
ხელის თხოვნა იახტაზე და მოულოდნელი ქორწილი
ქორწილამდე
მე და გიორგიმ ერთმანეთი 4 წლის წინ გავიცანით , საერთო სამეგობროს მეშვეობით. თავიდან ჩვენი ურთიერთობა მეგობრობით დაიწყო და გარკვეული პერიოდი ვმეგობრობდით, შემდგომში კი მეგობრობა სიყვარულში გადაგვეზარდა. შეყვარებულობაში არაჩვეულებრივი 2.5 წელი გავატარეთ, რომელიც სავსე იყო ბედნიერი დღეებით. გიორგი ძალიან რომანტიკული ადამიანია, შესაბამისად ყოველთვის საოცარი სიურპრიზებით მანებივრებდა. საბედნიეროდ რთული პერიოდები ურთიერთობაში ფაქტობრივად არ გვქონია, რამაც დადებითად იმოქმედა ჩვენს სიყვარულზე და საბოლოოდ ჩვენი ურთიერთობა ქორწინებით დაგვირგვინდა.
ხელის თხოვნა
ხელის თხოვნა სრულიად მოულოდნელი და ამავედროს დაუვიწყარი იყო. ემოციებით აღსავსე. როგორც ზემოთ აღვნიშნე, გიორგის კარგად ეხერხება სიურპრიზების მოწყობა, ესეც ერთ-ერთი მათგანი იყო. მეგობრებთან ერთად ბათუმში ვიყავით და იმ დროს, როდესაც მათთან ერთად იახტით მივცურავდით, მოულოდნელად ხელი მთხოვა. როგორც გაირკვა, მეორე დღისთვის ხელის მოწერის ცერემონიაც კი დაგეგმილი ჰქონდა. ეს ყველაფერი იმდენად კარგად იყო ორგანიზებული, იმდენად ლამაზად და რომანტიულად, რომ ყოველთვის დაუვიწყარი მომენტი იქნება ჩემს ცხოვრებაში.
მზადება ქორწილისთვის
ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ ქორწილისთვის მზადება ძალიან დამღლელი და შრომატევადი საქმეა, მაგრამ ამავედროს ძალიან სასიამოვნო. სამზადისი ქორწილამდე 2 თვით ადრე დავიწყეთ. ქორწილს უშუალოდ ჩვენ ვგეგმავდით, მაგრამ აქტიურად იყვნენ ჩართულნი ჩვენი ოჯახის წევრებიც, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს ამ საქმეში
კაბა
კაბა ჩემი გემოვნებით შევარჩიე berta-ს გვერდზე და გადავწყვიტე ეს საქმე მარიონელას გუნდისთვის მიმებარებინა. საბოლოოდ ვრწმუნდები, რომ არ შევმცდარვარ არც კაბის დიზაინის და არც მათი შემქმნელების არჩევაში.
ტორტი
ტორტიც ასევე ჩემი დიზაინით იყო შეჩეული, რომელიც დატვირთული იყო ბუნებრივი ყვავილებით. მინდოდა რაც შეიძლება ორიგინალური და განსხვავებული ყოფილიყო .
თმა და მაკიაჟი
ვარცხნილობაც და მაკიჟიც პროფესიონალ ადამიანებს მივანდე. მაკიაჟი ელისო ჯიშკარიანს ეკუთვნის, თმა კი ეკა მინდიაშვილს, რომლებმაც გამაოცეს თავიანთი პროფესიონალიზმით.
ლოკაცია
ჯვარი ბაგრატის ტაძარში დავიწერეთ. ხელის მოწერის ცერემონია ბათუმში, სასტუმრო ეიფორიის ვერანდაზე გვქონდა, ხოლო უშუალოდ ქორწილი ქუთაისში, რესტორან ქალაქურში გაიმართა.
ფოტოგრაფი და ფოტოსესია
ჩვენი ფოტოგრაფი ალექს აფციაური იყო, რომელმაც გვაჩუქა ისეთი საოცარი ფოტოები, რომელთა ყურებაც ყოველთვის კარგ ხასიათზე დაგვაყენებს. ვფიქრობ ქორწილის მთავარი დეტალია ფოტოებია, კადრები, რომლებიც ასახავს შენთვის უმნიშვნელოვანესი დღის საუკეთესო მომენტებს. ფოტოსესია დაიწყო მარიონელაში შემდეგ კი წყალტუბოში გაგრძელდა .
ქორწილი
ქორწილის დილა სალონ ელიზიუმში დაიწყო, მომზადების შემდეგ ფოტოსესია მარიონელაში და წყალტუბოში გაგრძელდა. ჯვრისწერის შემდეგ კი რესტორნისკენ გავემართეთ. რესტორანში მრავალჟამიერის თანხლებით შევედით, მალევე შევასრულეთ საქორწილო ვალსი, რომელიც სპეციალურად გვქონდა დადგმული. მოგვიანებით კი დაისი ვიცეკვეთ. ასევე შემიძლია აღვნიშნო საქორწილო დიზაინი, რომელიც ულაზესად იყო გაფორმებული ყვავილებითა და შანდლებით. დიზაინერმა გასაოცარი და ზღაპრული გარემო შექმნა, სრული სიზუსტით შეასრულა ჩემი ჩანაფიქრი, რაც პირადად ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო მეგი ნიჟარაძეს. რაც შეეხება მუსიკალურ მხარეს, ამაზე მომღერლებმა და ბენდ “მუზეუმმა” იზრუნეს. სცენაზე დამოტაჟებულ უზარმაზარ ეკრანზე გამოსახული იყო ჩვენი ფოტოები და კლიპი, რომელიც არანაკლებ ამაღელვებელი იყო დამსწრე საზოგადოებისთვის. ქორწილმა იდეალურად ჩაიარა. ყველაფერი ზუსტად ისე იყო, როგორც მინდოდა რომ ყოფილიყო. მე და გიო მაქსიმალურად ვეცადეთ სტუმრებს სიამოვნება მიეღოთ და მოწყენის საშუალება არ ჰქონოდათ და ვფიქრობ შევძელით კიდეც.
საქორწილო მოგზაურობა
თაფლობის თვე დუბაიში გავატარეთ. რომანტიულმა გარემომ, მზემ, ზღვამ და სანახაობრივად მდიდარმა ქალაქმა ძალიან დიდი შთაბეჭდილებები დაგვიტოვა, რაც თითქმის არ ჩამოუვარდება ქორწილის ემოციებს.
რჩევა მომავალ პატარძლებს
მომავალ პატარძლებს ვურჩევდი, რომ ნაკლებად ინერვიულონ! ეცადონ სხვას გადააბარონ საქმეები, გაერთონ და დამშვიდებული სახით შეხვდნენ საოცნებო დღეს.