ისრაელში დაწყებული ქართული სიყვარული
ქორწილამდე
მე და გიორგიმ ერთმანეთი ისრაელში, ქალაქ თელავივში გავიცანით. საერთაშორისო ტურიზმის ერთ-ერთ გამოფენაზე ვიყავით ჩასულები, სადაც მოულოდნელად შევხვდით ერთმანეთს. მიუხედავად იმისა, რომ გამოფენა სულ რაღაც ორი დღე გაგრძელდა, ჩვენ მოვასწარით ერთმანეთთან დაახლოება და დამეგობრება . საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ჩვენი მეგობრობა კვლავ გაგრძელდა, განვითარდა და მალე სიყვარულშიც გადაიზარდა.
ხელის თხოვნა
ხელის თხოვნა ერთ–ერთ კაფეში იყო, რომანტიულ საღამოზე. ვფიქრობ რომ ამ დროს წყვილი თუ მარტოა, ბევრად უფრო კარგად გრძნობ თავს. თუმცა მინახავს ბევრი ლამაზი ხელისთხოვნა პომპეზურად. ჩემს შემთხვევაში კი ზუსტად ისე იყო რომ არ მენერვიულა. მოულოდნელი თითქოს არ იყო, მაგრამ როგორც ყველა გოგოსთვის, ჩემთვისაც ძალიან სასიამოვნო იყო ეს მომენტი.
ქორწილის მზადება
მზადება ქორწილისთვის სამი თვით ადრე დავიწყე და ვფიქრობ უკვე დაგვიანებული იყო, რადგან იდეალური ქორწილის მოსამზადებლად მგონია, რომ მინიმუმ 5-6 თვე მაინც არის საჭირო. პროცესში მთლიანად ჩართული ვიყავით მე და ჩემი საქმრო. ყველა დეტალი გათვლილი იყო უშუალოდ ჩვენს მიერ, სტუმრების სიიდან დაწყებული ყვავილების ფერთა გამის არჩევის ჩათვლით. ყოველივე ეს მოითხოვს ძალიან ბევრი წვრილმანის გათვალისწინებას, რასაც ძალიან დიდი დრო და ენერგია სჭირდება, თუ ადამიანს სურს რომ მისი ქორწილი მიახლოვებული იყოს მის წარმოსახვაში არსებულქორწილთან. ვფიქრობ ყოველივე დეტალის გათვალისწინებით 90 % მაინც გამომივიდა ისეთი ქორწილი როგორიც მინდოდა და როგორზეც ვოცნებობდი.
კაბა
საქორწილო კაბის შეძენა პირდაპირ ძალიან რთულია საქართველოში. სულ რამოდენიმე საქორწილო სალონია, სადაც ფასები ან ძალიან კოლოსალურია ან დიზაინი საოცარი. თავიდანვე ვიცოდი, რომ შეკერვა ყველაზე კარგი გამოსავალი იყო. ინტერნეტით ძალიან ბევრი ვეძებე, თუ ვისთვის მიმენდო ეს საკითხი. საბოლოოდ მივაგენი ქალბატონ ნანა მელქაძეს, რომელმაც ჩემი სასურველი კაბის დიზაინი დაახლოებით 5 წუთში ისე დამიხატა როგორიც წარმომედგინა. ყველაზე სასიამოვნო რაც არის, გახლავთ ის ფაქტი, რომ იყო გარკვეული დეტალები, რომლებიც თვითონ შეიტანა და ძალიან მომეწონა. პატარძლებს კი ვურჩევდი, რომ თუ ენდობიან დიზაინერს აუცილებლად მისცენ საშუალება თავიანთი შტრიხი შეიტანონ. მხვდებოდა ისეთ პატარძლები, რომლებიც დაჟინებით მოითხოვდნენ კაბის ისე შეკერვას, რაც დიზაინერის თვალით არ იქნებობდა ლამაზი. საბოლოოდ სწორედ ასე გამოდიოდა. ამიტომ მიმაჩნია, რომ თუ პროფესიონალს ანდობ საქმეს, უნდა მისცე საშუალება იმუშაოს და შენც, რა თქმა უნდა, შენი ძირითადი დიაზინის ფარგლებს არ უნდა გადაუხვიო. ამიტომ ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ქალბატონ ნანას, ძალიან მესიამოვნა მთლიანად ეს პროცესი და საერთოდ არ მინერვიულია რადგან ვენდობოდი მას. კაბის პირველი თარგის დანახვისთანავე მივხვდი, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე და მის მერე მშვიდად მივყევით შეკერვის სრულ პროცესს. ინსპირაცია კი კაბის რამოდენიმე დიზაინის შედეგი გახლდა. ვიცოდი, რომ არ მსურდა ძალიან დიდი კაბა. უნდა ყოფილიყო კომფორტული სამოძრაოდ (მიმაჩნია რომ ამ დღეს ერთ–ერთ მნიშვნელოვანი სწორედ ეს არის). ბევრი პატარძალი მინახავს რომ ვერ მოძრაობს ნორმალურად ფოტოსესიისა და ცეკვის დროს . კაბა გახლდათ საკმაოდ დახვეწილი, მარტივი და წვრილმანი დეტალებით გაფორმებული. საღამოსთვის კი მეორე კაბის დიზაინი (რათა ცეკვაში კიდევ მეტად უფრო კომფორტულარ ვყოფილიყავი) ატელიე 27 – ის მივანდე. გოგოებმა ძალინა კარგად გაართვეს თავი ამ ყველაფერს. ტორტის გაჭრის ცერემონიაზე და ცეკვის დროს მეორე კაბა იდეალური გამოდგა, თავისი დახვეწილი ფერით, ფორმითა და პატარა დეტალებით, რაზეც დიდი მადლობა მათ. დიდი მოწონება დაიმსახურა მეორე კაბის იდეამ სტუმრების თვალში.
