დაბადების დღის ყველაზე მოულოდნელი სიურპრიზი
ქორწილამდე
ყველაფერი აბიტურიენტობის პერიოდში დაიწყო. მე და შიო ერთ მასწავლებელთან ვემზადებოდით და ჯგუფში გავიცანით ერთმანეთი. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ მე უკვე არჩეული მყავდა სხვა პედაგოგი და მეგობრის რჩევით შევიცვალე, ისევე, როგორც ჩემმა ქმარმა გაურკვეველი მიზეზით შეიცვალა უკვე არჩეული ჯგუფი და ესე მოვხვდით ერთად. საკმაოდ დიდ ხანს ვაკვირდებოდით ერთმანეთს, შემდეგ მეგობრობა დავიწყეთ და ესე გადაიზარდა ყოველდღიურ ურთიერთობაში. მოახლოვდა ჩემი დაბადების დღე, რათქმაუნდა შიოც დავპატიჟე და სწორედ ამ დღეს ამიხსნა სიყვარული. სიმართლე გითხრათ, ძალიან მოულოდნელი იყო ჩემთვის ეს ფაქტი, იმიტომ, რომ ზუსტად ვიცოდი შიო ისეთი ტიპია „მიყვარხარ“-ს ძალიან დიდი ფიქრის შემდეგ და 100%იანი დარწმუნებით მეტყოდა. მას შემდეგ ბევრი რამ მოხდა ჩვენს ცხოვრებაში, მაგრამ მთავარი სულ ჩვენი ერთად ყოფნა იყო. დაუვიწყარი მომენტები, ჩვენს მეგობრებთან ერთად გატარებული დრო და ბევრი ლამაზი დღე გვაქვს გასახსენებლად.
ხელის თხოვნა
ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ხშირად მიწევს საქართველოს დელეგაციის წარდგენა სხვადასხვა ახალგაზრდულ ფორუმებზე ევროპაში ან მონაწილეობა საერთაშორისო პროექტებზე. ბოლოს ვიყავი პორტუგალიაში „AIESEC“-ის გაცვლითი პროგრამით დაახლოებით 2 თვე. ამდენხნიანი დაშორება შეიძლება ერთგვარი ბიძგიც კი გახდა მისთვის. როდესაც ამ მოგზაურობიდან დავბრუნდი, ჩვეულებისამებრ შიოც და ჩვენი მეგობრებიც დამხვდნენ აეროპორტში. როგორც აღმოჩნდა ყველამ იცოდა, რომ შიო ხელის თხოვნას აპირებდა და ძალიან ნერვიულობდნენ ამის გამო, თუმცა მე ისეთი დაღლილი ვიყავი , რომ მათ დაბნეულობას საერთოდ ვერ მივხვდი. უკვე ჩავსხედით მანქანებში, უნდა გამოვიდეთ აეროპორტის პარკინგიდან და უცებ გააჩერა შიომ მანქანა, ინთება სხვა მანქანების ფარები და აღმოჩნდა , რომ შიოს ძმაკაცებმა მანქანებით წრე შეკრეს და ამ წრეში მოვექეცით ჩვენ. შიო მეუბნება – „ესეც სიურპრიზი“ და გადავიდა მანქანიდან. მე უკვე მთელი სხეული მიცახცახებს, გადავედი მეც და ჩემს წინ ჩემმა საყვარელმა ადამიანმა მუხლზე დამდგარი მთხოვა ხელი. რათქმაუნდა დავთანხმდი და ჩვენმა მეგობრებმაც დიდი ზეიმით და ფეიერვერკებით აღნიშნეს ჩვენი ამბავი. ჩემი და და დედაც იქ იყვნენ, თურმე ამ ყველაფრის ორგანიზებაში ისინიც იღებდნენ მონაწილეობას, მე კი საერთოდ ვერაფერს ვერ მივხვდი. ამის შემდეგ წავედით შიოს საგანგებოდ ლამაზად მოწყობილ სახლში, სადაც ჩემი დედამთილი და დანარჩენი მეგობრები დაგვხვდნენ. კიდევ ბევრი სასიამოვნო სიურპრიზი დამხვდა იმ ღამით, ყველანი ეიფორიაში ვიყავით და დილამდე ქეიფით ავღნიშნავდით ამ ამბავს.
