ზღაპრული ხელის თხოვნა საბერძნეთის სანაპიროზე
ქორწილამდე
ჩვენი სიყვარულის ისტორია მეგობრობით დაიწყო. ერთმანეთი 2011 წელს, თავისუფალი უნივერსიტეტის პირველ კურსზე გავიცანით და მაშინ ვერცერთი წარმოვიდგენდით, რომ ჩვენი ურთიერთობა ამგვარად განვითარდებოდა. რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, უნივერსიტეტის პერიოდში იმდენად ახლო მეგობრობა არ გვაკავშირებდა, როგორც მისი დასრულების შემდგომ გაგრძელდა. ჩვენ საერთო მეგობრების წრე გვყავს და ხშირად დავდიოდით ხოლმე ერთად სამოგზაუროდ, როგორც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთაც. ჩემს გარშემო რამდენჯერმე აღუნიშნავთ, რომ რაღაც განსაკუთრებულს ამჩნევდნენ ჩვენს ურთიერთობაში თითქოს, მაგრამ მე თავს ვიგიჟებდი – „რას ამბობთ, არაფერი ხდება, ჩვენ უბრალოდ ძალიან კარგი მეგობრები ვართ-მეთქი“ – ვპასუხობდი. პალიკო გრძნობებში რომ გამომიტყდა, ძალიან განვიცადე. მაშინ შემეშინდა, რომ ამით ჩვენი მეგობრობა დაინგრეოდა და ერთმანეთს დავკარგავდით. თუმცა მან ძალიან მალე მოახერხა ის, რომ ჩემი გრძნობაც სიყვარულში გადაზრდილიყო და რაც ძალიან მთავარია ჩვენს ურთიერთობაში, ჩვენი მეგობრობა ნამდვილად არ შეცვლილა, პირიქით სიყვარულმა ის უფრო გააძლიერა და განსხვავებული ელფერი შესძინა
ხელის თხოვნა
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ უკვე მრავალწლიანი ურთიერთობა გვაკავშირებდა, შეყვარებულობის პერიოდი სულ რამდენიმე თვე გაგრძელდა, ამიტომაც ჯერ ვერ ვიფიქრებდი, რომ ხელის თხოვნას ასე მალე გადაწყვეტდა. როგორც ზემოთ აღვშნიშნე, ჩვენი სამეგობრო წრე ხშირად დავდიოდით სამოგზაუროდ და ამჯერადაც მეგონა, მორიგი ჩვეული მოგზაურობა იგეგმებოდა საბერძნეთის სანაპიროზე. თუმცა როგორც მერე გავიგე, თურმე ყველაფერი სხვაგვარად ყოფილა და ეს მოგზაურობა ხელის თხოვნის ამბებს ეძღვნებოდა. არ ვიცი რანაირად მოახერხეს, რომ ყველამ ყველაფერი იცოდა (თურმე ჩემმა მშობლებმაც კი!) და ისე იქცეოდნენ, რომ ეჭვი არაფერზე მიმიტანია. იქ ყოფნის პერიოდში განსაკუთრებული არაფერი მიეჭვია. ერთს საღამოს, როცა მომდევნო დღის გეგმებს განვიხილავდით, პალიკომ აღნიშნა, რომ, ჩვენს სასტუმროს წყვილებისთვის განსაკუთრებული ვახშმის პაკეტი ჰქონდა და ჩვენს მეგობარსაც, საცოლესთან ერთად შესთავაზა, რომ ერთად გვევახშმა. თანაც ისიც აღნიშნა, რომ ვახშმის ამ „პაკეტში“ ფოტოგრაფის მომსახურებაც შედიოდა (იქ მისულს რომ არ მეეჭვა რამე) და მე რადგანაც ძალიან მიყვარს ფოტოების გადაღება, უფრო სიხარულით დავთანხმდი ამ ინიციატივას.მეორე დღეს კი „რატომღაც“ ისე აღმოჩნდა , რომ ჩვენი მეგობრები ვეღარ მოდიოდნენ ვახშამზე და ჩვენ მარტო წავედით. სასტუმროს პერსონალმა სანაპიროზე მიგვაცილა, სადაც მხოლოდ ჩვენ ორისთვის იყო გაშლილი მაგიდა სპეციალურად და ძალიან რომანტიული გარემო იყო ყვავილებით და სანთლებით. არადა წასვლამდე მეგონა, რომ უბრალოდ სანაპიროზე მდებარე რესტორანში მივდიოდით. თუმცა, არც მაშინ მიეჭვია არაფერი, რადგან ასეთი რომანტიული საღამოები მანამდეც მოუწყია პალიკოს ჩემთვის. სანამ ვახშამი დაიწყებოდა, გვქონდა ფოტოსესია და მაშინ ვხალისობდი კიდეც, ამ ფოტოებს ტყუილად ვიღებთ, ალბათ მაინც ვერასოდეს ვნახავთ-მეთქი. რას