
“ძვირფასო დეა, გამომყვები ცოლად?”
ქორწილამდე
მე და შოთამ ერთმანეთი 13 წლის ასაკში, მეგობრის დაბადების დღეზე გავიცანით, მაგრამ არ ვურთიერთობდით. უფრო აქტიური ურთიერთობა 2010 წლიდან გვქონდა, თუმცა მეგობრულსაც ვერ დავარქმევდი. უბრალოდ ვიცნობდით ერთმანეთს და მე პირადად ძალიან მომწონდა შოთა, როგორც ადამიანი, მას კი როგორც შემდეგ მითხრა თავიდანვე ჰქონდა სიმპატიები. ხშირად ჩნდებოდა იჩენდა ყურადღებას საინტერესო სიურპრიზებით, უბრალოდ ყურადღებით. 2014 წელს ეკონომიკურ ფორუმზე ვიყავი პოლონეთში და მოხდა ისე, რომ შოთამ გადაწყვიტა სიურპრიზი გაეკეთებინა და ჩამოეკითხა. სიყვარულიც სწორედ იქ ამიხსნა, ვარშავაში.
ხელის თხოვნა
პრინციპში როცა ხელი მთხოვა, უკვე ყველაფერი გარკვეული და დალაგებული გვქონდა. მათ შორის ქორწილის თარიღიც ვიცოდით. შესაბამისად, ეს ვერ იქნებოდა შოკისმომგვრელი ჩემთვის, თუმცა შოთა იმდენად მაქსიმალისტია, მაინც მოახერხა ეს ყველაფერი გაეკეთებინა ისე, რომ მეც კი გავეკვირვებინე. რამდენიმე კვირა ამზადებდა ამ სიურპრიზს. რამდენჯერმე ჩავიდა იქ, სადაც ეს უნდა მომხდარიყო, ზუსტად რომ შეესწავლა რა დაჭირდებოდა, რა ზომის, რამდენი ადამიანის დახმარება და ასე შემდეგ. ყაზბეგში, გერგეთის სამების ულამაზეს ეზოში მთხოვა ხელი. ეკლესიიდან გამოვედით, ვიგრძენი, რომ სადღაც ეჩქარებოდა მალე გამომიყვანა სალოცავიდან, დამაყენა შემაღლებულ ადგილზე და მითხრა გამეხედა მთებისკენ , კარგად დავფიქრებულიყავი და შემდეგ მეპასუხა. როდესაც მთებისკენ გავიხედე, უზარმაზარი ბანერი დამხვდა წარწერით “ძვირფასო დეა, გამომყვები ცოლად?” ძალიან მომეწონა, დავიბენი იქ მსგავს არაფერს ველოდი, მეგონა უბრალოდ მოსალოცად ჩავედით, ამიტომ ფიქრი პასუხისთვის დიდხანს გამიგრძელდა. რა თქმა უნდა, თანახმა ვიყავი და უცებ ეს უზარმაზარი ბანერი ჩაიწია და შიგნით ყველა ჩვენი მეგობარი აღმოჩნდა. ძალიან დიდი მადლობა მათ კიდევ ერთხელ იმისთვის, რომ დილის 6 საათიდან იქ იყვნენ და უბრალოდ გაიზიარეს ჩვენი სიხარული. მომლოცველები და ტურისტები დაინტერესებულან რა ხდებოდა სანამ ჩვენ გამოვჩნდებოდით, როცა უხსნიდნენ, ყველა ტურისტი მე მეძებდა და აინტერესებდათ ვიყავი თუ არა თანახმა, ფოტოებიც კი გადაგვიღეს სამახსოვროდ.
