
მეგობრობიდან დაწყებული ურთიერთობის Happy End 10 წლის შემდეგ
ქორწილამდე
მე და გეგამ ერთმანეთი 2007 წელს, სკოლაში გავიცანით . მაშინ მე-7 კლასში ვიყავით. საკმაოდ ცოტანი ვიყავით ჯგუფში, თუმცა მიუხედავად ამისა, მთელი წლის მანძლზე გამარჯობაც არ გვქონდა ერთმეთისთვის ნათქვამი. სიმართლე გითხრათ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ 10 წლის შემდეგ ეს ადამიანი ჩემი მეუღლე გახდებოდა. 2008 წელს მე ამერიკაში გადავედი საცხოვრებლად, რის შემდეგაც სრულიად გავწყვიტეთ ურთიერთობა. 2009 წლის ახალ წელს კი სრულიად შემთხვევით ტელეფონზე ზარი შემოვიდა საქართველოდან. გეგამ დამირეკა და ახალი წელი მომილოცა, რასაც საერთოდ არ ველოდი, თუმცა უზომოდ გამიხარდა. ამის შემდეგ ერთი დღეც არ გასულა, რომ ერთმანეთისთვის არ მიგვეწერა. ძალიან დავახლოვდით. არ არსებობდა, რომ რაიმე დაგვემალა ერთმანეთისგან. შეგვეძლო საათობით გველაპარაკა ისე რომ არ დავღლილიყავით. არაჩვეულებრივი იუმორის გრძნობა აქვს, რაც ჩემთვის მისი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი თვისებაა. თუმცა მიუხედავად ამისა, ძალიან რთული იყო ამერიკიდან საქართველოში 9 საათის განსხვავებით კონტაქტი. თითქმის სულ ღამეებს ვათენებდით, რადგან მხოლოდ მაშინ შეგვეძლო ერთმანეთთან კონტაქტი. ძალიან დიდ წერილებს ვუტოვებდით ხოლმე ერთმენეთს, როდესაც მეორეს ეძინა, რათა დილით წერილი დახვედროდა. ვუყვებოდით როგორ ჩაიარა დღემ და რა მოხდა საინტერესო. ვერ აგიღწერთ როგორ მიყვარდა ამ წერილების წაკითხვა. ზაფხულობით ხშირად ჩამოვდიოდი საქართველოში, თუმცა ეს მხოლოდ 2-3 კვირა გრძელდებოდა, რაც ძალიან ცოტა იყო. 15 წლისები ვიყავით, როდესაც გადავწყვიტეთ, რომ შორ მანძლზე ურთიერთობა გვეცადა ეს კი იმაზე გაცილებით რთული აღმოჩნდა, ვიდრე გვეგონა. მწუხარება თუ ბედნიერება, ორივე ძალიან რთული იყო შორ მანძილზე გაგვეზიარებინა ერთმანეთისთვის, თუმცა როგორღაც შევძელით და ჩვენი ურთიერთბა შევინარჩუნეთ. როდესაც სკოლა დავამთავრე ამერიკაში, ერთ დღესაც გადავწყვიტე, რომ საქართველოში ჩამოვსულიყავი და აქ ცხოვრება მეცადა. თავიდან საოცრად გამიჭირდა ყველაფერზე შეგუება, რადგან სხვანაირად ვიყავი გაზრდილი, თუმცა გეგა ყოველთვის ყველაფერში გვერდით მედგა და მან გადამატანინა ყველა დაბრკოლება. თითქმის ერთად გავიზარდეთ და ყველა ცხოვრებისეული ნაბიჯი ერთად გადავდგით, რამაც ძალიან დაგვაახლოვა ერთმანეთთან. გეგა ჩემთვის მარტო მეუღლე არ არის, ის არის ადამიანი რომელთან ერთადაც ვისწავლე ყველაფერი ცხოვრებაში, ადამიანი რომელსაც შემიძლია ნებისმიერი რამ ვუთხრა და შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ძალიან ძლიერი ურთიერთობა გვაქვს. ალბათ მართალია, როდესაც ამბობენ რომ ყველაზე ძლიერი ურთიერთობა მეგობრობიდან იწყება.
ხელის თხოვნა
გამომდინარე იქედან, რომ ჩემი და გეგას მშობლები ერთმანეთს პირადად არ იცნობდნენ, გადავწყვიტეთ, რომ ხელის თხოვნა ტრადიციული ყოფილიყო, რის მეშვეობითაც მშობლებიც უკეთ გაიცნობდნენ ერთმანეთს. წინასწარ დავგეგმეთ თარიღი, ჩემი მშობლები და ძმა ამერიკიდან ჩამოვიდნენ და ნიშნობა ოჯახურ წრეში, 11 თებერვალს, ქორწილამდე 2 კვირით ადრე გავმართეთ. საქორწინო ბეჭდები წინასწარ ავარჩიეთ, რადგან განსხვავებული გვინდოდა, რომ გვქონოდა. ნიშნობის ბეჭედიც თავად ავარჩიე, რათა ჩემი ოცნების ბეჭედი მეტარებინა მთელი ცხოვრება.
