
მოულოდნელ, გრანდიოზულ ბუშტებსა და თაიგულში ჩამალული სიურპრიზი
ქორწილამდე
ჩემი და გიორგის ისტორია ჯერ კიდევ 2012 წლის ზამთარში დაიწყო. საერთო მეგობრების წრეში გავიცანით ერთმანეთი, თუმცა იქამდე რაღაც პერიოდის მანძილზე დაუსწრებლადაც ვიცნობდით ერთმანეთს. ჩვენი კომუნიკაბელურობის დამსახურებით დამეგობრება სწრაფად მოვახერხეთ. მეგობრობის საწყისი ეტაპი იყო ძალიან აქტიური. ხშირად გავდიოდით ქალაქიდან მეგობრებთან ერთად. იმ პერიოდში ნამდვილად მოვახერხეთ ერთმანეთის კარგად გაცნობა, თუმცა მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდით, რამდენიმე წელში ჩვენი ისტორია ასე თუ გაგრძელდებოდა. შემდეგ იყო დაახლოებით ერთ წლიანი პაუზა, ამ პერიოდის მანძილზე არც კი გვინახავს ერთმანეთი, მხოლოდ რამდენჯერმე მოკითხვა მახსენდება. 2016 წლის სექტემბერში ურთიერთობა განახლდა, თუმცა კვლავ მეგობრობის ჩარჩოში, მაგრამ მალე მივხვდი რომ ეს ურთიერთობა განხვავდებოდა იმ ყველაფრისგან, რაც ადრე ხდებოდა. როგორც გიორგი ამბობს, ისიც იგივეს ფიქრობდა და დიდი დრო არ დასჭირდა ამის აღიარებას.
ხელის თხოვნა
ხელის თხოვნა იყო საოცარი, ემოციებით სავსე. იქამდე, რა თქმა უნდა, გვქონდა საუბრები ქორწილზე, თუმცა იმ პერიოდში ხელის თხოვნას ნამდვილად ვერ ვიფიქრედი. ბათუმში ამ მოვლენის დაგეგმვა სიმბოლური იყო, ვინაიდან მეორე სახლია ჩემთვის ბათუმი და ეს დამოკიდებულება გიორგისთვისაც გადამდები აღმოჩნდა. ამიტომ ჩვენი ისტორიის ბათუმთან დაკავშირება გადაწყვიტა და პირველი ნაბიჯიც იქ გადაიდგა. 2017 წლის 25 აგვისტოს ძალიან მშვიდ, წყნარ და ულამაზეს ლოკაციაზე – ანბანის კოშკის ლაუნჯში მთხოვა ხელი. მიმტანი ბიჭი დავინახე, დიდი თაიგულითა და ბუშტებით მოდიოდა, ჩემი ყურადღება თაიგულისა და ბუშტების პომპეზურობამ მიიქცია. ჩემთან რომ მოვიდა, იმ მომენტში, ვერ მივხვდი რა ხდებოდა და ვკითხე ნამდვილად ჩემია თქო? პასუხი იყო ესეთი – კი, შენია. მიბრუნდი და მიხვდებიო. რომ მოვბრუნდი ბეჭდით ხელში საოცრად დაბნეული გიორგი დავინახე და ემოციის შეკავება იმდენად ვერ შევძელი, რომ გადავდე იქ მყოფ ყველა სტუმარს. იყო ბევრი მილოცვა, ტურისტები გვიღებდნენ ფოტოებს, დაბნეული ვიყავი მეც და კიდევ უფრო დაბნეული გიორგი.
მზადება ქორწილისთვის
ქორწილის სამზადისი თითქმის 1 წელი გაგრძელდა. ძალიან მინდოდა გაზაფხულზე ყოფილიყო ქორწილი, ამიტომ ხელის თხოვნიდან ქორწილამდე დიდი დრო გვქონდა. ეტაპობრივად ვგეგმავდით. მინდოდა დასამახსოვრებელი ყოფილიყო არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ყველა სტუმრისთვის. ქორწილის კონცეფცია მარტივი და ჩვენთვის დამახასიათებელი შევარჩიეთ. ქორწილის სამზადისში ძირითადად მე და გიორგი ვიყავით ჩართული, თუმცა რჩევებსაც ვიღებდით და ვცდილობით სხვისი გამოცდილება გაგვეზიარებინა. მეგობრებისა და ოჯახის წევრების მხარდაჭერა იყო ძალიან დიდი. ყველა ინტერესდებოდა დეტალებით და ზუსტად ამ თანადგომით მოხდა ძალიან პოზიტიური დღის შექმნა. სირთულეებს ვხვდებოდით ამ პერიოდის მანძილზე, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველაფერმა კარგად ჩაიარა.