თმა და მაკიაჟი
თმის ვარცხნილობაზე ჩემმა ბავშვობის სტილისტმა იზრუნა, რომელსაც წლებია ვენდობი. ხოლო მაკიაჟზე ქალბატონმა მაკა შავერდაშვილმა. მინდოდა, რომ მაკიაჟი სადა და ბუნებრივი ყოფილიყო. მაკამ ზუსტად მოახერხა რომ კაბასთან შესაბამისი ფერები შეერჩია და მაკიაჟიც იმდენად ბუნებრივი იყო რომ მგონია მასზე უკეთესად ვერავინ მიმიხვდებოდა, თუ რა მინდოდა კონკრეტულად. ამას ისიც ემატება რომ მაკიაჟმა გაძლო დღის ბოლომდე, რადგან მაღალი ხარისხის კოსმეტიკას იყენებს. არანაირი დამატებითი შესწორება არ დამჭირვებია, რაც ხშირად მინახავს სხვა ქორწილებში, როცა პატარძლები გამუდმებით დარბიან სარკესთან მაკიაჟის გასაახლებლად. ეს ზუსტად იმაზე მეტყველებს, რომ პროფესიონალის მიერ გაკეთებული მაკიაჟი დიდხანსაც ძლებს და გამოირჩევა ყველასგან.
ლოკაცია
ყველაზე რთული აღმოჩნდა ლოკაციის შერჩევა. ძალიან მსურდა, რომ ღია ცის ქვეშ გამეკეთებინა. ისე, როგორც ხელმოწერის ცერემონია, ასევე მთელი საღამო. სამწუხაროდ საქართველოში ძალიან ცოტა ადგილია, სადაც შესაძლებელია მსგავსი ღონისძიების გამართვა, შეიძლება ითქვას რომ თითზე ჩამოსათვლელიც კი. ამას ის ფაქტი ემატება, რომ ისეთ რესტორნებს რომლებიც გვთავაზობენ ღია ცის ქვეშ ცერემონიის გამართვას, არ აქვთ წვიმისგან დამცავი ტენტები ან თუ აქვთ ძალიან ძვირად გვთავაზობენ ამ მომსახურებას. სამწუხაროდ ამინდის გათვლა ორი კვირით ადრე საკმაოდ რთულია, აღარაფერს ვამბობ სამი თვით ადრე, ამიტომ გადავწყვტე ოპტიმალური ვარიანტის არჩევა რომ ხელმოწერის ცერემონია ყოფილიყო ღია ცის ქვეშ, ხოლო ქორწილი ისეთ რესტორანში სადაც ლამაზი ეზო იქნებოდა და სტუმრები ისიმოვნებდნენ საღამოს ეზოს ლამაზი გარემოთი და შეძლებდნენ ლამაზი ფოტოების გადაღებას. ხელი Weddingstory-ს სივრცეში მოვაწერეთ, სადაც საოცრად ლამაზი იყო ყველაფერი, საბედნიეროდ ამინდმაც ხელი შეგვიწყო და ყველაფერმა კარგად ჩაიარა.
