TOP

როდესაც ცხოვრება მეორე შანსს გაძლევს

IMG_6852

“ვიფიქრე ამდენი ხნის შემდეგ ვერ  მიცნობდა, მაგრამ გიორგიმ გამიღიმა”

“ფაქტობრივად თავიდან გავიცანით ერთმანეთი”

“მეგობრებმა დარბაზში დიდი ყუთი შემოიტანეს, საიდანაც კოლოფმობმული ბუშტები ამოფრინდა”

ქორწილამდე

12243395_10206748897114941_4742208842918957771_nმე და გიორგიმ ერთმანეთი 6 წლის წინ, სამეგობრო წრეში გავიცანით. არ ვმეგობრობდით, მაგრამ  ძალიან ხშირად ვხვდებოდით ერთმანეთს ქუჩაში შემთხვევით, ჩვენი შეხვედრები საკმაოდ თბილი იყო, მაგრამ ერთმანეთის მოკითხვით სრულდებოდა. გიორგი ფეხბურთელია და პროფესიიდან გამომდინარე მალევე  უცხოეთში   მოუწია წასვლა სამი წლით. მანძილმა ჩვენი ურთიერთობაც გაწყვიტა. სანამ გიორგი წასული იყო, არანაირი კონტაქტი აღარ გვქონდა ერთმანეთთან.  მე პროფესიით ფოტოგრაფი ვარ და ერთ დღეს მთაწმინდაზე ჩვეულებრივი  სამუშაო დღე მქონდა. რაღაც ღონისძიებას ვიღებდი, როდესაც მოულოდნელად გიორგი დავინახე. ვიფიქრე ამდენი ხნის შემდეგ ვერ  მიცნობდა, მაგრამ გიორგიმ გამიღიმა, მოვიდა მომესალმა და გამომელაპარაკა. ვისაუბრეთ, ფაქტობრივად თავიდან გავიცანით ერთმანეთი და ამის შემდეგ ჩვენი ურთიერთობა უკვე სხვა ეტაპზე გადავიდა და ნელ-ნელა განვითარდა.

ხელის თხოვნა

დაოჯახების სურვილი, რა თქმა უნდა, იყო.  ერთმანეთი ძალიან გვიყვარდა და ამაზე სულ ვსაუბრობდით, მაგრამ ხელის თხოვნა მაინც ძალიან მოულოდნელი იყო ჩემთვის. გიორგიმ ეს დღე ჩემს დაბადების დღეს  დაამთხვია, რაც ორმაგად დასამახსოვრებელი  გახდა.  ჩემი დაქალი ჩემს საყვარელ სიმღერას მიმღეროდა, რომლის ფონზეც უცბად გიორგი ყვავილებით ხელში შემოვიდა და ჩამეხუტა.  ამ დროს ჩემმა მეგობრებმა დარბაზში დიდი ყუთი შემოიტანეს და გახსნეს, საიდანაც ბოლოში, პატარა კოლოფმობმული ბუშტები ამოფრინდა. გიორგიმ გახსნა კოლოფი,  ბეჭედი გამომიწოდა და  მთხოვა, რომ ცოლად გავყოლოდი. ეს იყო საოცარი მომენტი და გრძნობა, რომელიც არასოდეს დამავიწყდება

ქორწილის სამზადისი

თავდაპირველად უბრალოდ ხელი მოვაწერეთ. ძალიან სპონტანურად გადავწყვიტეთ. ჩვენი ბინის რემონტის დასასრულს დავამთხვიეთ და  ერთადაც გადავედით საცხოვრებლად. ამის შემდეგ აუჩქარებლად დავიწყეთ ქორწილის სამზადისი. თარიღად 23 ოქტომბერი ავირჩიეთ, რასაც თავისი დატვირთვა აქვს. ამ დღეს  გიორგის დაბადების დღეა და მინდოდა მისი დღე  ასე ლამაზად და გრანდიოზულად აღგვენიშნა.  ძალიან სიმბოლურად გამოგვივიდა: ჩემს დაბადების დღეზე ნიშნობა იყო, ხოლო გიორგის დაბადების დღეზე ქორწილი. ქორწილის სამზადისს სამი თვე მოვანდომეთ, იმდენად ჩართულები ვიყავით ამ პროცესში, რომ დრო ძალიან სწრაფად გავიდა. თითქმის ყოველდღე ვიკრიბებოდით მე და ჩემი მეგობრები და განვიხილავდით ყველა წვრილმანს.