მზადება ქორწილისთვის
ქორწილის სამზადისს მალევე შევუდექით. ორგანიზატორული ნიჭით ორივე გამოვირჩეოდით და ამიტომ ვცდილობდით ყველა დეტალი გაგვეთვალა. ქორწილის სამზადისში ყველა გვეხმარებოდა – დედა, დედამთილი, დები, ჩემი ძმაც, მოკლედ ოჯახის ყველა წევრი ცდილობდა წვლილის შეტანას, თუმცა ისეთი დეტალი იყო ძალიან ბევრი, რასაც ჩვენს გარდა ვერავინ გააკეთებდა. სასწრაფოდ, პირველ რიგში, გადავწვიტეთ სტუმრების სია. შემდეგ უკვე ჩვენი ტანსაცმელი , ეკლესია, რესტორანი და თურმე ძალიან ძალიან ბევრი რამ. ძალიან გვინდოდა, რომ დასამახსოვრებელი ქორწილი გამოსულიყო – თან ახალგაზრდული , მაგრამ ისე, რომ ბებო-ბაბუებსაც ესიამოვნათ, თან ქართული და ტრადიციული, მაგრამ ისე , რომ ჩვენს უცხოელ სტუმრებსაც შინაურულად ეგრძნოთ თავი. მოკლედ ბევრი შრომის შემდეგ, ამ ყველაფრის კარგი ნაზავი გამოვიდა. დავიწყეთ მუშაობა სიმღერებზე, ცეკვებზე – გვინდოდა ქორწილი ჩვენივე ნომრებით ყოფილიყო დატვირთული. ამაში ოჯახის წვლილი ძალიან დიდია – ჩემი და-ძმა ოპერის მომღერლები არიან, შიოს და – სოფო კი საოცრად ცეკვავს ქართულს, მოკლედ მრავალმხრივ ნიჭიერმა ოჯახის წევრებმა ძალიან შეგვიწყვეს ხელი ქორწილი შოუდ გადაგვექცია. ამ დღისთვის მარტო ჩვენ კიარა, სტუმრებიც ძალიან ემზადბოდნენ, დიდი მოლოდინი ჰქონდათ ,იკერავდნენ კაბებს და მაკიაჟებს არჩევდნენ წინასწარ – ამან კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა დაგვაკისრა, რომ იმედები არ გაგვეცრუებინა და ყველაფერი იდეალურად გამოსულიყო. ქორწილის სამზადისი ნამდვილი ციებ-ცხელება იყო ყველასთვის, და განსაკუთრებით ჩემთვის – უამრავი „პრიმერკა“ , ტესტვარცხნილობები და თმა, მოსაწვევის დიზაინი, ლოკაციის შერჩევა, ნაჭრებზე სირბილი, ცეკვა-სიმღერის მომზადება, ყვავილების ძებნა, 1000 დეტალი და პლუს ამას შუალედური გამოცდები უნივერსიტეტში და საბაკალავრო ნაშრომის მომზადება. რადგან ქორწილი პირველ ივნისს იყო დაგეგმილი ზაფხულის ფერები დომინირებდა, და ვცდილობდით ამ ფერებს არ ავცდენილიყავით – მოსაწვევი, მაგიდების გაფორმება , ტორტი, ყვავილები და ა.შ. ორგანიზაციულ ამბებში მეხმარებოდა „Rembow events“-ი, იზრუნეს , რომ ქორწილის დღეს უნაკლოდ ჩაეარა და ასეც მოხდა, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა მათ. ხელისმოწერის ადგილის გაფორმება „Violet Events“- ს მივანდე და მოლოდინი ნამდვილად გაამართლა, რესტორანი კი კომპანია „ედემმა“ გაალამაზა.