ფოტოგრაფი და ფოტოსესია
ჩვენი ფოტოგრაფი გახლდათ დიტო თედიაშვილი , რომელიც საწყისი ეტაპიდან იყო ჩართული ფოტოსესიის ლოკაციების შერჩევაში. დაუღალავი ადამიანია მართლა და იდეებით აღსავსე. დღის განმავლობაში დაახლოებით 3 ლოკაციაზე ვიყავით. სწორედ მისი დამსახურებაა ესეთი მრავალფეროვანი ალბომი რომ გამოვიდა. კარგად ესმის თუ როგორ უნდა იმუშაოს პატარძლებზე და განასკუთრებით სიძეებზე. მოგეხსენებათ კაცები დიდად არ იხიბლებიან ხოლმე ფოტოსესიით. დიტომ ისე კარგად გაართვა თავი ამ ყველაფერს, რომ არცერთს არ გვქონია მობეზრების შეგრძნება. მთავარია რომ დაუჯერო, მიჰყვე მის რჩევებს და მისცე საშუალება იმუშაოს.
ქორწილი
ქორწილის დღე ძალიან დასამახსოვრებელი და ლამაზი იყო. ძალიან დიდი მადლობა დიტო თედიაშვილს, რომ ასე გვერდით დაგვიდგა. ძალიან მინდოდა ღია ცის ქვეშ მომეწყო ქორწილი, თუმცა როგორც აღვნიშნე საქართველოში არ არის ამის ფუფუნება. დიტოს იდეა გახლდათ ღია ცის ქვეშ ხელისმოწერის ცერემონიის ორგანიზება რათა მიახლოვებოდა ქორწილის იდეა ჩვენს სურვილებს. ყველაფერი მართლა ზღაპრულად ლამაზი და იდეალური იყო. ფოტოებიც შესაბამისად ორიგინალური და დასამახსოვრებელი გამოვიდა. წვიმამაც არ დააყოვნა და საღამოსკენ ქორწილის დღეს ცოტა იწვიმა. თუმცა ამ ყველაფერს ხელი არ შეუშლია ჩვენთვის. დასამახსოვრებელი იყო აგრეთვე რესტორნის ეზო, რომელიც საკუთარი ძალებით მოვაწყვეთ და დიდი მოწონება დაიმსახურა სტუმრებში. ვფიქრობ, ქორწილიდან ყევლაზე დასამახსოვრებელი რაც გრჩება, არის ფოტოები და განწყობა. საბოლოოდ, ძალიან კმაყოფილები დავრჩით, ოცნების ქორწილითა და მრავალფეროვანი სამახსოვრო ფოტო-ალბომით.
საქორწინო მოგზაურობა
საქორწილო მოგზაურობა ჩეხეთსა და პოლონეთში გავატარეთ. პრაღა იმდენად დასამასხოვრებელი და ლამაზი ქალაქია, რომ ვფიქრობ აქ რამის ცალკე გამოყოფა რთულია. ვისაც უყვარს სიძველე და რომანტიკა, ქალაქი პრაღა ერთ–ერთი საუკეთესო არჩევანია.
რჩევა მომავალ პატარძლებს
მომავალ პატარძლებს ვურჩევდი რომ თუ სურთ ქორწილის დღეს მშვიდად იყვნენ, საორაგნიზაციო საკითხებზე მინიმუმ 3 თვით ადრე დაიწყონ ზრუნვა. თუ მაქსიმალისტები ხართ და გსურთ ყველა დეტალი გათვალოთ ეს ვადა ის მინიმუმია რაც დაგჭირდებათ. ვურჩევდი რომ არავინ ჩარიონ არცერთ საკითხში, გარდა მომავალი მეუღლისა. მგონია რომ მცდარია ის მოსაზრება, რომ ვინმე შენს ნაცვლად რამეს გაგიკეთებს და მოგიგვარებს. თუ გსურთ რომ თქვენი ქორწილი ისეთი იყოს როგორიც წარმოგიდგენიათ, მაშინ მზად უნდა იყოთ დაუღალავი შრომისთვის. იქნება ეს ინტერიერის გაფორმებიდან დაწყებული, რესტორნის მენიუთი დასრულებული. აუციელბელია სრული ჩართულობა სასურველი შედეგის მისაღწევად. საკმაოდ დაძაბული პერიოდია, თუმცა ამ ყველაფრის ორგანიზებიდან აუცილებლად უნდა მიიღოთ სიამოვნება. მიმაჩნია რომ ეს არის ცხოვრებაში ის ერთადერთი ღონისძიება, რომლის ორგანიზებაც არავის არ უნდა ანდოთ საკუთარი თავის გარდა.