დაოჯახების სახუმარო პოსტიდან ქორწილამდე
ქორწილამდე
სანამ ჩვენი სიყვარულის ისტორია დაიწყებოდა, მე და ბაჩი ერთმანეთს ვიცნობდით დაახლოებით 10 წელი. საუკეთესო მეგობრები ვიყავით, ერთმანეთის ოჯახის წევრებს ვიცნობდით და დავდიოდით ერთმანეთთან. ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე ერთად ვიქნებოდით. შარშან მოხდა ისე რომ გამანაწყენა, არ ვლაპარაკობდით რამოდენიმე თვე. მერე წავედი, თბილისში ვიყავი და დიდი ხნის განმავლობაში არ გვქონდა კონტაქტი. 2018 წლის საახალწლოდ დავბრუნდი ბათუმში და სპონტანურად შევრიგდით. ვერ ვძლებდით ერთმანეთის გარეშე, თავიდანვე ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი, ამიტომაც უფრო ხშირად ვუბრაზდებოდით ერთმანეთს. 27 იანვარს, ჩვეულებისამებრ, როგორც ყოველთვის, მეგობართან ვიყავით შეკრებილნი, უცებ მოვიფიქრეთ, რომ აუცილებლად უნდა გვეჭამა მაკდონალდსში და წავედით. იქ მე და ბაჩი ერთად დავჯექით და ვათვალიერებდით რაღაცეებს ტელეფონში, ამ მომენტით ისარგებლა მეგობარმა და ერთი უწყინარი ფოტო გადაგვიღო, რომელიც სოციალურ ქსელში ატვირთა წარწერით: “გილოცავთ“. ამას მოჰყვა, ათასი კითხვა, მოლოცვა. ამ ამბების შემდეგ ვიგრძენით, რომ ერთმანეთთან ის ურთიერთობა აღარ გვქონდა რაც ადრე, თითქოს ერთ დღეში სრულიად შეიცვალა ჩემი ხედვა ბაჩის მიმართ, იმ ფოტოს შემდეგ შეიცვალა ჩვენი დამოკიდებულება ერთმანეთისადმი. სულ სხვანაირად ვკითხულობდით ერთმანეთს. მთელი დღის განმავლობაში, ვინტერესდებოდით ერთმანეთის ამბებით და უამრავი წინააღმდეგობის მიუხედავად დღეს ჩვენ ერთად ვართ.
ხელის თხოვნა
ორივემ ვიცოდით, რომ გვინდოდა ოჯახის შექმნა და ერთად ყოფნა. ველოდებოდით ამისათვის შესაფერის დროს, მაგრამ არაფერი ვიცოდი თუ მოვლენები ესე განვითარდებოდა. ძველი ტრადიციისამებრ, ერთ დღეს სახლში სტუმრად მოდის ბაჩის ბიძა და მამა და ჩემი ხელი სთხოვეს მამაჩემს. ამ ამბის შემდეგ დავიწყეთ მე და ბაჩიმ ფიქრი, სად გავაკეთებდით ნიშნობას, როგორ და სხვა ასეთი დეტალები. ერთ თვეში ისევ შევიკრიბეთ და დაითქვა ნიშნობის თარიღი – 30 ივნისი.
მზადება ქორწილისთვის
ქორწილი დავგეგმეთ 2 სექტემბერს. ნიშნობის შემდეგ სულ ქორწილის ამბებში ვიყავით ჩართული, ვგეგმავდით ყველა დეტალს: სად წავიდოდით, ფოტოგრაფი ვინ იქნებოდა, როგორ კაბას ჩავიცვამდი და ის ათასი წვრილმანი საკითხი, რაც ქორწილს ახლავს. ძალიან დაბნეული ვიყავი ემოციებისგან და ყველანაირი კრეატიული აზრი გაქრა ჩემი გონებიდან. მეხმარებოდნენ ჩემი ოჯახის წევრები, დაქალები და დედამთილი ძალიან აქტიურად ( 2 თვის განმავლობაში თავისი ხელით ჭრიდა და ამზადებდა ქორწილის გაფორმებებს )
კაბა
როგორი კაბაც მქონდა წარმოდგენილი, სამწუხაროდ, ვერსად ვიპოვე. ახსნაც არ შემიძლია, როგორ გადმოგცეთ ისე, რომ დაგანახოთ ჩემი თვალით დანახული სურათი. არ მინდოდა შემეკერა და კიდევ დამატებით მენერვიულა იმაზე, თუ როგორი გამოვიდოდა, მომეწონებოდა თუ არა რომ შეიკერებოდა და ამიტომ მერჩივნა უკვე მზა შემერჩია. მიუხედავად ყველაფრისა, არ ვნერვიულობდი. ერთ დღეს დავათვალიერე ყველაფერი და იმ დღესვე “მარიონელაში” გავაკეთე არჩევანი შესანიშნავ კაბაზე, რომელიც ძალიან მომეწონა და ნამდვილად საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ მთელს ბათუმში სხვა კაბა ვერ ვიპოვე, რომელიც მომეწონებოდა. იდეალურად ვგრძნობდი მთელი ქორწილის განმავლობაში ამ კაბაში თავს,ნამდვილად შეესაბამებოდა დედოფლის ტიტულს.
