TOP

შემთხვევით ნაპოვნი მეორენახევარი

 23231585_1624826000873136_4264877330493375035_n
ქორწილამდე
30571340_1780443105311424_7513823578140180480_nმე და დათუნამ ერთმანეთი გავიცანით 2012 წლის 12 დეკემბერს, საერთო მეგობრების გარემოცვაში, სადაც სრულიად შემთვევით აღმოვჩნდი. განსაკუთრებული ყურადღება არ გამოუჩენია ჩემს მიმართ, თუმცა, როდესაც დამშვიდობების დრო მოვიდა მეგობარს რაღაც ჩაჩურჩულა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, საერთო მეგობარს თხოვა არ გავეშვით სახლში მე და ჩემი დაქალი და გაგვესეირნა. წავედით მთაწმინდაზე, არც იქ გამოირჩეოდა კონტაქტურობით. ჩვენ ვხუმრობდით და ვიცინოდით. კარგი საღამო გავატარეთ და დავიშალეთ. სიმართლე გითხრათ, ჩემs შემთვევაში, ერთი ნახვით არ მომხდარა შეყვარება. მხოლოდ სახელი ვიცოდი და რადგან აქტიურიც არ იყო, არც დავინტერესებულვარ.
გავიდა რამოდენიმე დღე, ჩვენი საერთო მეგობარი და ჩემი დაქალი მაიკო მესტუმრა სახლში და საეჭვო კითხვების დასმა დაიწყო, თითქოს რაღაცას ვუმალავდი. მე მეცინებოდა, რაზე ლაპარაკობდა ვერ ვხვდებოდი, ამ დროს ტელეფონზე შეტყობინება მივიღე დათოსგან, მწერდა: როგორ ხარ? როდის გავიმეოროთ ბილიარდი და ლუდიო… შენ დაქალს გამოვართვი ნომერიო, რის გამოც ჩემ დაქალს ვუსაყვედურე და ვამბობდი ეხლა ესღა მაკლდათქო. შეტყობინებებს ჯიუტად არ ვპასუხობდი და ისიც დაიკარგა. ერთ დღეს როგორც იქნა თბილისშიც მოთოვა, მაიკომ დამირეკა და მითხრა კუს ტბაზე მივდივართ მე თორნიკე და დათოო და შენც უნდა წამოხვიდეო. მეც გავემზადე, მომაკითხეს და წავედით. ძალიან კარგი დრო გავატარეთ. დათოც შედარებით კონტაქტური იყო. ვცეკვავდით, ვმღეროდით, თოვლში დავრბოდით, ვიგუნდავეთ და გვიან დავიშალეთ. მეორე დღეს ისევ მომწერა დათომ, საღამოს თუ გცალიაო? მე უარი ვუთხარი, რატომღაც მარტო შეხვედრა არ მინდოდა, ვერ წარმომედგინა რაზე უნდა მესაუბრა ერთი შეხედვით უჟმურ ადამიანთან, რომელსაც საერთოდ არ ეტყობოდა სინამდვილეში რა “განძსაც” ატარებდა. დიდი ხანი უშედეგოდ ცდილობდა შეხვედრაზე დავეყოლიებინე. მოვიდა 13 იანვარი ჩემი დაბადების დღე, ველოდი, რომ მომილოცავდა, თუმცა მთელი დღე არ გამოჩენილა. მე მეგობრებთან ერთად ავღნიშნე და მეორე დღეს დილით დამხვდა შეტყობინება: გილოცავ დაბადების დღეს! ბანალურად არ მინდოდა მოლოცვაო იქნებ დღეს მოიცალო და ლუდი დავლიოთ საღამოსო, დავთანხმდი და მადლობა ღმერთს რომ დათო ასეთი ჯიუტი აღმოჩნდა და ხელი არ ჩაუქნევია და ბოლომდე ეცადა საკუთარი თავი დაენახებინა ისეთი, როგორიც სინამდვილეშია და როგორსაც მხოლოდ მე ვიცნობ! ცხოვრებაში ასე თავისუფლად არავისთან მისაუბრია ისეთ ადამინურ და ჩემთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ვისაუბრეთ, სიმართლე გითხრათ, გაოცებული ვიყავი, რომ სულ სხვა შთაბეჭდილება მქონდა და აღმოჩნდა სულ სხვა. ყველაზე კეთილი, სუფთა, ბავშვური და ემოციური ადამიანი, აწუხებდა ის რაც მე! მოწონდა ის, რაც მეც მომწონდა! სიამოვნებდა ჩემი მოსმენა, როდესაც მე ვუყვებოდი როგორ წარმომედგინა ჩემი ცხოვრება და ჩემი ზღაპრული სამყარო, მანამდე ეს არავისთვის მქონდა ნათქვამი. დათოს ანთებული თვალები ეხლაც მახსოვს, თითქოს მპირდებოდა ამ მრგვალი კეთილი და ნაღვლიანი თვალებით, რომ ყველაფერი ისე იქნებოდა, როგორც მინდოდა, მაგრამ მხოლოდ თვალები ამბობდა ამას. საკმაოდ გაუბედავი აღმოჩნდა, რამოდენიმე თვე ვმეგობრობდით, თუმცა ორივემ ვიცოდით ეს მეგობრობაზე მეტი იყო. ის საღამოები ცხოვრებაში ყველაზე ლამაზ მოგონებად დარჩება ჩემთვის. ყოველდღე ცდილობდა რაღაც ახალი ეჩვენებინა, დამატარებდა წინასწარ შერჩეულ ადგილებზე, სადაც ყოველღვის ლამაზი ხედი, მყუდრო გარემო და სიმშვიდე იყო. ერთმანეთის გარეშე ვერ ვძლებდით მე კი სწორედ ამ დროს მომიწია მამიდასთან კახეთში გამგზავრება 3დღით, რასაც დათომ ვეღარ გაუძლო და მეხვეწებოდა მეთქვა სად ჩამოეკითხა და წამოვეყვანე თბილისში, მაგრამ მე მაინც სამი დღის მერე დავბრუნდი. 2013 წლის 10 თებერვალი დათო ძალიან გახარებული იყო ჩემი ნახვით, ლისის ტბაზე ავედით მანქანის მართვას მასწავლიდა, მერე გავჩერდით და დიდხანს ვიჯექით ასე ჩუმად. უსიტყვოდ, კოცნითა და ჩახუტებით გამოვუტყდით ერთმანეთს სიყვარულში…. აქ სიტყვებს არავითარი ძალა და ფასი არ ქონდა, ჩვენ ვიცოდით, რომ ერთმანეთისთვის დავიბადეთ. ერთნი ვიყავით, გაყოფილი სხვადასხვა სხეულში. ძლიერი სულიერი კავშირით ვიყავით დაკავშირებული ერთმანეთთან. 5 წელი და 2 თვეა რაც ერთად ვართ, აქედან 4 წელი და 6 თვე შეყვარებულები ვიყავით და 6თვეა რაც ცოლი და ქმარი ვართ, თუმცა ორივე ვფიქრობთ რომ არაფერი შეცვლილა გარდა იმისა რომ დილით გაღვიძებისას პირველი იმას ვხედავთ, რაზეც წლები ვოცნებობოდოთ – ერთმანეთს. შეყვარებულები ვიყავით უზომოდ ერთმანეთზე, ამ წლების განმავლობაში არასოდეს ვყოფილვართ დაშორებულები, არსად დავდიოდით ცალკცალკე, ყველგან და ყოველთვის ერთად! იყო უამრავი ბედნიერი დღე, დაბადების დღეები, ზაფხულები, ზამთრები, თავგადასავლები, დანაკარგები, წარმატებები, ყველაფერს ერთად ვიღებდით, არასოდეს ვატყუებდით ერთმანეთს და ვიყავით ერთმანეთის მესაიდუმლეები და საუკეთესო მეგობრები! იყო მინდვრის ყვავილებისგან დაწნილი გვირგვინები და შესარიგებელი ვარდები წერილებით რომლებიც შენახული მაქვს.  ჩვენი სიყვარულის თავშესაფარი იყო ჩემი დაქალის, მარი ბოჭორიშვილის სახლი. ამ სახლში ძალიან ბევრი ლამაზი დღე გავატარეთ.
