TOP

17 მაისს სამების საკათედრო ტაძარში საყოველთაო ჯვრისწერა გაიმართება

470_jvriswera

17 მაისს სამების საკათედრო ტაძარში მორიგი საყოველთაო ჯვრისწერა გაიმართება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას საყოველთაო ჯვრისწერის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, მაია გონჯილაშვილმა განაცხადა.

„საყოველთაო ჯვრისწერა უწმინდესის კურთხევით იმართება. რადგან 17 მაისს ასევე ამაღლების დღესასწაულია, წყვილთა ჯვრისწერა სადღესასწაულო წირვის შემდეგ მოხდება. ჯვარს წყვილებს მღვდელი დასწერს, შემდგომ კი, შეძლებისდაგვარად, წინასწარ არ ვიცით, იმავე დღეს ან მომდევნო საკვირაო წირვის შემდეგ ოჯახებს პატრიარქი დალოცავს. მოგეხსენებათ, ამავე დღეს საყოველთაო მსვლელობაც იმართება“, – განაცხადა გონჯილაშვილმა.

მისივე თქმით, საყოველთაო ჯვრისწერა საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების ინიციატივით გაიმართება, თბილისშიც და რეგიონებშიც.

საყოველთაო ჯვრისწერა პატრიარქის კურთხევით უკვე ორი წელია, მიმდინარეობს და ამ დროისთვის ჯვარი დაახლოებით 500–მდე წყვილმა დაიწერა.

17 მაისი ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. 2014 წელს ილია მეორემ 17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოაცხადა.

 

ლიბერალი