კაბა
კაბა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ერთი რამ ზუსტად ვიცოდი – უნდა ყოფილიყო ძალიან პრინცესული, თავის გვირგვინით. მგონია, რომ როცა 22 წლის თხოვდები , ძალიან შეგეფერება ასეთი სტილის კაბა. ბევრი არჩევა არ დამჭირვებია, მივედი „მარიონელა“ -ში , ერთად შევქმენით ესკიზი და ულამაზესი კაბა შემიკერეს, ძალიან დიდი, ფუშფუშა და პრინცესული. ფატაც მინდოდა, გვირგვინს ძალიან უხდებოდა. ულამაზესი გვირგვინი გამიკეთა „Atabata Handmade”-მა , ზუსტად როგორიც მქონდა ჩაფიქრებული ისეთი გამოვიდა. ფეხსაცმელი მადონა ხარატიშვილმა შემიკერა, „Shoes-café Madonna” –მ, ძალიან ლამაზი და კომფორტული, სადა ყვავილებით და ბაბთებით. შიოს “Versace”-ს ელეგანტური კოსტიუმი ეცვა.
თმა და მაკიაჟი
თმა და მაკიაჟი ორივე ეკა ჩანჩიბაძემ (ჩანჩიკა) გამიკეთა. ქორწილამდე რამოდენიმე ტესტიც გავაკეთეთ და საბოლოოდ შესაფერისი გამოვიდა, ძალიან კმაყოფილი ვარ და უდიდესი მადლობა მას.
ლოკაცია
როგორც უკვე ავღნიშნე, ხელისმოწერა სასტუმრო „Biltmore“ -ის ულამაზეს შუშის ხიდზე გაიმართა. როგორც კი დავინახე ეს ხიდი , მაშინვე ვთქვი, რომ იქ მინდოდა ეს ცერემონიალი გამართულიყო. ეს იდეა მომიწონა ადმინისტრაციამ და მას შემდეგ ბევრმა წყვილმა აარჩია ეს ადგილი. ნამდვილად ძალიან შთამბეჭდავი გამოვიდა. მეორე ლოკაცია იყო სამების საკათედრო ტაძარი, სადაც ჯვარი დავიწერეთ. შემდეგ წავედით ეთნოგრაფიულ მუზეუმში, სადაც მე და შიომ ფოტოები გადავიღეთ. ბოლო ლოკაცია იყო „Babilo Music Hall“ ,ულამაზესი დარბაზით და ძალიან ყურადღებიანი ადმინისტრაციით.
ფოტოგრაფი და ფოტოსესია
პირადად ჩემი და შიოს ფოტოგრაფი იყო “W-Art Photography”, სტუმრებისთვის ცალკე ფოტო და ვიდეო გვყავდა -გოჩა მერაბაშვილი. ვიდეო მთლიანად უზრუნველყო ( კამერა, დრონი, კრანი) “Lig Studio”-მ. ძალიან დიდი მადლობა მათ არაშვეულებრივი კადრებისთვის, ფილმებიც, კლიპებიც და ფოტოებიც ძალიან კარგი გამოვიდა.
