
საბედისწერო გადაწყვეტილება
“ამბობენ შემთხვევითობა არაფერი არ არის, ეს ბედისწერააო”
“გაფრენის წინ, ჩახუტებისას, გიორგის შარვლის უკანა ჯიბეში ჩავაცურე პატარა ბარათი, სადაც ეწერა ის რასაც გიორგი ორი თვე ელოდა … “
ქორწილამდე
ამბობენ შემთხვევითობა არაფერი არ არის, ეს ბედისწერააო … ჩემი და გიორგის შემთხვევაშიც სწორედ ასე მოხდა … თითქოს ყველაფერმა პირი შეკრა იმისათვის, რომ სულ სხვადასხვა ცხოვრების გზით მიმავალი ორი ადამიანი შეხვედროდნენ და სამუდამოდ დაკავშირებოდნენ ერთმანეთს.
მე ავსტრიაში მივდიოდი პროექტით, ჩემი მეგობარი სოფო კი უკრაინაში სულ სხვა პროექტით აპირებდა გამგზავრებას. სრულიად მოულოდნელად გადავწყვიტე საბუთები აღარ გამეგზავნა ავსტრიაში და სოფოსთან ერთად უკრაინაში წავსულიყავი. მეთვითონაც დღემდე არ ვიცი, რატომ მივიღე მაშინ ეს გადაწყვეტილება, რომელიც საბედისწერო აღმოჩნდა ჩემთვის.მალე დასტური მომივიდა უკრაინაში გამგზავრებაზე სადაც , ქალაქ ლვივში თვე ნახევრით ლექციები უნდა წამეკითხა.
სწორედ ამის აღსანიშნავად მე და სოფო შარდენზე, უნიქ ტერასაზე წავედით, სადაც შემთხვევით შეგვხვდნენ სოფოს უბნელი და სკოლელი ბიჭები. მათ შორის იყო გიორგი, რომელიც იმ დღეს თურმე სულ არ აპირებდა აქ მოსვლას. ქუთაისში მიდიოდა და თავისდაუნებურად შეეცვალა გეგმები, რის შემდეგაც აღმოჩნდა სწორედ იქ, სადაც მე ვიყავი. აქ უკვე შეხვდნენ ჩვენი თვალები ერთმანეთს და მუსიკის არაჩვეულებრივი ჰანგების ფონზე გავიცანით ერთმანეთი, ბევრი ვიცეკვეთ და ვისაუბრეთ, თუმცა თავიდან არც ერთმა არ ვიცოდით, რომ ის “ის” იყო. ეს იყო ჩვენი გაცნობის დღე 2013 წლის 1-ლი დეკემბერი.
გიორგის ყურადღებიანობის წყალობით მალე დავახლოვდით, თუმცა მე მიჭირდა სიყვარულში გამოტყდომა. გაცნობიდან ორი თვის თავზე დადგა ჩემი უკრაინაში წასვლის დრო. გაფრენის წინ, ჩახუტებისას, გიორგის შარვლის უკანა ჯიბეში ჩავუცურე პატარა ბარათი, სადაც ეწერა ის რასაც გიორგი ორი თვე ელოდა … „მიყვარხარ“.
მონატრებამ თავისი გაიტანა და დათქმულ დროზე ორი კვირით ადრე ჩამოვფრინდი უკრაინიდან. აეროპორტში ყურებამდე შეყვარებული და მონატრებული გიორგი მელოდა. თბილისში ჩამოსვლის დღიდან კი უკვე ყველაფერი შეიცვალა ჩვენს ცხოვრებაში.
ხელის თხოვნა
გიორგიმ ხელი, ჩემი ერთ-ერთი უახლოესი მეგობრის, ნინოს დაბადების დღეზე მთხოვა, 29 ოქტომბერს, ლოკა ლაუნჯიში. ჩემთვის მოულოდნელად სცენაზე ავიდა, ნინო ქათამაძის „იები“-ს ფონზე, ასე საჯაროდ ამიხსნა სიყვარული, შემდეგ მუხლებზე დადგა და მთხოვა ცოლად გავყოლოდი. არასდროს დამავიწყდება ეს წუთი. ირგვლივ ხალხი ტაშს უკრავდა, ყველა აღფრთოვანებული იყო. გიორგის წინასწარ ჰქონდა ყველაფერი მომზადებული, ბეჭედი და წითელი ვარდი. ასევე წინასწარ იყო შეთანხმებული ჩემს მეგობრებთან, იუბილარ ნინოსთან და მერისთან, რომლებსაც სიტყვაც კი არ დასცდენიათ ჩემთან ამ სიურპრიზის შესახებ. ხელის თხოვნის შემდეგ, ჩვენი გაცნობიდან ზუსტად ორი წლის თავზე, 1-ელ დეკემბერს გვქონდა ნიშნობა ბათუმში, ჯერ ჩემს ოჯახში შემდეგ კი რესტორან ყირამალაში.