კაბა
კაბაზე დიდხანს არ მიფიქრია. ზუსტად ვიცოდი რომ ჩემი ხასიათი უნდა გამოკვეთილიყო, ამიტომ მაქსიმალურად ჩემს სტილს მორგებული კაბა წარმოვიდგინე და მისი შექმნა მივანდე საქორწილო მომსახურების ცენტრ – დრესსკოდს, რომელიც ნამდვილი პროფესიონალებით არის შემდგარი. გამოვყოფდი ამ გუნდის უნიჭიერს ადამიანს – მაია მოსაშვილს. კაბის იდეის გაზიარების დროს, მაიკო ემოციებს ვერ მალავდა და სულ იმეორებდა, რომ მისთვის საინტერესო იყო ამ კაბაზე მუშაობა. ზუსტად დამინახა, მიხვდა რა მინდოდა და მისი ბევრი რჩევით და ასევე დიდი მონდომებით დამიმაზადა კაბა, რომელიც ვფიქრობ პირდაპირ მიუთითებდა რომ ის ჩემთვის იყო შექმნილი. დრესკოდმა ნამდვილად გაამართლა ჩემი მოლოდინი.
თმა და მაკიაჟი
ჩემი გარეგნობა მივანდე სილამაზის აკადემიას. უნიჭიერეს და ძალიან პოზიტიურ ადამიანებს – ანას და ნატას. ქორწილამდე ორი კვირით ადრე ანამ შემირჩია მაკიაჟის ტონალობა, აქცენტი გააკეთა თვალის ფორმასა და ფერზე. მაქსიმალურად გამოკვეთა სახის ნაკვთები. სასიამოვნო იყო ქორწილის დილა, ამ გოგოების დამსახურებით თავი ნამდვილ დედოფლად და იმ დღის ყველაზე მნიშვნელოვან ფიგურად ვიგრძენი. ზუსტად იქედან დაიწყო ჩემი არაჩვეულებრივი განწყობა. ნერვიულობა, რომელიც თან ახლავს ამ დღეს, შეიცვალა ბევრი ღიმილით, რისთვისაც მადლობა ამ ორ ადამიანს.
ლოკაცია
ჯვრისწერა გაიმართა ჩვენი ოჯახის მამაოსთან. სკოლის პერიოდში მამა ბორისი იყო ჩემი პედაგოგი. როდესაც სასულიერო ცხოვრება გადაწყვიტა, მახსოვს, გავიფიქრე, რომ მინდოდა მას დაეწერა ჯვარი ჩემთვის, როდესაც ეს ეტაპი დადგებოდა. გიორგის გაცნობის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ მამაო მისი ოჯახის მეგობარიც ყოფილა და ამიტომ ორივესთვის მნიშვნელოვანი იყო ზუსტად მას ჩაეტარებინა ჯვრისწერის ცერემონიალი. ჩვენი ჯვისწერა განსაკუთრებულად ლამაზი აღმოჩნდა ასევე იმიტომ, რომ პატრიაქრის გუნდის საოცარი ბიჭები გალობდნენ. ხელისმოწერა ღია ცის ქვეშ გვინდოდა და ამისთვის ავირჩიეთ wedding area -ს ულამაზესი ლოკაცია – წყნეთის ტყე. ხელისმოწერის სივრცე არაჩვეულებრივი ფერებითა და დეკორაციებით იყო შექმნილი. უშუალოდ ქორწილი გაიმართა რესტორან „ბარაკონის“ ევროპულ დარბაზში, ეს ლოკაცია შევარჩიეთ ინტერიერისა და დარბაზის ფერების გამო, თუმცა ასევე კარგი აღმოჩნდა მომსახურება და კერძები.