თმა და მაკიაჟი
თმა და მაკიაჟი გავიკეთე : “ make up Ana Pataraia “ სალონში. მაკიაჟი ანა პატარაიასთან და თმა ელისთან. ანა საოცარი ვიზაჟისტია. როცა ვათვალიერებდი მის ნამუშევრებს, ძალინ მომწონდა და ვიცოდი, რომ აუცილებლად მასთან მინდოდა მაკიაჟის გაკეთება. ელიზე არაფერი ვიცოდი, მაგრამ კმაყოფილი დავრჩი, ძალიან მომეწონა და ეს კიდევ ერთი მიზეზი იყო ბედნიერებისათვის. მათ ნამდვილად მაგრძნობინეს ქორწილის დღეს თავი განსაკუთრებულად.
ლოკაცია
სალონის შემდეგ ფოტოსესია მოვაწყვეთ სასტუმრო “ჰილტონში”. შემდეგ გადმოვინაცვლეთ ჩემთან სახლში, სადაც წესისამებრ ბაჩი უნდა მოსულიყო თავის მეგობრებთან და ნათესავებთან ერთად, აქ საოცარი სიურპრიზი გამიკეთა ბაჩიმ, მანქანებს წინ უძღოდა ბაიკერები და თვით ბაჩი თავისი ბაიკით. ეს იყო საოცარი სანახაობა, რაც არ ვიცოდი და არ ველოდი. ბაიკებისა და სიგნალების ხმამ მთელი სახლი გააკვირკვა, ემოციებისგან ვერ ვაცნობიერებდი რა ხდებოდა, იმ ფრაგმენტებს, შოკისგან, დღეს ძვლივს ვიხსენებ. სახლიდან გემზე გავისეირნეთ, რადგან ორივეს გვიყვარს ზღვა, თან ამას სიმბოლური სახეც ჰქონდა, რადგან ბაჩი პროფესიით მეზღვაურია. შემდეგ ჯვრისწერა თამარ მეფის სახელობის ეკლესიაში გაიმართა. ჯვრისწერის შემდეგ ხელის მოწერა გვქონდა დაგეგმილი მწვანე კონცხზე, ბოტანიკურ ბაღში, ზევით მხარეს, სადაც ბუნებისა და ზღვის ხედი ერთად მოჩანს. ხელის მოწერის შემდეგ გადავინაცვლეთ დარბაზ “სამოთხეში” და დარბაზში გაგრძელდა ქორწილი.
ფოტოგრაფი და ფოტოსესია
ფოტოგრაფი გვყავდა ირაკლი ლაფაჩი, თავის გუნდთან ერთად. საოცრად პოზიტიური და ნიჭიერი ადამიანები. ფეისბუქზე მქონდა ირაკლის ნამუშევრები ნანახი, ძალიან მომეწონა და დავუკავშირდით, რომ აუცილებად ისინი უნდა ყოფილიყვნენ ჩვენ გვერდით. წინასწარ ერთმანეთთან შეთანხმებით შევარჩიეთ ლოკაციები, დავგეგმეთ დეტალები და ყველაფერი შევასრულეთ ზუსტად ისე, როგორც დაგეგმილი იყო. მოუთმენლად ველოდებით ქორწილის მასალას.
ქორწილი
ქორწილი წარიმართა ძალიან პოზიტიურად, მიუხედავად იმისა რომ ყველაფერზე ძალიან ვღელავდი, ქორწილის მსვლელობამ დამამშვიდა და საოცარი დრო გავატარე, ჩემს მეგობრებთან და ნათესავებთან ერთად. ქორწილი 700 კაცისგან შედგებოდა და ყველა ადამიანში იგრძნობოდა მხიარულება, თითოეული იზიარებდა ჩემს ბედნიერებას. მე და ბაჩიმ შევასრულეთ რამოდენიმე ცეკვა, რომელიც წინასწარ გვქომდა დაგეგმილი და ბოლოს საოცარი ფოიერვერკებით დასრულდა ქორწილის პირველი დღე.
საქორწინო მოგზაურობა
საქორწინო მოგზაურობა დუბაიში გვქონდა. დუბაი ყოველთვის ჩემი ოცნების ქალაქი იყო, საოცარი შენობებით. ჩემს ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა იმ სილამაზით, რაც იქ ვიხილე, ცოცხალი და თბილი ქალაქი, ნამდვილად ტურუსტული სივრცე, სადაც შეგიძლია საოცარი დრო ატარო. დავათვალიერეთ უდაბნო, სადაც გავეცანით სხვადასხვა ტრადიციასა და კულტურას, დავესწარით დაგეგმილ სანახაობას, დავათვალიერეთ თანამედროვე ქალაქი, ბურჯ ხალიფა- მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობა, აკვარიუმი, პალმის კუნძულები, უზარმაზარი მოლი, ვნახეთ შადრევნების საოცარი ცეკვა განათებით, მმართველის სასახლე და ყველა კულტურული ღირსშესანიშნაობა. ვერ აგიღწერთ იმ შთაბეჭდილებებს, რაც იმ ათმა დღემ დამიტოვა. აუცილებლად უნდა ნახოთ დუბაი.
რჩევა მომავალ პატარძლებს
ყველა პატარძალს ვურჩევ დატკბნენ ყოველი წამით, ნაკლებად ინერვიულონ და დაიმახსოვრონ ყველა დეტალი. ყველაფერი აუცილებლად იქნება კარგად. მთავარია იბრძოლონ იმისთვის, რომ ეს დღე ზუსტად ისე დაგეგმონ და წარმართონ როგორც მათ სურთ. გაილამაზონ ახალი ცხოვრების დასაწყისი.