დაბედებული სიყვარული
ქორწილამდე
მე და გიორგიმ, 2014 წლის 2 იანვარს, ბედობა დღეს, საერთო მეგობრის საშუალებით გავიცანით ერთმანეთი. ურთიერთობიდან 6 თვეში მივხვდით, რომ ყველაზე რთული ჩვენს ცხოვრებაში, საღამოს განშორება და შინ ცალ-ცალკე წასვლა იყო. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ერთად გადავსულიყავით საცხოვრებლად და სულ ერთად ვყოფილიყავით. თანაცხოვრების გარკვეული დროის შემდეგ, მივხვდით, რომ ორივეს ძალიან გვინდოდა შვილი და ამისთვისაც მზად ვიყავით. სულ მალე კი ჩვენს ოჯახს ახალი წევრი, დავიდ ამყოლაძე შეემატა. ბავშვი ესპანეთში გავაჩინე და მისი დაბადების შემდეგ, გადავწყვიტეთ, რომ საქართველოში დაბრუნებულები, ქორწილს გავმართავდით და დავაკანონებდით ჩვენს თანაცხოვრებას.
სამზადისი
2016 წლის თებერვალში დავიწყეთ ქორწილისთვის მზადება, რომელიც 1-ელ სექტემბერს უნდა ყოფილიყო. ძალიან ბევრი ვიშრომე იმისთვის, რომ ჯერ მომეძებნა სტაფი, რომელიც ჩემს წარმოდგენაში არსებული ქორწილის მონახაზს აქცევდა რეალობად და ბოლოს ნამდვილად ვიპოვე ასეთი კომპანია „შოუ თაიმი“, რომელმაც შეიძლება ითქვას, რომ ოცნების ქორწილი რეალობად მიქცია.
კაბა
კაბა იყო პირველი, რაზეც ფიქრი დავიწყე. ყველა ცნობილი ბრენდული საქორწინო კაბის კოლექცია ვნახე, მინდოდა, რომ განსაკუთრებული ყოფილიყო, ბოლოს კი გადავწყვიტე, რომ ანუკი არეშიძისთვის მიმენდო ჩემი კაბის დიზაინზე ზრუნვა. მინდა აღვნიშნო, რომ ანუკი არის ყველაზე ნიჭიერი და მოწესრიგებული ადამიანი, ვისთანაც მითანამშრომლია. ჯერ ესკიზებიდან რომ დავიწყოთ, თითქმის ყველა ვარაიანტის ესკიზი გამიკეთა და ერთობლივად შევქმენით ჩემი კაბა, რომელიც მართლა ზღაპრული იყო. ულამაზესი გამოვიდა. გოგოებმა თვეობით იშრომეს იმისთვის რომ ჩემი კაბა სრულყოფილი გამოსულიყო. სულ ხელით იყო დამუშავებული და რაც მთავაქრია ძალიან მიხდებოდა.
ბეჭდები
ბეჭდები არის ის, რაც მთელი ცხოვრება უნდა გეკეთოს ხელზე, ამიტომ მინდოდა განსხვავებული, გამორჩეული, ლამაზი და შესაბამისად ძალიან ძვირფასი ყოფილიყო, რომელიც არ გაუფასურდებოდა დროთა განმავლობაში და არ მომბეზრდებოდა, ამიტომ არჩევანი გავაკეთეთ cartier-ის love კოლექციის, ვარდისფერი ოქროს ბეჭდებზე. სამწუხაროდ ამ ბრენდის ბეჭდები საქართველოშ არ იყიდება, ამიტომ ჩემი დედამთილი მის შესაძენად პარიზში გაემგზავრა.