წარმოვიდგენდი, რომ სპეციალურად ამ საღამოს კადრების აღსაბეჭდად იყო დაქირავებული. ვახშამზე მართლაც უგემრიელესი კერძები მოგვიტანეს და რადგანაც ზღვის პროდუქტები ორივეს ძალიან გვიყვარს, სიამოვნებით მივირთვით. ჩვენი მეგობრები ამ თემაზე დღემდე გვეხუმრებიან – ისე გემრიელად მიირთმევდით, კინაღამ დაავიწყდა პალიკოს ხელი რომ უნდა ეთხოვაო. ხო მართლა, მაშინ, როცა მეგონა, რომ ჩვენი მეგობრები სასტუმროში ვახშმობდნენ, თურმე ისინიც ახლო-მახლო იმალებოდნენ და ჩუმად გვითვალთვალებდნენ. ვახშმის დასასრულს ოფიციანტმა გვითხრა, რომ სპეციალურად ჩვენთვის შეფ-მზარეულს განსაკუთრებული კერძი ჰქონდა მომზადებული, როდესაც ეს „კერძი“ მოიტანეს და პალიკომ ხელი მომკიდა, მას მერე ცოტა ბუნდოვნად მახსოვს ყველაფერი რადგან უკვე ვხვდებოდი რის თქმასაც აპირებდა. ლანგარზე კერძის ნაცვლად ნიშნობის ბეჭედი იმალებოდა. ძალიან ემოციური იყო ეს წამები, როგორ დამიჩოქა და გამიკეთა ბეჭედი და მეც როგორ ვუთხარი -კი, შემდეგ კი ჩვენი მეგობრები მოცვიდნენ ჟრიამულით და ყველამ თითო ცალი ვარდი მომართვა, რომელზეც გრაგნილები იყო შებმული მათი სურვილებით. ამ წერილების წაკითხვაც ძალიან ემოციური იყო და მათ სამუდამოდ შევინახავ. ეს ჟრიამული და ოვაციები ფეიერვერკმა დააგვირგვინა, მერე კი ყველანი ერთად წავედით ამ ამბის აღსანიშნავად. ის უბედნიერესი წამები, რომელიც 9 ივნისს განვიცადე, არასდროს დამავიწყდება, როდესაც თავი ნამდვილი ფილმის გმირად ვიგრძენი
ქორწილის სამზადისი
საბერძნეთიდან როგორც კი დავბრუნდით, ჯერ ნიშნობის თარიღი დავთქვით – 29 ივნისი, ამავე დღეს შედგა ჩვენი წინდობა სვეტიცხოვლის ტაძარში. ხოლო ქორწილის თარიღად 30 სექტემბერი ავარჩიეთ. ყოველთვის მინდოდა, რომ ქორწილი სექტემბერში მქონოდა, რადგან ჩემი აზრით იდეალური თვეა – იდეალური ამინდი (არც სიცხე და არც სიცივე) და ულამაზესი ფერები ფოტოსესიისთვის. სექტემბრამდე კი 3 თვე რჩებოდა. ჩემთვის ყოველთვის წარმოუდგენელი იყო ასეთ მოკლე ვადაში ქორწილის დაგეგმვა. თუმცა პალიკომ იცოდა, როგორი ემოციური ადამიანი ვარ და სამზადის პროცესში ყველაფერს ზედმეტად განვიცდი, ამიტომაც, როგორც ამბობს, ეს პროცესი შემიმსუბუქა და დროში შემიმოკლა. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებების ორგანიზებაში გამოცდილება მანამდეც მქონდა და სამეგობროს ქორწილებშიც აქტიურად ვიყავი ჩართული, რადგანაც საქმე ჩემს ქორწილს ეხებოდა, საქმე გართულდა და ძალიან მიჭირდა გადაწყეტილებების მიღება. თანაც სახუმარო საქმე არ იყო 500 კაციანი ქორწილის ორგანიზება, ამიტომაც ყველაფერი დეტალურად და კარგად უნდა ყოფილიყო გაწერილი. ყველაფრის მოსაგვარებლად ერთად დავდიოდით და ყველაფერს ერთად ვარჩევდით, მიუხედავად ორივეს გადატვირთული სამუშაო გრაფიკისა, სამსახურის შესვენების დროს და შაბათ- კვირას ვიყენებდით ამ საქმეების მოსაგვარებლად. საბოლოოდ კი ის შედეგი მივიღეთ, რომ ყველაფერი მართლაც ისეთი გამოგვივიდა ქორწილის დღეს, როგორიც ორივეს წარმოგვედგინა ჩვენს ოცნებებში. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი ოჯახის წევრებს და მეგობრებს, რომლებიც გვერდში გვედგნენ, გვამხნევებდნენ და რჩევებს გვაძლევნდნენ ამ პერიოდის მანძილზე.
