
მეგობრობით დაწყებული ისტორიის მოულოდნელი დაგვირგვინება
ქორწილამდე
ჩვენი სიყვარულის ისტორია, რომელიც საბოლოოდ ქორწინებით დაგვირგვინდა, დაახლოებით 5 წლის წინ დაწყო. ბანალურია, მაგრამ ერთმანეთი საერთო მეგობართან გავიცანით. როგორც აღმოჩნდა, ლევანს ამ დღეს ძალიან დავამახსოვრდი, თუმცა იმ დღეს არ გამოუჩენია დიდი ყურადღება . შემდეგ დავმეგობრდით სოცილაურ ქსელში, მაგრამ დიდად არ ვკონტაქტობდით. გავიდა ორი წელი და ამ პერიოდის განმავლობაში არანაირი კონტაქტი არ გვქონდა ერთმანეთთან. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ლევანი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იღებდა ინფორმაციას ჩემს შესახებ. ერთ დღესაც ახლიდან დავმეგობრდით სოციალურ ქსელში და აქედან დაიწყო სწორედ ჩვენი სიყვარულის ისტორია, დაიწყო ყოველდღიური მიმოწერა და ეს გაგრძელდა ერთი თვის განმავლობაში. ერთი თვის შემდეგ კი შევხვდით (მეორედ) ერთმანეთს. თუმცა ამ ეტაპამდე ჩვენი მიმოწერა მხოლოდ მეგობრობით შემოიფარგლებოდა. ერთმანეთს არ ვუტყდებოდით, მაგრამ ალბათ უკვე ორივემ ვიცოდით, რომ ერთმანეთი ძალიან მოგვწონდა. ჩვენი ეს შეყვარებულობის ისტორია ორი წელი გაგრძელდა, იყო ძალიან ბევრი დასამახსოვრებელი და ფერედი დღეები. ძალიან ბევრჯერ მოახერხა ჩემი გაოცება, მოულოდნელი სიურპრიზებით მანებივრებდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. მოკლედ, მივხვდი, რომ ვიპოვე ის ადამიანი, რომელიც ყოველთვის მინდოდა გვერდით მყოლოდა და ბედნიერი ვარ, რომ ღმერთმა ასე დამაჯილდოვა.
ხელის თხოვნა
ხელის თხოვნა მოხდა ძალიან მოულოდნელად, უკვე თითქმის ქორწილის თარიღი გვქონდა გადაწყვეტილი. ერთ დღეს როდესაც უნივერსიტეტიდან მოვყავდი, მითხრა სახლში გავიაროთო რაღაც მინდა ავიღოო. სახლში მისულებს კი ეს სიურპრიზი დამახვედრა და მოულოდნელად ხელი მთხოვა. სახლში სადაც მომავალში ჩვენ უნდა გვეცხოვრა და ახლა ვცხოვრობთ. ძალიან ბედნიერი დღე იყო, ყოველთვის ტკბილად მემახსოვრება.
ქორწილის სამზადისი
ქორწილის სამზადისი არის ალბათ ყველაზე ტკბილი და კარგი პერიოდი ყველა გოგოს ცხოვრებაში. ყოველთვის ოცნებად მქონდა დიდი თეთრი კაბა მცმოდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს მეუღლეს კატეგორიულად არ სურდა ქორწილი, ჩემი ოცნება მაინც რეალობად აქცია და შემისრულა ყველაზე დიდი სურვილი. ყველაფერი მე მომანდო, რომ რაც მინდოდა და როგორიც მინდოდა ყველაფერი სწორედ ისე გამეკეთებინა. სამზადისი დაახლოებით სამი თვით ადრე დავიწყეთ. ყველაფერი მე და ჩემმა მეუღლემ ავიღეთ ჩვენს თავზე, ყველა წვრილმანი და დეტალი. ვფიქრობ, ეს კიდევ უფრო ორმაგად სასიამოვნოა. ქორწილის გადახდა გადავწყვიტეთ რესტორან თავადურში და ძალიან სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ , ყველაფერი ძალიან კარგი იყო, მუსიკა ფანტასტიური. ჩვენც და ყველა სტუმარიც ძალიან კარგად გავერთეთ. ასევე ძალიან ტკბილ მოგონებად მემახსოვრება ამ სამზადისის პროცესში ცეკვის დადგმა. რა თქმა უნდა, არის გარკვეული სირთულეები საქორწილო მზადებისას, თუმცა იმდენად სასიამოვნოა ეს პროცესი, რომ ყველა სირთულე გიმარტივდება. მოკლედ ძალიან სასიამოვნო და კარგი პერიოდია. ვთვლი რომ ყველა გოგოს უნდა ეცვას თეთრი კაბა და ის ერთი დღე ნამდვილი დედოფალი იყოს.