ქორწილის სამზადისი
ქორწილის მზადება სექტემბერში დავიწყეთ. ძალიან გვიყვარს ყველაფრის დაგეგმვა და ორგანიზება, ამიტომ მთელი ქორწილი მე და გეგამ დავგეგმეთ. შევქმენით ქორწილის დღიური, სადაც თავიდან უბრალოდ სურვილებს ვწერდით, რა გვინდოდა ქორწილში რომ გვქონოდა. სია ძალიან გრძელი იყო და ამიტომაც გადავწყვიტეთ რომ გეგმების განხორციელება დროულად დაგვეწყო. ქორწილი 25 თებერვალს გადავწყვიტეთ, რესტორან ბაბილო მიუზიკ ჰოლში. როდესაც რესტორანი და თარიღი გადაწყდა, უკვე თავისუფლად შეგვეძლო, რომ დაგვეწყო იდეების განხორციელება. ძალიან აქტიურები ვართ ორივე, ამიტომ ორივეს გვინდოდა რომ მაქსიმალურად ყველაფერი გაგვეკეთებინა იმისთვის, რომ ქორწილი ჩვენთვის და სტუმრებისთვის სასიამოვნო ყოფილიყო. ამიტომ პირველ რიგში გადავწყვიტეთ, რომ წამყვანი გვყოლოდა, რათა მთელი ქორწილი თანამედროვე ყოფილიყო. წამყვანი იყო ზურა მანჯავიძე, რომელიც არის არაჩვეულებრივი ადამიანი, არაჩვეულებრივი წამყვანი , მომღერალი და ამასთანავე მეგობარი. მთელი ამ პერიოდის მანძილზე ძალიან ბევრჯერ შეგვხვდა და ბევრ საკითხზე გვესაუბრა, თუ რა შეიძლებოდა გაგვეკეთებინა. გადავწყვიტეთ რომ ცეკვები დაგვედგა. გეგა არაჩვეულებრივად ცეკვავს, თუმცა მე ქართული ტრადიციული ცეკვა არასდროს არ ვიცოდი, ამიტომ დავიწყეთ ქორეოგრაფთან სიარული 1 თვით ადრე. ქართულ ცეკვასთან ერთად გვინდოდა რომ ტანგო შეგვესრულებინა, რაშიც არაჩვეულებრივი მოცეკვავე, გიორგი კობერიძე დაგვეხმარა. ტანგოს სწავლა იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე წარმოგვედგინა. თითქმის ყოველ საღამოს, 9 საათიდან 12 საათამდე ვცეკვავდით. გიორგის დაუღალავმა შრომამ და ჩვენმა მაქსიმალურმა მონდომებამ შედეგი გამოიღო და ტანგო ძალიან კარგად ვიცეკვეთ. თუმცა ყველაფერი ამით არ მთავრდება ცეკვებთან ერთად სიმღერაც გადავწყვიტეთ. ძალიან სახალისო და სასიამოვნო იყო ჩვენთვის და ასევე სტუმრებისთვისაც. მომღერლებიც ჩვენით ავირჩიეთ.ქორწილის დიზაინი ედემ გვარამიანს მივანდეთ, რომელიც არაჩვეულებრივი პიროვნება და საოცარი დიზაინერია. რესტორანი იმაზე უფრო ლამაზი და დახვეწილი იყო ვიდრე ამას წარმოვიდგენდი რისთვისაც უღრმესი მადლობა ედემს. განათება, ხმის ოპერატორი, რესტორნის პერსონალი ყველას წინასწარ შევხვდით და ყველას ჩამოწერილი მითითებები დავურიგეთ, რათა მათაც გაადვილებოდათ თავიანთი სამუშო.
კაბა
ჩემს კაბაზე მარიონელამ იზრუნა და პირადად ქალბატონ ლელა ტურძელაძეს მინდა მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ ჩემი საოცნებო კაბა შეკერა. ძალიან მინდოდა რომ 2017 წლის პრონოვიასის კაბის დიზაინი ყოფილიყო და მარიონელამ აბსოლუტური სიზუსტით შექმნა ჩემი ოცნების საქორწინო კაბა. დედამ რამოდენიმე ცვლილება შეიტანა კაბაში, რამაც ის უფრო დახვეწილი და ელეგანტური გახადა. კაბა პირველად რომ დავინახე, ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა, რადგან ზუსტად ისეთი იყო როგორზეც ვოცნებობდი.
თმა და მაკიაჟი
ჩემს ვარცხნილობაზე იზრუნა სალონმა „Le Soleil”, კერძოდ კი ვახო ბარნოვმა, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა მას, რადგან თავისი საქმე პროფესიონალურ დონეზე შეასრულა. მაკიაჟი მაკა შავერდაშვილმა გამიკეთა, რომლის დასახასიათებლადაც სიტყვებიც კი არ მყოფნის. საოცარი შესაძლებლობის მქონე ადამიანია. ყველა დეტალზე გაამახვილა ყურადღება და მაქსიმალურად ეცადა. რომ ჩემს უბედნიერეს დღეს ყველაზე ლამაზი ვყოფილიყავი, რისთვისაც უღმესი მადლობა მას.