ქორწილის სამზადისი
ძალიან მეხმარებოდა ჩემი დაოჯახებული მეგობრის, მარი ბირთველიშვილის საქორწილო რჩევები. ქორწილისთვის ავირჩიეთ იდეალური პერიოდი, სექტემბერი, როცა არც ცხელა და არც ცივა. ბუნება კი საოცრად ლამაზია. თარიღის არჩევის შემდეგ კი, მაისის ბოლოს, უკვე დავიწყეთ მზადება იმისთვის, რომ 2016 წლის 3 სექტემბერს მომზადებულები შევხვედროდით. მეჯვარეებს ვთხოვე ჩემი საყვარელი მწვანე ფერის ერთნაირი ნაჭრისგან შეკერილი კაბები ჩაეცვათ. მწვანე ფერს შევუსაბამე საქორწინო თაიგულიც, თეთრი, სხვადასხვა ზომის ვარდებითა და ევკალიპტის ფოთლებით გაწყობილი, რომელიც ავარჩიე მაღაზია „Fleur De Lys”-ში. ბაცი მწვანე ყვავილებიანი ტორტი კი „მადაში“ შევუკვეთე. ასევე დავდგით ცეკვა, დაისი და ვალსი, რომელიც გვასწავლა სტუდია „ნაბადი“-ს მასწავლებლებმა: გიორგი გოგიჩაიშვილმა და მაია გოცირიძემ. ბევრი მეჯვარეები გვყავდა, ამიტომ წინასწარ დავჯავშნეთ ლიმუზინი, სადაც ყველა კომფორტულად მოვთავსდებოდით.
კაბა
კაბის დიზაინი თავად შევქმენი, რადგან წინასწარ მქონდა მორგებული სხვადასხვა ტიპის კაბები და ვიცოდი როგორი სტილიც მომიხდებოდა. საქორწილო კაბა შევიკერე დიზაინერ ნატალისთან, კაბების მაღაზია „კაპრიზი“-ში. უკან სამკუთხედად ამოღებული ზურგით, ლამაზი გიპიურებით, თეთრი მძივებითა და მხრებზე გადმოსული კორსეტისგან შედგებოდა ჩემი გაშლილი, სპილოსძვლისფერი კაბა. სადა ფატითა და დიდი შლეიფით, რომელიც ეხსნებოდა, რათა ცეკვის დროს ხელი არ შეეშალა.
თმა და და მაკიაჟი
ამ მხრივ ჩემს გარეგნობაზე იზრუნა ნატალის პრემიუმ კლასის სალონის, „Wellness Lab” -ის სტილისტმა გიორგი ხიდიროვმა. მას, შეიძლება ითქვას, რომ ოქროს ხელები აქვს. არაჩვეულებრივად გამიკეთა როგორც მაკიჟი ასევე ვარცხნილობა, რომელმაც ქორწილის ბოლომდე პირვანდელი მდგომარეობა შეინარჩუნა.
ლოკაცია
სალონიდან სახლში დაბრუნებულს მეწვია გიორგი, ბევრი ვარდებითა და ახლობლების თანხლებით. გიორგის არჩევანით, ჯვრისწერა გაიმართა ვერის ბაღთან მდებარე ლურჯ ეკლესიაში, სადაც გიორგის მამაომ დაგვწერა ჯვარი. შემდეგ გვქონდა ფოტოსესია. ხელმოწერა გაიმართა მცხეთაში მდებარე რესტორან „არმაზის ხეობის“ ულამაზეს ეზოში. იუსტიციის სახლიდან გვყავდა მოწვეული შესაბამისი პირი, რომელიც გაუძღვა ჩვენს ცერემონიას. რესტორნისა და ეზოს გაფორმებაც წინასწარ მქონდა შეთანხმებული რესტორნის დიზაინერთან. ხელმოწერის შემდეგ გადავინაცვლეთ დარბაზში, რომელიც თანამედროვედ და სადად იყო გაფორმებული მრგვალი მაგიდებით. რესტორანი და მენიუ თვენახევრით ადრე შევარჩიეთ, ასევე წინასწარ შევიძინეთ გემრიელი ღვინოც.