კაბა
ყოველთვის მინდოდა დიდი, გაშლილი, პრინცესული კაბა მცმოდა, თუმცა არა გადატვირთული. კაბა რომელიც შერჩეული მქონდა უნდა შემეკერა. მოვიარე ყველა სალონი რაც კი თბილისის მაშტაბით არსებობდა და საბოლოო არჩევანი გავაკეთე მარიონელაზე და ვფიქრობ , რომ მართლაც საუკეთესოები არიან ამ მხრივ. მადლობა მათ. ზუსტად ისეთი კაბა მეცვა, როგორიც მინდოდა და როგორიც წარმომედგინა.
თმა და მაკიაჟი
თმა და მაკიაჟი გავიკეთე „სილამაზის აკადემიაში“. ძალიან ძალიან კარგები არიან. მაკიაჟი გამიკეთა სუპერ პროფესიონალმა, ანა ბერიძემ, ხოლო თმა- ნატამ. ორივე საუკეთესოები არიან. ვფიქრობ სწორი არჩევანი გავაკეთე. ქორწილის წინა მღელვარება იქ საერთოდ მომეხსნა, საოცრად კარგი გარემოა. მადლობა მათ.
ლოკაცია
ჩვენი ჯვრისწერა იყო ნამდვილად განსაკუთრებული ნიშნით შერჩეული, ჯვარი დავიწერეთ საგურამოს ეკლესიაში, სადაც ჩემი მეუღლის კლასელი და ბავშვობის მეგობარი არის ბერი. ულამაზესი ადგილია და განსაკუთრებული გარემო. თავად ქორწილს რაც შეეხება – რესტორან თავადურში გვქონდა და არჩევანით ნამდვილად კმაყოფილი ვართ.
ფოტოგრაფი და ფოტოსესია
სანამ საბაოლოოდ გადავწყვეტდით ქორწილის თარიღს, უკვე წინასწარ გადაწყვეტილი მქონდა, თუ ვის უნდა გადაეღო ჩემი ქორწილი. ჩვენი ფოტოგრაფი იყო გურამ ქართველიშვილი, თავიდანვე მომწონდა მისი ფოტოები. ვიდეო კი ვანო მაზმიშვილმა გადაიღო, რომელიც ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ მაქსიმალურად ბევრი კარგი კადრი გვქონოდა, საბოლოოდ გამოვიდა ის რაც გვინდოდა. ფოტოსესია გვქონდა სალონში, სახლში, ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში, თვითონ საგურამოს ეკლესიის ეზოში და გამოფენაზე.
ქორწილი
ქორწილის დღეს პირველად, რა თქმა უნდა, წავედი სალონში. საშინელი წვიმა იყო. დილა დიდი ნერვიულობით დაიწყო, თუმცა როდესაც სალონში მივედი ისეთი გარემო შემიქმნეს, რომ ყველანაირი დაძაბულობა მომიხსენს. ამავე დროს უნდა ავღნიშნო როგორ მამხნევებდა გურამი, ჩემი ფოტოგრაფი, რომ ღრუბლიანში უფრო კარგი ფოტოები გამოდისო. მოკლედ ტრადიციული ცერემონიალების შემდეგ წავედით გამოფენაზე სადაც ისე გავერთეთ, რომ თითქმის დაგვავიწყდა რესტორანშიც რომ ვიყავით მისასვლელები.
ქორწილმა იდეალურად, ხარვეზები გარეშე ჩაიარა. ყველაფერი ზუსტად ისე იყო, როგორც მინდოდა რომ ყოფილიყო. მაქსიმალურად ვეცადეთ მეც და ლევანიც , რომ სტუმრებისთვის სასიამოვნო გარემო შეგვექმნა და მაქსიმალურად ყველა ჩაგვერთო მხიარულებაში.
საქორწილო მოგზაურობა
საქორწილო მოგზაურობაში წავედით პარიზში, სადაც მოვიარეთ თითქმის ყველა ღირსშესანიშნაობა, რისი ნახვაც შეიძლებოდა. ჩვენი ქორწილი 12 მაისს გაიმართა და მოგზაურობა ისე დავამთხვიეთ, რომ ჩემი დაბადების დღე იქ ავღნიშნეთ. ზუსტად 12 საათზე შევხვდით ეიფელთან. რა თქმა უნდა განსაკუთრებული იყო ეს დაბადების დღე ჩემთვის. წარმოუდგენლად კარგი დრო გავატარეთ ამ მოგრაუზობისას. უამრავი შთაბეჭდილება მივიღეთ, რომელიც არანაკლებ სასიამოვნო იყო ქორწილზე.
რჩევა მომავალ პატარძლებს
მომავალ პატარძლებს ვურჩევ, რომ სამზადისი დიდი ხნით ადრე დაიწყონ. არ დაინანოთ თანხები თქვენს საქორწილო კაბაში, რომელიც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ამ დღეს. შეარჩიეთ ისეთი, რომელიც თქვენ ნამდვილად მთელი გულით გინდათ და რაზეც აქამდე ოცნებობდით.
მაქსიმალურად ეცადეთ მოიხსნათ დაძაბულობა და ამ ყველაზე მნიშვნელოვანი დღისგან მაქსიმალური სიამოვნება მიიღოთ. ეს არის დღე, რომელიც მთლიანად ცვლის თქვენს ცხოვრებას.