კაბა
ჩემმა წინასაქორწილო პანიკა კაბის დიზაინზე ფიქრსაც მოიცავდა. უამრავი იდეა მქონდა თავში არეული, როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო ჩემი საქორწინო კაბა და ძალიან ვნერვიულობდი, რომ ვერ ვარჩევდი საბოლოოდ იმ ერთადერთს. ვიცოდი ის, რომ არ მინდოდა ძალიან გაშლილი და გადატვირთული კაბა, უფრო მეტად სისადავეს ვამჯობინებდი. კაბის შეკერვა დრესკოდს მივანდე, ზუსტად ვიცოდი, რომ შემეძლო მათი თვალდახუჭული ნდობა და ეს მოლოდინი ნამდვილად გაამართლეს. მინდა აღვნიშნო, რომ დრესკოდის გუნდი არამხოლოდ პროფესიონალიზით და გემოვნებით გამოირჩევა, არამედ ემოციურ მხარდაჭერასაც ძალიან კარგად გამოხატავენ. როდესაც კაბის დიზაინზე მუშაობა საბოლოოდ დასრულდა და ბოლოჯერ მოვიზომე, მივხვდი, რომ ნამდივლად ეს იყო ის ერთადერთი კაბა, რაც მე თავს ნამდვილ დედოფლად მაგრძნობინებდა ქორწილის დღეს.
თმა და და მაკიაჟი
ამ თემაზე არც კი მიფიქრია ისე მივანდე ჩემი ვარცხნილობა და მაკიაჟი Le Soleil-ში ჩანჩიკას. ეკა ნამდვილად თავისი საქმის პროფესიონალია. ქორწილამდე 2 კვირით ადრე სატესტოდ გამიკეთა ვარცხნილობაც და მაკიაჟიც, ასე უფრო მშვიდად ვიყავით ორივე, რადგან ვიცოდით ქორწილის დღეს პირადაპირ რას და როგორ ვაკეთებდით. შევარჩიეთ სტილი -აქაც არჩევანი ნაკლებად გადატვირთულ, ბუნებრივ ვარცხნილობასა და მაკიაჟზე შევაჩერე.
ლოკაცია
ჯვარი ქაშუეთის ეკლესიაში დავიწერეთ და ულამაზესი ცერემონია გამოვიდა, ბოლოს ჩემმა მომღერალმა მეგობრებმა საგალობელიც შეასრულეს და ეს ძალიან ემოციური მომენტი იყო. ხელისმოწერის ცერემონია კი კოჯორში, სასტუმრო ბიოლის ულამაზეს ტერიტორიაზე გავმართეთ. ხელისმოწერის ცერემონიას კი ჩემი და პალიკოს საერთო მეგობარი უძღვებოდა და ეს ძალიან სიმბოლური იყო ჩვენთვის. მისი სიტყვა ძალიან ემოციური აღმოჩნდა.