ქორწილის სამზადისი
დიდი და ლამაზი ქორწილი ყოველთვის მინდოდა, ამიტომ შეიძლება ითქვას მზადება ბევრი წლის წინ დავიწყე. ზუსტად ვიცოდი, რომ მინდოდა დიდი სივრცე, დიდი ლამაზი ეზოთი, ამიტომ ლოკაცია მარტივად შევარჩიე, რესტორანი გუჯარი, მცხეთაში. დახმარებით მხოლოდ ოჯახის წევრები და მეგობრები გვეხმარებოდნენ, არანაირი კომპანია არ ჩაგვირთავს. თუ არ ჩავთვლით გაფორმებას, ეს საქმე ერთ კონკრეტულ დიზაინერს მივანდეთ, რომელიც აბსოლუტურად დამეთანხმა იმაში, რაც მომწონდა და ზუსტად ისე გამიკეთა ყველაფერი, როგორც ჩაფიქრებული მქოდა. რთული არ ყოფილა, მქონდა ჩამოწერილი სია და თანმიმდევრულად მივყვებოდით მე და შოთა. რესტორნის შემდეგ შევარჩიეთ ფოტო, ვიდეო, ბენდი და დავჯავშნეთ ამ სფეროში საუკეთესოები, შემდეგ უკვე ტანსაცმელზე დავიწყეთ ზრუნვა.
კაბა
იქიდან გამომდინარე, რომ პატარძალი ყველა შემთხვევაში გამორჩეულია, ლამაზია და ყველას ყურადღება ისედაც მისკენ არის მიმართული, ვფიქრობდი, რომ რაღაც გრანდიოზული კაბა არ მინდოდა, ბევრი თვლებით, მაქმანებით და დეტალებით გაწყობილი. მინდოდა, თეთრი სადა, დახვეწილი, გემოვნებიანი და ამავდროულად დედოფლური კაბა. რამდენიმე დიზაინერთან ვიყავი და მხოლოდ ტატუნა ნიკოლაიშვილი დამეთანხმა იმაში, რომ არანაირი გადატვირთვა ჩემს კაბას არ ესაჭიროებოდა. შესაბამისად, მივხვდი, რომ იმ კაბას შემიქმნიდა, რომელზეც ვლაპარაკობდი. მოლოდინი ნამდვილად გამიმართლდა 100%-ით!
თმა და და მაკიაჟი
ამ შემთხვევაში, მეგობრების რჩევას მივენდე, გამოკითხვის შედეგად, შევარჩიეთ სტილისტი და ვიზაჟისტი, რომლებთანაც წინასწარ დავტესტე ვარცხნილობაც და მაკიაჟიც. ორივეთი ძალიან კმაყოფილი ვარ. თმა მინდოდა ბუნებრივად მქონოდა, რაზეც ვართანამ იზრუნა. მაკიაჟი კი, შედარებით მკვეთრი, რაშიც ოლია სპირინა დამეხმარა.
ლოკაცია
ჯვრისწერა გვქონდა სვეტიცხოველში, ჩვენთვის და ალბათ ყველა ქართველისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის ტაძარია. ამასთანავე, ჩვენც შეყვარებულობისას ყველაზე ხშირად სწორად სვეტიცხოველში დავდიოდით. რატომღაც სხვა ტაძარი არც განგვიხილავს . ხელის მოწერის ცერემონიალი რესტორნის ეზოში გვქონდა, რომელიც ულამაზესად გაგვიფორმა ნინო ჟღენტმა. როგორც უკვე აღვნიშნე, უმეტესწილად ამ საოცარი ეზოს გამო შევაჩერე არჩევანი რესტორან გუჯარზე, სადაც ქორწილი გაიმართა.
ფოტოგრაფი და ფოტოსესია
ფოტოგრაფი გვყავდა საუკეთესო – მარინა კარპი. ფოტოსესია გვქონდა სასტუმრო ამბასადორის რამდენიმე ლოკაციაზე, სვეტიცხოვლის ეზოში, ჯვარზე და შემდეგ რესტორნის ეზოსა და დარბაზში. სიმართლე გითხრათ, ფოტოსესიისთვის ადგილებზე ბევრი არ მიფიქრია, ზუსტად ვიცოდი სადაც არ უნდა წავსულიყავით, მარინა საოცრად გადაიღებდა. ვიდეოზე და კლიპზე ასევე საუკეთესომ – მახო ყიფშიძემ იზრუნა.