ფოტოგრაფი და ფოტოსესია
ფოტო და ვიდეო გადაღება მივანდეთ, ზურა ქართველიშვილსა და რობის. ბაზარზე მათი მოთხოვნის გამო, მომსახურების დაჯავშნა 6 თვით ადრე მოგვიწია. ორივე ძალიან კომფორტული, მეგობრული და დადებითი ადამიანი აღმოჩნდა. მთელი დღის მანძილზე არ ზოგავდნენ თავს და მაქსიმალურად გვეხმარებოდნენ სწორად გვემუშავა კამერასთან. დილის ფოტოსესია ჩემს მეჯვარეებთან ერთად გაიმართა სასტუმრო მუზეუმში, სადაც ძალიან სახალისო და სასიამოვნო გადაღება გვქონდა. შემდეგ გაგრძელდა ულამაზეს შავთელის ქუჩაზე, წყნეთის ტყეში და ლისის ტბაზე. შედეგით საოცრად კმაყოფილი ვარ, კლიპი რომ ვნახე რამდენჯერმე ხმამაღალი ემოცი მქონდა. მოლოდინზე კარგი შედეგის დადება მოახერხეს. ფოტოებისა და კლიპის ყურების დროს კადრებად მიღდგება გონებაში არაჩვეულებრივი 3 ივნისი. მადლობა ზურას და რობის ასეთი პროფესიონალიზმისთვის.
ქორწილი
პირველ რიგში საოცარი ემოციებით სავსე დღე იყო. ამინდის გამო ქორწილის წინ რამდენიმე დღე ვნებათაღელვა მქონდა. დილით რომ გავიღვიძე, არც ისე კარგი ამინდი დამხვდა, რასაც ძალიან განვიცდიდი. სამზადისის დროს წვიმამ გადაიღო და ნელ-ნელა ამინდიც გამოვიდა. საბოლოოდ კი გაზაფხულის ძალიან თბილ და მზიან დღეს შედგა ჩვენი ქორწილი. დაგეგმილი გვქონდა ქორწილის დღის ყველა ეტაპი, სად რა დროს დავყოფდით და ამიტომ ძალიან მშვიდად ჩატარდა დაგეგმილი ცერემონიალები. რაც შეეხება უშუალოდ ქორწილს, გარემო იყო ძალიან კარგი. სტუმრების უმრავლესობას ჩვენი საოცრად დიდი სამეგობრო შეადგენდა, რამაც საბოლოოდ შექმნა ის განწყობა რაც სუფევდა. კარგი მუსიკა, სხვადასხვა გასართობი საშუალებები, ჩვენი მეგობრების მუდმივი კომპლიმენტები და ღიმილი იყო საფუძველი არაჩვეულებრივი საღამოს შექმნისა. ერთადერთი, რამაც მოლოდინი ვერ გაამართლა, იყო დარბაზის დიზაინი. თბილისში ერთ – ერთ ყველაზე ცნობილ დიზანირს შევუკეთეთ, თუმცა სულ სხვა დეკორაციებზე ვიყავით შეთანხმებული და საბოლოოდ აბსოლუტურად სხვა დიზაინი დამხვდა. მართალია ეს სტუმრებისთვის შესამჩნევი არ ყოფილა, თუმცა ჩემთვის ნამდვილად გულდასაწყვეტი აღმოჩნდა. მხოლოდ ეს დეტალი იყო, სადაც მოლოდინი ვერ გამიმართლდა, მაგრამ ამის გამო განწყობის გაფუჭება არც მიფიქრია.
საქორწილო მოგზაურობა
საქორწინო მოგზაურობა გავატარეთ საბერძნეთის ძალიან ლამაზ კუნძულ ჰალკიდიკზე. სიტონიას მხარეში, ეგეოსის ზღვის სანაპიროზე არსებულ ძალიან დიდი და ლამაზ კომპლექსში. მშვიდი და რომანტიული მოგზაურობა გვქონდა. ამ მოგზაურობის დეტალები მთელი ცხოვრების მანძილზე საუკეთესო მოგონებად დარჩება. ცხოვრების ახალი ეტაპის არაჩვეულებრივი დასაწყისი.
რჩევა მომავალ პატარძლებს
მომავალ პატარძლებს ვურჩევდი, ბევრი გაიღიმონ, მაქსიმალურად მოირგონ საკუთარ ინტერესებზე ეს დღე და თავი იგრძნონ ვარსკვლავებად. და თუ რაიმე იქნება, რაც არ გაამართლებს, ეცადონ მათ განწყობაზე ამან არ იმოქმედოს. საბოლოო ჯამში თქვენ ქმნით ამ დღეს, ბევრი ღიმილით და დადებითი ემოციებით.