ქორწილი ჰილსაიდში გაიმართა და სხვათაშორის, ამ ლოკაციის შერჩევას წინ ერთი ისტორიაც უძღვის. რამდენიმე თვით ადრე, ჯერ კიდევ სანამ პალიკო ხელს მთხოვდა, ვნახე სიზმარი, სადაც ზუსტად ისეთივე ტერიტორია იყო აღბეჭდილი, როგორიც ჰილსაიდია, ულამაზესი ხედით, საიდანაც ანძაც ჩანდა, თუმცა ჩემს სიზმარში ეს ტერიტორია ცარიელი იყო და ამ ადგილის სანახავად მივედით იმიტომ, რომ ჩვენი მეგობარი აპირებდა რესტორნის აშენებას. რამდენიმე დღეში კი Facebook-ზე შემხვდა ჰილსაიდის პოსტი, სადაც ზუსტად იგივე ხედით იყო ფოტოები გადაღებული, რაც მე დამესიზმრა და მაშინ ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა! იქამდე არც ვიცოდი ამ ლოკაციის შესახებ და მერე დავინტერესდი, დავათვალიერე და ძალიან მომეწონა. მას შემდეგ მქონდა გულში ეს ადგილიდა იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენს მრავალსტუმრიან ქორწილსაც მშვენივრად დაიტევდა, არჩევანი სწორედ მასზე შევაჩერეთ. ქორწილის და ხელისმოწერის ცერემონიის ვიზუალური გაფორმება არტ ბიუროს მივანდეთ. მათთან მუშაობა ძალიან სასიამოვნო იყო ჩემთვის, რადგანაც მაქსიმალურად ცდილობენ დამკვეთის ინტერესებზე მორგებას და ბევრი სასარგებლო რჩევაც მოგვცეს.
ფოტოგრაფი და ფოტოსესია
ჩვენი ფოტოგრაფი დიტო თედიაშვილი იყო. დიტოსთან მუშაობის გამოცდილება ჩემი პროფესიიდან გამომდინარე მანამდეც მქონია და ვიცოდი, რომ მის შესაძლებლობებში ეჭვი არ უნდა შემპარვოდა, თუმცა შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა და ჩვენი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი დღე ულამაზესად აღბეჭდა ფოტო კადრებზე. იმასთან ერთად, რომ დიტო თავისი საქმის პროფესიონალია, ძალიან კარგი ადამიანია და ქორწილის დღეს მასთან ერთად მუშაობა ნამდვილად სასიამოვნო იყო. იგივე შემიძლია ვთქვა ვიდეოსთან დაკავშირებით – მახო ყიფშიძემ გადაიღო და დაამონტაჟა ჩვენი ვიდეო და მისი პროფესიონალიზმი და გემოვნება ნამდვილად იგრძნობა ვიდეოს კადრებში. ჩემი ფოტოსესია ჩემს მეგობრებთან ერთად სასტუმრო „ნიუ ტიფლისში“ დაიწყო, ეს სასტუმრო შევარჩიე ულამაზესი ხედების და ვერანდის გამო. პალიკოს ფოტოსესიაც, მეგობრებთან ერთად, ამავე სასტუმროს მარანში გაიმართა. და რაღა თქმა უნდა მთავარი ფოტოსესია ჩვენი ხელისმოწერის შემდეგ, ბიოლის ტერიტორიაზე გვქონდა. იქ ისეთი მრავალფეროვანი გარემოა, ნებისმიერი წერტილიც კი ულამაზესია ფოტოსესიისთვის, ამიტომაც სხვა ადგილი დამატებით აღარ აგვირჩევია.