თმა და და მაკიაჟი
ჩემი თმა ქორწილისთვის სამი თვე ემზადებოდა გოგასუს-თან. გადავაყოლე გოგა ჩემ ქორწილს. ბოლოს მეჩხუბებოდა, ჩემი ქორწილია თუ შენიო, შევჭამე. მაგრამ მინდა ვთქვა, რომ საუკეთესოა! საქართველოში გოგაზე პროფესიონალი სტილისტი არ არსებობს და შესაბამისად ძალიან ლამაზი ვარცხნილობა გამომივიდა. ბუნებრივი და უცხო. მაკიაჟი იზრუნა ლანა მატახერიამ, რომელმაც უნაკლოდ გამიკეთა ულამაზესი ბუნებრივი მაკიაჟი. ძალიან მომწონს მე ბუნებრივობა, ამიტომ ძალიან მსუბუქადა და ლამაზად მქონდა სახეც და თმაც.
ლოკაცია
ჯვრისწერა გვქონდა კლდის უბნის ეკლესიაში, სადაც ნიშნობა (დაწინდვა) გვქონდა მანამდე გაკეთებული. , შევარჩიეთ, რა თქმა უნდა, სასულიერო პირის მიხედვით და გაგვიმართლა, რომ ულამაზესი ხედია და ძალიან ლამაზი სურათებიც გამოვიდა. ხელმოწერა და უშუალოდ ქორწილი, ოტიუმში გავმართეთ.
ფოტოგრაფი და ფოტოსესია
ფოტოსესია გაგვიკეთა დიტო თედიაშვილმა. ძალიან დავაგვიანეთ ყველაფერზე, დაგეგმილი გვქონდა სულ სხვა ლოკაციები, მაგრამ ვერ მოვასწარით და ეთნოგრაფიულში და კუს ტბაზე გადავიღეთ ფოტოები. ისე ვინერვიულე მეგონა სურათები არ მექნებოდა ქორწილის, რადგან ესე მოხდა, მაგრამ სურათები რომ მომიტანა დიტომ, გავგიჟდი! როგორ მოახერხა და როგორ გადაიღო ესეთი ლამაზი ფოტოები, არ ვიცი. ნახატს გავს ეთნოგრაფიულის ფოტოები. ძალიან კმაყოფილი ვარ, ძალიან კარგი ადამიანია დიტო და დიდი მადლობა მას რომ ასე გამახარა.
ქორწილი
მთელი ქორწილის გეგმა მქონდა წინასწარ დაგეგმილი და დამუშავებული. ორგანიზებაზე და ფეიერვერკზე იზრუნა კომპანია შოუთაიმმა და ძალიან დიდი მადლობა მათ, რადგან ყველა დეტალი აბსოლუტურად როგორც მინდოდა, ისე იყო. ძალიან კმაყოფილი დავრჩი. სტუდია „თელა“-მ და ანსამბლ „იმედმა“ დაგვიდგეს ცეკვები ქორწილისთვის. გაფორმება გამიკეთა ედემი გვარმიანმა, უსაყვარლესმა ადამიანმა, რომელმაც ძალიან ბევრი იშრომა იმისთვის, რომ ჩემი ქორწილი ყოფილიყო იდეალური და ძალიან დიდი მადლობა ედემიკოს! ძალიან შემიყვარდა ყველა, ვინც მონაწილეობა მიიღო ჩემი ქორწილის ორგანიზებაში. დამსწრე საზოგადოება შოკში იყო, ესეთი ორგანიზებული ქორწილი არ გვინახავსო. უღრმესი მადლობა შოუთაიმს.
საქორწინო მოგზაურობა
თაფლობის თვეში მაშინვე არ წავსულვართ, იანვარში ვგეგმავთ ჩვენს პატარასთან ერთად მილანში გამგზავრებას.
რჩევა მომავალ პატარძლებს
მომავალ პატარძლებს ვურჩევ, რომ აიყვანონ კომპანია, რომელიც ყველაფრის ორგანიზებას გააკეთებს. მე რეკომენდაციას ვუწევ შოუთაიმს. ნამდვილად ღირს მათთან თანამშრომლობა იდეალურად ართმევენ თავს თავიანთ საქმეს.