ლოკაცია
ჯვრისწერას ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ვთვლი, რომ ეს ყველაზე საპასუხისმგებლოა მთელი დღის მანძლზე, ამიტომ უზომოდ ბედნიერი ვიყავი, როდესაც ჯვრის მონასტერზე შევაჩერეთ არჩევანი. არაჩვეულებრივი ამინდი დაგვემთხვა 25-ში, ამიტომ ყველაფერი ულამაზესი იყო. ქორწილი რესტორან ბაბილო მიუზიკ ჰოლში გადავწყვიტეთ და ხელისმოწერის ცერემონიაც იქვე გავმართეთ. არაჩვეულებრივი, თანამედროვე გარემოს და უგემრიელესი კერძების შერწყმა იყო რესტორანი ბაბილო მიუზიკ ჰოლი, რომელმაც ყველა ის შესაძლებლობა მომცა, რომ ქორწილი ზუსტად ისეთი ყოფილიყო, როგორზეც ყოველთვის ვოცნებობდი.
ფოტოგრაფი და ფოტოსესია
ფოტოგრაფი ირაკლი ლაფაჩი გვყავდა, რომელსაც ასევე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მისი დაუღალავი შრომისთვის, რადგან 1 წუთიც კი არ ყოფილა ისეთი, რომ აღბეჭდილი არ ჰქონოდა. ირაკლის რჩევიც ერთი ფოტოსესია ნატახტარის აეროდრომზე გვქონდა, სადაც არამარტო ლამაზი სურათები, არამედ არაჩვეულებრივი გართობაც გამოგვივიდა. მეორე ლოკაცია კი მომას (ზურაბ წერეთლის) მუზეუმში გვქონდა. ირაკლის ქორწილამდე რამოდენიმეჯერ შევხვდით, იმისთვის, რომ საჭირო რჩევები მოეცა, რათა ქორწილში ფოტოსესიას გაცილებით ადვილად ჩაევლო.
ქორწილი
ქორწილმა არაჩვეულებრივად ჩაიარა! ულამაზესი ინტერიერის დიზაინით, უგემრიელესი კერძებით და გემოვნებიანი მუსიკით. ძალიან მრავალფეროვანი ქორწილი გამოვიდა. გვყავდა თბილისური კვარტეტი, სოფო და ბორის ბედია, თემო რცხილაძე, მაკა გამყრელიძე, გიორგი ღვინიაშვილი და ბოლოს DJ Rembo, რომელიც არამარტო საუკეთესო DJ, არამედ არაჩვეულებრივი პიროვნებაა, რომელმაც ძალიან ბევრი რჩევა მოგვცა და რისთვისაც უღრმესი მადლობა მას. მე და გეგამ შევასრულეთ დაისი, ტანგო და ვიმღერეთ დუეტში. ჯამში თამამად ვიტყვი, რომ საუკეთესო ქორწილი გვქონდა. ისეთი, როგორსაც 5 თვე ვგეგმავდით და როგორზეც ყოველთვის ვოცნებობდით.
საქორწინო მოგზაურობა
უნივერსიტეტიდან გამომდინარე საქორწინო მოგზაურობა სამწუხაროდ ჯერ არ გვქონია. ვერ შევძელით, რომ გაგვეცდინა, თუმცა იმედი მაქვს, რომ საქორწინო მოგზაურობაც ისეთივე არაჩვეულებრივი იქნება, როგორიც ქორწილი იყო.
რჩევა მომავალ პატარძლებს
ძალიან მომწონს ეს კითხვა, რადგან ჩემი აზრით აუცილებელია გამოცდილების გაზიარება და რჩევების მიცემა, როდესაც ეს დღე უკვე გამოცდილი გაქვს. პირველ რიგში ვურჩევ მომავალ პატარძლებს, რომ ქორწილის დღეს მაქსიმალურად მშვიდად იყვნენ და არ ინერვიულონ, რადგან დღის მანძილძე შეიძლება, რომ გაუთვალისწინებელი რამ მოხდეს რისთვისაც წინასწარ ფსიქოლოგიურად მზად უნდა იყვნენ. არავის და არაფერს არ მისცეთ იმის უფლება, რომ თქვენს უბედნიერეს დღეს ხასიათი გაგიფუჭონ. დღე ძალიან სწრაფად ჩაივლის, ამიტომ გირჩევთ, რომ თითოეული წუთი ბედნიერად გაატაროთ და სიამოვნებით დატკბეთ. ეს დღე თქვენია და ეცადეთ რომ საკუთარი ქორწილის ორგანიზატორები თვითონ იყოთ და ყველანაირ დეტალში ჩაერთოთ. დრო სწორად გათვალეთ და იცოდეთ, რომ თმაზე და მაკიაჟზე დრო იმაზე მეტი დაგჭირდებათ, ვიდრე საჭიროა. გისურვებთ დაუვიწყარ დღეს და ცხოვრების ბედნიერად გატარებას.