კაბაIMG_6611

კაბის დიზაინზე ძალიან დიდი ხანი ვფიქრობდი. ყოველთვის მომწონდა ძალიან გამოყვანილი სილუეტისა და ლამაზად გაშლილი გრძელი შლეიფის მქონე კაბები. ბევრი იდეა მქონდა. ზუსტად წარმომედგინა რაც მინდოდა. ფოტოდან არ ამომირჩევია მოდელი. ფაქტობრივად ჩემი და ჩემი დიზაინერის, მარიამ ქიტესაშვილის იდეებით შეიქმნა. ერთად ვიარეთ ნაჭრისა და გიპიურის ასარჩევად.  მინდოდა რაღაც განსხვავებული ყოფილიყო და ამიტომაც ჩემთვის ყველაზე სანდო ადამიანს ვანდე ეს საქმე, რომელმაც ზუსტად გაიგო რა მინდოდა, ზუსტად გამოიცნო ჩემი ჩანაფიქრი, თითოეული დეტალი ხელით დააკერა და საბოლოოდ  საოცრება შემიქმნა.

 

ლოკაცია

ჯვრისწერა გვქონდა ქაშუეთში. მე და ჩემს მეუღლეს უზომოდ გვიყვარს იქაურობა. მისმა ძმამაც აქ დაიწერა ჯვარი, თითქოს ტრადიციასავითაა და სწორედ ამიტომ ავირჩიეთ ეს ეკლესია.  ქორწილი კი პურის სახლში გადავიხადეთ.

 ფოტოგრაფი და ფოტოსესია

ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფოტოსესია იყო. გვინდოდა განსხვავებული და უფრო ემოციური ფოტოები გვქონოდა. ამაში დაგვეხმარა W-art, რომელმაც  იდეალურად გადმოსცა ყველა ჩვენი ჩანაფიქრი და გადაიღო ზუსტად ის, რაც გვქონდა წარმოდგენილი.  თავიდან პიონერთა სასახლის ეზოში გვქონდა ფოტოსესია. ძალიან მინდოდა ჩემი კაბის მთავარი დეტალი, შლეიფი ლამაზად და კარგად გამოჩენილიყო შენობის კიბეებზე.  შემდეგ კი შატო მუხრანში წავედით.  ფოტოგრაფმა რეპორტაჟის სტილში გადაგვიღო და აღბეჭდა ყველა ემოცია. ულამაზესი  ფოტოები გამოვიდა, ძალიან კმაყოფილი ვარ.

ქორწილი

ქორწილმა ზუსტად ისე ჩაიარა, როგორც გვქონდა დაგეგმილი. ყოველი დეტალი კიდევ უფრო  უკეთესი გამოვიდა, ვიდრე წარმოდგენილი მქონდა.  რაც მთავარია არსად არ დაგვაგვიანდა და საბოლოოდ ყველა ძალიან კმაყოფილი დარჩა.

საქორწინო მოგზაურობა

თაფლობის თვე ჯერ არ გვქონია. ახალი წლისთვის ვგეგმავთ ევროპის რომელიმე ქვეყანაში მოგზაურობას, თუმცა ჯერ ვერ გადაგვიწყვეტია რომელ ქვეყანას ავირჩევთ, იმიტომ, რომ მთელი ევროპის ნახვა გვინდა.

რჩევა მომავალ პატარძლებს

მომავალ პატარძლებს ვურჩევ, რომ ქორწილის დაგეგმვა დაიწყონ 3-4 თვით ადრე, ყველა დეტალი გაითვალისწინონ, რადგან საბოლოოდ ყველაზე უმნიშვნელო დეტალიც კი ძალიან მნიშვნელოვანი ხდება. ყოველთვის აარჩიონ ფოტოგრაფი დიდი სიფრთხილით, რადგან  ქორწილიდან ყველაზე ძვირფასი რაც რჩება –  ფოტოებია!!!

IMG_6230 IMG_6235 IMG_6375 IMG_6462 IMG_6472 IMG_6463 IMG_6527 IMG_6624 IMG_6682 IMG_6627 IMG_6717 IMG_6712 IMG_6778 IMG_6705 IMG_6785 IMG_6706 IMG_6796 IMG_6802 IMG_6754 IMG_6611 IMG_6389

კომენტარები