როგორ გამოვიყურებოდეთ საუკეთესოდ ქორწილის ფოტოებში
მოდით თავიდანვე შევეგუოთ იმ ფაქტს, რომ ქორწილის დღეს ყველაზე ბევრი ფოტოს გადაღება მოგიწევთ. ეს პროცესი, ზოგჯერ, ყველაზე ფოტოგენური წყვილებისთვისაც კი დამღლელი ხდება. მთელი დღე ყურადღების ცენტრში ყოფნა გიწევთ, მთავარი გადამღები ჯგუფი დეტალურად იღებს ყველაფერს, ყველა კამერა თქვენკენაა მომართული, სტუმრები საერთო ფოტოს გადაღებას გთხოვენ, ყველას უნდა „სელფი“. შემდეგ კი გესმით: „არ ვარგა, მოიცა, თავიდან“, „ცოტა შემოიწიე, არ ჩანხარ“, მორბის თქვენი დაქალი, რომელმაც გვიან შეგამჩნიათ: „მოიცადეთ, არ გადაიღოთ, მეც მინდა“ და ასე დაუსრულებლად, მთელი დღის განმავლობაში, გრძელდება ეს პროცესი. ყველაზე მტკივნეული მაინც სასიძოსთვისაა „მოდელის“ ამპლუაში ყოფნა. პატარძლები ფოტოების გადაღებაზე გიჟდებიან, ბიჭებს კი ეზარებათ პოზირება და თვლიან, რომ ერთი სამახსოვრო ფოტოც საკმარისია.
არ დაგავიწყდეთ, რომ ქორწილი თქვენი ცხოვრების ყველაზე დასამახსოვრებელი დღეა და აუცილებლად უნდა გადაიღოთ ბევრი ფოტო.
რაც შეეხება რჩევებს, ყველაფერი ძალიან მარტივია:
- ბუნებრივობა – არ არის საჭირო, ყველა კადრში „დაყენებულ პოზაში“ იყოთ. არც ისაა აუცილებელი, მუდმივად ჰკითხოთ ფოტოგრაფს, როგორ დადგეთ, ან რა გააკეთოთ. ის, საჭიროების შემთხვევაში, მითითებებს მოგცემთ, დაგაყენებთ როგორც საჭიროა და გეტყვით, რაც უნდა გააკეთოთ. თქვენ კი, უბრალოდ, იყავით ის, რაც ხართ. ბუნებრივი ფოტოები ყოველთვის ლამაზი გამოდის.
- ღიმილი – ყველაზე მეტად ქორწილის ფოტოებს ღიმილი უხდება. შეეცადეთ, რომ იყოთ აქტიურები და მხიარულები, რაც გაღიმებაში დაგეხმარებათ. განსაკუთრებით, ეს ეხებათ ბიჭებს, რომლებიც ქორწილის ფოტოებშიც ისეთი სახით არიან, როგორც ძმაკაცებთან ერთად ბირჟაზე. დაიმახსოვრეთ, რომ ღიმილი თქვენს ბედნიერებას გამოხატავს და ეს არ უნდა დამალოთ.
- „იგნორი“ – შეეცადეთ, არ შეიმჩნიოთ, როდესაც ფოტოს გიღებენ. ეს არ იქნება დადგმული და უფრო მეტ ბუნებრივობას შესძენს ფოტოს. როდესაც ყურადღებას აქცევთ კამერას, ეს ძალიან გძაბავთ და გიჩნდებათ კითხვები: „როგორია?“, „კარგად გამოვდივარ?“, „მაჩვენებ?“ და ა.შ
რაც მთავარია, იფიქრეთ ფოტომომსახურების ხარისხზე. სწორად შეარჩიეთ ფოტოგრაფი, რათა შემდგომ თქვენი არჩევანი არ ინანოთ. წინასწარ ნახეთ ნამუშევრები, გაესაუბრეთ და ქორწილამდე აუცილებლად გქონდეთ კონტაქტი, რათა ერთად დაგეგმოთ ფოტოსესიის ლოკაციები.
ფოტოგრაფები ქმნიან ერთი ქორწილის ისტორიას!