ქორწილი
ქორწილი თან თანამედროვე და თან ტრადიციული გამოგვივიდა, რადგანაც გვინდოდა გაგვეთვალისწინებინა დამსწრე სტუმრების ასაკობრივი კატეგორიები, რომ ყველას მიეღო სიამოვნება. გვქონდა დადგმული სპეციალური საცეკვაო ნომრები, რომ უფრო მრავალფეროვანი გამოსულიყო ჩვენი საღამო. ქორწილი ქართული სიმღერებით დაიწყო, შემდეგ არაჩვეულებრივმა ბენდმა “evening project“-მა გააგრძელა და სტუმრები საცეკვაოდ აიყოლია, ბენდის შემდეგ სცენაზე „ქუჩის ბიჭების“ გამოჩენამ კი დიდი ოვაციები გამოიწვია და 1 საათის მანძილზე გაუჩერებლად, არავინ დამჯდარა, ყველა ცეკვავდა და მღეროდა ჯგუფთან ერთად. საღამოს ყველაზე ახალგაზრდული ნაწილი კი დიჯეიმ დაასრულა. მინდა განსაკუთრებულად აღვნიშნო, რომ მიუხედავად ასეთი დამღლელი და ემოციური დღისა, მე და პალიკო ბოლო მომენტამდე საოცრად გავერთეთ, ფაქტობრივად ჩვენს მაგიდასთან არც ვმჯდარვართ, სულ სტუმრებთან ერთად ვიყავით და ვმხრიარულობდით. მაშინაც კი, ყველა რო წავიდა, მხოლოდ მე და პალიკო შემოვრჩით საცეკვაოდ, მიუხედავად იმისა, რომ
დაღლილობისგან ფეხზე ძლივს ვიდექით
საქორწინო მოგზაურობა
თაფლობის თვე ინდონეზიის ულამაზეს კუნძულ ბალიზე გავატარეთ. ორივეს გვსურდა აზიაში მოგზაურობა. გვინდოდა თაფლობის თვის გატარება ზღვის პირას, თუმცა ამავდროულად ისიც გვინდოდა, რომ გვქონოდა ახალი საინტერესო ადგილების დათვალიერების შესაძლებლობა. ბალი ამ შემთხვევაში მართლაც საუკეთესო არჩევანი აღმოჩნდა. მიუხედავად ძალიან ხანგრძლივი და დამღლელი ფრენისა, მინდა ვთქვა, რომ ამად ნამდვილად ღირს! რეალობამ რაც იქ დაგვხვდა, მოლოდინს გადააჭარბა, მართლაც შთამბეჭდავი იყო ის ადგილები, რასაც ბალიზე მოგზაურობის პერიოდში ვეწვიეთ. ძალიან მრავალფეროვანი ბუნება, საოცრად სტუმართმოყვარე და თბილი ხალხი, რომლებიც სიხარულით ივსებოდნენ იმის გაგონებაზე, რომ ახალდაქორწინებულები ვიყავით და თაფლობის თვე გვქონდა. მართლაც დაუვიწყარი იყო იქ გატარებული თითოეული წამი.
რჩევა მომავალ პატარძლებს
მომავალ პატარძლებს ვერ ვურჩევ იმას, რომ არ ინერვიულონ – რადგან ეს ბუნებრივი პროცესია, რომელიც წინასაქორწილო სამზადისს ახლავს თან, თუმცა ამ გრძნობას ეიფორიას უფრო დავარქმევდი, ვიდრე ნერვიულობას, ეს ყველაფერი ხომ ამავდროულად ძაალიან სასიამოვნოცაა. თუმცა, რაც არის აუცილებლად შესასრულებელი წესი – როგორც კი თქვენი ქორწილის დღე დადგება, უკან უნდა მოიტოვოთ ყველაფერზე ღელვა და მხოლოდ ამ ბედნიერ დღეზე იფიქროთ. ამ დღის მთავარი გმირი ხომ სწორედ თქვენ ხართ! თქვენ უნდა ბრწყინავდეთ, კაშკაშებდეთ და ასხივებდეთ ბედნიერებას! ამ ყველაფრის მიღწევა კი შეუძლებელი იქნება ღიმილის გარეშე. აქვე გაგიზიარებთ ჩემს გამოცდილებასაც – ქორწილის წინა საღამოს ჩემმა სუპერ მეჯვარეებმა სიურპრიზი მომიწყეს და წამიყვანეს სპაში, საიდანაც ისეთი დარელაქსებული გამოვედი, მართლა აღარ მახსოვდა აღარცერთი პრობლემა. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მოხდეს რაღაც გაუთვალისწინებელი ამბები და შეიქმნას გარკვეული შეფერხებები, უნდა იფიქროთ მთავარზე – რომ ეს დღე თქვენი სიყვარულის ზეიმია და არაფერს მისცეთ უფლება ხასიათი გაგიფუჭოთ!
ფოტოგრაფი: დიტო თედიაშვილი
ვიდეოგრაფი: მახო ყიფშიძე
მაკიაჟი: ეკატერინე ჩანჩიბაძე
თმა: ეკატერინე ჩანჩიბაძე (Le soleil)
კაბა: Dresscode
დიზაინი, ფლორისტიკა: Art Biuro
რესტორანი: Hillside Residence
სასტუმრო: New Tiflis
ბენდი: Evening Projects