ქორწილი
სულ მაინტერესებდა, რომ ამბობდნენ ქორწილის დღეს რა ხდებოდა არაფერი მახსოვსო, მე როგორ გავიხსენებდი. აბსოლუტურად ყველა დეტალი მახსოვს და ვიყავი საქმის კურსში მთელი დღის განმავლობაში. არანაირი გათიშულობა არ დამმართნია, პირიქით, ვცდილობდი მაქსიმალური სიამოვნება მიმეღო, ვიყავი კმაყოფილი ყველაფრით, რაც ჩემს ირგვლივ ხდებოდა და უბრალოდ ბედნიერი. ერთადერთი, რაც დამავიწდა ჭამა და წყლის დალევა იყო ამიტომ ჯვრისწერაზე ცოტა შეუძლოდ ვიგრძენი თავი და ეს ფოტოებსაც ეტყობა. ამიტომ, მომავალ პატარძლებს ვურჩევ, სანამ სტილისტთან გაეშურებიან, აუცილებლად ისაუზმონ.:)) ქორწილის რესტორნის ნაწილმა გაიარა ყველაზე სწრაფად და სხვათაშორის ჩემი მეგობრები ამბობდნენ, იმდენად კარგი ქორწილია, დრო ძალიან მალე გადისო. მე და შოთას ტრადიციული ქართული არ გვიცეკვია, თუმცა ვიმღერეთ ძალიან ლამაზი სიმღერა, რომელსაც მთელი კვირა ვამზადებდით. შოთამ ჩვენს მეგობარ ბიჭებთან ერთად ცეკვა დადგა და ძალიან მაგარი სანახაობა გამოვიდა, თან ეს ნამდვილად იყო ჩემთვის სიურპრიზი, რადგან შოთა თითქმის არასდროს ცეკვავს. მეც გავუკეთე საჩუქარი და ვუმღერე. გვიმღერეს ჩვენმა უცხოელმა და ქართველმა მეგობრებმაც. გვყავდა ძალიან მაგარი ბენდი, ასევე, მოვიწვიეთ უცხოელი DJ და ნადვილად ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა.
საქორწინო მოგზაურობა
საქორწინო მოგზაურობა ინდონეზიაში კუნძულ ბალიზე გავატარეთ. თავიდანვე ორივე ვთანხმდებოდით, რომ არავითარ შემთხვევაში არ წავიდოდით დიდ ქალაქში, გვინდოდა დასვენება და არაფრის კეთება, სადმე თბილ და განსაკუთრებულ ადგილზე. შესაბამისად, გადაწყდა ბალი. საოცრება იყო, ორი კვირით ვიყავით და თითქოს ბევრია, მაგრამ როგორც კი ჩამოვედით მაშინვე დაგვეწყო მონატრება და ნოსტალგიები, “გახსოვს ბალიზე” უკვე თითქმის ყოველდღიურად ისმის ჩვენს დიალოგში. ხალხია ძალიან კეთილი, მომღიმარი, თითქოს ყველას უხარია შენი დანახვა, ოკეანეა ულამაზესი, ამინდი საოცარი და ერთი სიტყვით, ნამდვილად შედგა ჩვენი თაფლობის 2 კვირა.
რჩევა მომავალ პატარძლებს
თუ ჩვენი ქორწილი მოეწონათ ფოტოებით ან კლიპით, გავუზიარებ ჩემს გამოცდილებას და ვურჩევ, რომ დანაზოგი არ გააკეთონ არც ფოტოგრაფზე, არც ვიდეოზე, ეს არის ის, რაც თქვენ გრჩებათ და არა შემწვარი ციკანი სუფრაზე, ვიღაც მაინც შეიძლება დარჩეს უკმაყოფილო, მთავარია თქვენ იყოთ თქვენსავე დღეს ბედნიერები და თავდაჯერებულები! ნურავის მიბაძავთ, უბრალოდ კარგად დაფიქრდით თქვენ რა გინდათ და ზუსტად ის გააკეთეთ.