ფოტოგრაფი და ფოტოსესია
ჩემი ფოტოგრაფი იყო არაჩვეულებრივი პიროვნება და თავისი საქმის პროფესიონალი ლაშა ღუღუნიშვილი, LIG Studio-დან. ოპერატორები კი, ასევე პროფესიონალები, გივი მაღრაძე და მხიარული ვატო გომარელი. ფოტოსესია გავმართეთ ორ სხვადასხვა ადგილას, ერთი დახურულ შენობაში, კერძოდ კაფე „ლინვილე“-ში და მეორე ღია ცის ქვეშ, ლისის ტბაზე. აუცილებლად უნდა დარეკოთ ორივეგან წინასწარ და შეათანხმოთ. ქორწილის პრომო ვიდეო
ქორწილი
ქორწილი წარიმართა ზუსტად ისე და იმ დროში როგორც დაგეგმილი მქონდა. ყველაფერი იყო იმაზე გაცილებით ლამაზი და ფერადი ვიდრე წარმომედგინა. მე და გიორგიმ შევასრულეთ ორი ლამაზი ცეკვა, გავჭერით უგემრიელესი ტორტი, ვისროლეთ მე -თაიგული, გიორგიმ კი ე.წ „ბაბაჩკა“. ქორწილი დაგვირგვინდა ლამაზი შუშხუნა ფეირვერკებითა და ენერგიული მუსიკით. ყველანი ძალიან კმაყოფილები დარჩნენ.
საქორწინო მოგზაურობა
ქორწილის ღამესვე გავფრინდით სიყვარულის ქალაქ პრაღაში და ასევე მოვინახულეთ პრაღასთან ახლოს მდებარე ქალაქები: კარლოვივარე, ვენა და ბრატისლავა. ეს იყო ზღვა ემოციებითა და სიყვარულით სავსე სათავგადასავლო საქორწინო მოგზაურობა.
რჩევა მომავალ პატარძლებს
მომავალო პატარძლებო, რაც ადრე დაიწყებთ ქორწილისთვის მზადებას მით უკეთესი, რათა ქორწილის წინა დღეს მეტი დრო დაგრჩეთ კარგად გამოსაძინებლად. ქორწილის წინ აიღეთ შვებულება, რათა მეტი დრო გქონდეთ. ქორწილს თან ახლავს ეიფორია და ნერვიულობა, მაგრამ არ შეგეშინდეთ, ეს დღე ღირს ამად! ნუ მიანდობთ თქვენს გასაკეთებელს სხვას თუ თქვენ უკეთესი ხართ ამ საქმეში. დაუკავშირდით გათხოვილ მეგობრებს და მიიღეთ რჩევები მათგან. რამე რომ არ დაგავიწყდეთ, ფურცელზე პრიორიტეტების მიხედვით ჩამოწერეთ, რა გაქვთ მოსაგვარებელი ქორწილისთვის. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და ეტაპობრივად შეუდექით საქმეს. კარგად დაფიქრდით სანამ არჩევანს გააკეთებთ, დაათვალიერეთ ბევრი ფოტოგრაფის შემოქმედება და აარჩიეთ საუკეთესო. არ დაინანოთ თანხა ამაში, რადგან ეს ერთადერთია რაც მოგონებების გარდა გრჩებათ ქორწილიდან. ეცადეთ ჯვრისწერა ადრე დანიშნოთ, რათა ფოტოგადაღებისთვის მეტი დრო დაგრჩეთ. სტუმრების სია შეარჩიეთ ფაქიზად, რათა არ გამოგრჩეთ ვინც გინდათ, რომ იყოს თქვენთან ამ დღეს. ასევე, ჩემი რჩევაა ნუ მისცემთ სტუმრებს უფლებას გადაგკოცნონ, იმისათვის, რომ დღის ბოლომდე შეინარჩუნოთ მაკიაჟი. გისურვებთ ბედნიერებას და ურთიერთპატივისცემას!