ქორწილი
დილა დაიწყო, რა თქმა უნდა, ფუსფუსით. მაკიაჟი, ვარცხნილობა, კაბა და მოვიდა შიოსთან შეხვედრის დროც. წინა ღამით სასტუმრო „Biltmore“-ში დავრჩი, დილის სამზადისიც იქ მიდიოდა. მენდელსონის მარშის თანხლებით მამამ შემაცილა შუშის ხიდზე, სადაც ბოლოში შიო მელოდებოდა. ძალიან ამაღელვებელი მომენტი იყო, შიომ პირველად ამ დროს დამინახა. ასევე რესტორანში შესვლაც ძალიან ემოციური იყო – მეგობრებმა იმღერეს „მრავალჟამიერი“ და პირდაპირ სცენაზე გამოვჩნდით მეფე-პატარძალი . ქორწილმა გეგმის მიხედვით ჩაიარა. არც კი ვიცი შანსი რომ მქონდეს რას შევცვლიდი ამ დღეს, ალბათ არაფერს. რა ნომრებიც გვქონდა მომზადებული სტუმრები აღფრთოვანებით უყურებდნენ, და ჩვენც ამ ემოციებმა მოგვიტანა კმაყოფილების განცდა. დაისის ცეკვა ჩემი დედამთილის იდეით ძალიან ორიგინალური გამოვიდა – იწყებს ცეკვას ჩემი ქმრის ოჯახი : დედა, მამა და და „დავლურს“ და ჩემდეგ უკვე გადადის ქართულში, სადაც მე და შიო შემოვდივართ – თითქოს ცეკვაში ჩანს, რომ ოჯახი მიღებს მე , როგორც პატარძალს – ძალიან დასამახსოვრებელი იყო ნამდვილად. მე და შიომ ვიმღერეთ „იასამანი აყვავდა იცი?!“ -ს ჩვენეული ვერსია, რაც ასევე ძალიან ლამაზი და საყვარელი გამოვიდა, შემდეგ ჩემმა და-ძმამ იმღერეს, სადაც სიძეც ჩაერთო მონაკვეთებში. აჭარულიც ვიცეკვეთ ოჯახურად : შიო იწყებს ცეკვას დედაჩემთან ერთად, ერთვება ჩემი ძმა და შიოს და, ვერთვები მეც და ჩემი დაც – მოკლედ, ნამდვილი ოჯახური იდილია გამოვიდა. ერთ რამეზე მწყდებოდა გული -ძალიან მინდოდა მეგობრების ცეკვა დაგვედგა , რასაც ვეღარ ვასწრებდით, ჩვენს საუკეთესო მეგობრებს კი თურმე ჩუმად მოუმზადებიათ და სიურპრიზად წარმოგვიდგინეს ქორწილში, მოკლედ ესეც Done . შიოს ძმაკაცებმა ქართული სიმღერების პოპური შეასრულეს გიტარაზე, ძალიან თბილი და სასიამოვნო მოსასმენი იყო. ბოლოს, მე და ჩემმა ორმა დაქალმა ვუმღერეთ შიოს, ანუ კიდევ ერთი სიურპრიზი, ეფექტურად ჩამოვედით სცენის კიბეებზე და პატარა შოუ დავდგით. ვფიქრობ, რომ სტუმრებს მოლოდინები ნამდვილად გავუმართლეთ.
საქორწინო მოგზაურობა
რაც შეეხება საქორწილო მოგზაურობას, ჯერ ვერ მოვახერხეთ. ჩვენ ორივემ წელს დავამთავრეთ უნივერსიტეტი, ბევრი გამოცდა, საბაკალავრო ნაშრომის დაცვა და აქედან გამომდინარე გადატვირთული გრაფიკი გვქონდა. მე ამავდროულად ჩავაბარე მაგისტრატურაზე , ასე რომ ახლაც ვსწავლობ, შიო მუშაობს და ამიტომ ვეღარ მოვახერხეთ ჩვენთვის სასურველი საქორწილო მოგზაურობა მოგვეწყო.
რჩევა მომავალ პატარძლებს
მე ვურჩევდი ყველა პატარძალს , რომ თავის თავზე აიღოს ქორწილის ორგანიზება და ყველა დეტალში ჩაერიოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ზუსტად ისეთი არ გამოვა, როგორიც მას ჰქონდა წარმოდგენილი. არ მიაქციოს ყურადღება სხვების შეფასებებს , რომ არ გამოუვა ან ზედმეტია და აღარ უნდა რამის გაკეთება