყველაფერმა ამან სრულად წაიღო განსაზღვრული 4 თვე, ქორწილის ბოლო დღემდე არ დაგვისვენია. რაც მთავარია, ყველაფერი, ყველა დეტალი დამოუკიდებლად, მარტოებმა შევარჩიეთ და მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ სხვები არ გადაგვეღალა ჩვენი ქორწილის სამზადისით. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან შრომატევადია ეს პროცესი, ამავედროს ძალიან სასიამოვნოცაა და საბოლოოდ ჩვენი ოცნების ქორწილი შედგა.
კაბა
მინდოდა, რომ კაბა მართლაც განსაკუთრებული და გრანდიოზული ყოფილიყო. მთელი ცხოვრება ჩაფიქრებული მქონდა საოცნებო კაბა, რომელსაც მხოლოდ ერთხელ ჩავიცვამდი და მინდოდა ზუსტად ისეთი ყოფილიყო, როგორზეც ვოცნებობდი. ერთი წამითაც კი არ მიფიქრია სხვა საქორწინო სალონზე, არჩევანი თავიდანვე მარიონელაზე შევაჩერე, რადგან 100%-ით ვენდობოდი მათ ხარისხსა და პროფესიონალიზმს. შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. როდესაც პირველად მივედი კაბის მოსასინჯად, ემოციები ვერ შევიკავე და სიხარულისგან ტირილი დავიწყე, არ მჯეროდა, რომ ის კაბა, რომელსაც ვუყურებდი – ჩემი იყო. უდიდეს მადლობას ვუხდი მარიონელას, მის შემოქმედებით ჯგუფს და განსაკუთრებით ქეთი გეგეჭკორს, რადგან მათ ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი და ძვირფასი დღე გამილამაზეს. მოთმინებით ეკიდებოდნენ ჩემს წინასაქორწინო ემოციებს და ზრუნდავდნენ ჩემზე. ეს არის კაბა, რომელშიც არასოდეს არაცერთ დეტალს არ შევცვლიდი.
თმა და მაკიაჟი
ჩემს გარეგნობაზე იზრუნა სალონმა „საკურამიმ“. ძალიან მაღალი კლასის სალონია, პროფესიონალებითა და საუკეთესო მომსახურე პერსონალით დაკომპლექტებული. თმა ჩემმა სტილისტმა, ვივიმ გამიკეთა, რომელიც თავისი საქმის პროფესიონალია და არც მიფიქრია, რომ სხვა სალონში დამეტესტა თმა ქორწილამდე. მინდოდა, რომ თმა არ ყოფილიყო გადატვირთული და არაბუნებრივი. ამიტომ არჩევანი ნაწნავისებრ უკან ჩამოშვებულ სტილზე შევაჩერეთ. მაკიაჟი ვიჟასიტ ელამ გამიკეთა, ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც სხვისი გაკეთებული მაკიაჟი საოცრად მომეწონა. მაკიაჟი იყო ძალიან მდგრადი და მთელი ქორწილის განმავლობაში არცერთხელ არ დამჭირვებია კორექცია, ისევე როგორც თმის. ძალიან კმაყოფილი ვარ და კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდი მათ.
ლოკაცია
ჯვრისწერა სამებაში გვქონდა, ავთოს მოძღვარმა დაგვწერა. სამება უფრო კაბის სიდიდიდან გამომდინარე შევარჩიეთ, ისე ან სვეტიცხოველში ან სიონში ვაპირებდით. ხელის მოწერა ავთოს სურვილით რესტორანშივე გვქონდა. ქორწილი რესტორან შარბათში გადავიხადეთ. რესტორნის მენეჯერი ზაზა, განსაკუთრებით გვეხმარებოდა რესტორანთან (და არამარტო) დაკავშირებულ საორგანიზაციო საკითხებში, თავიდან ბოლომდე ჩართული იყო პროცესში და მასაც ძალიან დიდი მადლობა
ფოტოგრაფი და ფოტოსესია
ჩვენი ფოტოგრაფები იყვნენ ლიუ (ლევან ჩხატარაშვილი) და მისი მეუღლე, რომლებმაც არაჩვეულებრივი ფოტოები გადაგვიღეს, ნამდვილი პროფესიონალები არიან. ლოკაციები ერთად შევარჩიეთ. სამების ეზოს გარდა, ფოტოები გადავიღეთ ქეთო და კოტეს ბაღსა და შატო მუხრანში. ეს ადგილები იმიტომ შევარჩიეთ, რომ გაშლილი სივრცეა, კაბა მთლიანად გაიშალა სიმწვანეში და ულამაზესი გამოვიდა. თან სივრცე იძლეოდა საშუალებას, რომ კარგი სურათები გადაგვეღო, სტუმრებიც არ განიცდიდნენ დისკომფორტს სივიწროვის გამო. საბოლოო ჯამში ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს ადამიანები იყვნენ ჩემს გვერდით.
ქორწილი
ქორწილი ნამდვილად ულამაზესი იყო! ყოველგვარი პრობლემის გარეშე ჩაიარა. ყველა პატარძალს ალბათ ჰგონია, რომ მისი ქორწილი საუკეთესო და გამორჩეულია, მეც ასე მგონია. შესაძლოა ვერ ვიყო ობიექტური და სხვებმა განსხვავებულად შეაფასონ, მაგრამ ჩემთვის და ავთოსთვის ეს განსაკუთრებული და დაუვიწყარი დღე იყო. ზუსტად ისეთი გამოვიდა, როგორსაც ვგეგმავდით და რისთვისაც ამდენი ხანი ვემზადებოდით. გვიხაროდა სტუმრების კმაყოფილ სახეებს რომ ვხედავდით. ძალიან მოგვიწონეს ორგანიზება და არაჩვეულებრივი დრო გაატარეს. გვიანობამდე დარჩნენ, ცეკვავდნენ, ერთობოდნენ და გვილოცავდნენ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვან დღეს. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ზურა კახაბრიშვილის როლი ჩვენს ქორწილში, რომელსაც თამადობა ხვდა წილად და არაჩვეულებრივად წარუძღვა ქორწილს. ძალიან დიდი მადლობა მას.
საქორწინო მოგზაურობა
თაფლობის თვეში მალდივებზე წავედით. ულამაზესი ადგილია! ერთ-ერთი, რომელიც ყველა ადამიანმა უნდა მოინახულოს. საოცარი გარემო და სიმშვიდე იყო, საუკეთესო ადგილია ახალდაქორწინებული წყვილისთვის. 11 დღე ვიყავით და კიდევ გვინდოდა დარჩენა. საქართველოში უზომოდ კმაყოფილები და შთაბეჭდილებებით აღსავსენი დავრუნდით. მომავალში ამ ადგილს აუცილებლად მოვინახულებთ კვლავ.
რჩევა მომავალ პატარძლებს
მომავალ პატარძლებს ვურჩევ, რომ რამდენიმე თვით ადრე დაიწყონ საქორწინო სამზადისი, რადგან სრულყოფილებისთვის დრო არასოდესაა საკმარისი. ასევე ვურჩევდი, კარგად დარწმუნდნენ იმ კოლექტივის პროფესიონალიზმში, ვიზეც აკეთებენ არჩევანს, რადგან ეს დღე ერთხელაა და შემდეგ ვეღარაფერს შეცვლით. ნაკლები ინერვიულეთ და მეტი იძინეთ. ეცადეთ არ აყვეთ ემოციებს. დამიჯერეთ, ყველაფერი ნეგატიური დაგავიწყდებათ, როდესაც თქვენი ქორწილის დილა გათენდება.