ხელის თხოვნა30581734_1780443268644741_733284009873768448_n2017 წლის 8 აგვისტო ჩემ ცხოვრებაში ყველაზე მოულოდნელი და ბედნიერი დღე იყო. ჩვენ უკვე დაგეგმილი გვქონდა ქორწილი. სამზადისში ვიყავით და უკვე აღარც მეგონა, თუ ხელს მთხოვდა დათო. თუმცა მე ბავშვობიდან ვოცნებობდი, რომ განსაკუთრებულად უნდა ეთხოვა ხელი ჩემს მეორე ნახევარს. ეს დათომაც იცოდა და ჩემმა დაქალებმაც. ჩემთვის ყველაზე საყვარელი ადამიანები გაერთიანდნენ და ჩუმად დაგეგმეს ყველაფერი. მე მომატყუეს, რომ წინასაქორწინო საჩუქარი ქონდათ ჩემთვის და დამიბარეს კუს ტბაზე NaturaLounge-ში. დავსხედით შესასვლელშივე, რადგან გვითხრეს რომ ბუნგალოები დაკავებული იყო. თურმე წინასწარ მოლაპარაკებულები იყვნენ და მომზადებული hქონდათ ბუნგალოები, რომელიც არ ჩანდა შესასვლელიდან. იქ იყო ჩვენი ფოტოებით გაკეთებული ბილიკი, უამრავი სანთელი, ვარდის ფურცლები და ბუშტები. ასევე ოპერატორიც, რომელიც მანამდე არ შემიმჩნევია. ჩვენ ვსვამდით კოქტეილს და ვსაუბრობდით. მოუთმენლად ველოდებოდი ჩემს საჩუქარს, როდესაც ჩემი საყვარელი სიმღერა ჩაირთო, საიდანღაც ყვავილების გვირგვინი აღმოჩნდა ჩემს თავზე და უკვე ბუნგალოებისკენ მიმავალ ბილიკზე მიმაქროლებდნენ ჩემი დაქალები.  როდესაც დათუნა და გვანცი წავიკითხე ხისგან გაკეთებულ ბანერზე, გული ამიჩქარდა და საოცრად კარგი გრძნობა დამეუფლა.. ჟრუანტელი მივლიდა ბედნიერებისგან და მივდიოდი ბილიკზე, სადაც ბილიკის ბოლოში დათუნა მელოდებოდა ვარდისფერი პერანგით (ეს ჩემი საყვარელი ფერია). მე ცრემლმორეული და თან უზომო ემოციების ქცეშ მყოფი, როგორც იქნა მივედი დათუნამდე, ის დაიხარა და მკითხა: პატარა ცოლად გამომყვები?  ისე ვკანკალებდი, ახლაც მახსოვს, გაოცებულმა მკითხა კარგად ხარო და ჩემი პასუხი იყო კი!!! ნიშნობის ბეჭედიც ზუსტად ისეთი იყო როგორიც მინდოდა, tiffany & co-ის ამ ბეჭდის ფოტო ტელეფონში სულ მქონდა და ეს ოცნებაც ამისრულდა!

მზადება ქორწილისთვი
ქორწილის სამზადისი მთლიანად ჩემს თავზე ავიღე. ყოველთვის ვიცოდი რა მინდოდა და როგორ. ზოგადად ესეთი ხასიათი მაქვს, წინასწარ წარმოდგენილი მქონდა ყველაფერი. არცერთს არ გვინდოდა ტრადიციული ქორწილი, 300 კაციანი, უამრავი უცნობი სახით და თოჯინასავით ჯდომა ერთ ადგილზე, ამიტომ გადავწყვიტეთ ისეთ ადგილზე გადაგვეხადა ქორწილი, სადაც შევძლებდით გამოგვეყო ასაკოვანი სტუმრები ჩვენი სამეგობროსგან, რადგან უფროსი ასაკის ხალხისთვის ტრადიციული ყოფილიყო სუფრა თავის სადღეგრძელოებით. სამეგობროსთვის და ჩვენთვის ყოფილიყო ბენდი, ცეკვა და ლამაზი გარემო ღია ცის ქვეშ. ამიტომაც ავირჩიეთ რესტორანი “წისქვილი”-ის ლუდის მოედანი.
კაბა
 საქორწინო კაბა ეს ის ჯადოსნური რამ არის, რომელზეც ალბათ ყველა გოგონა ოცნებობს. ერთხელ მაინც ექნება წარმოდგენილი ყველას თავის თავი ჯადოსნურ თეთრ კაბაში. საქორწინო კაბას ნამდვილად აქვს განსაკუთრებული დატვირთვა ჩემთვის, ყოველთვის ვიცოდი, რომ კაბა უნდა ყოფილიყო ჩემი და მხოლოდ მე უნდა მცმოდა. იქიდან გამომდინარე, რომ არც მიყვარს მასიური კაბები ფუშფუშებით და ვფიქრობ არაპრაქტიკული იქნებოდა ტარება, გადავწყვიტე ჩემი კაბა ყოფილიყო ტანზე მომდგარი, დეკოლტითა და ზომიერად ჩახსნილი ზურგით. ვერ აგიღწერთ რამდენ სალონს ვესტუმრე, თუმცა ჩემი დიდი ნდობა Marigold-მა დაიმსახურა და ნამდვილად გამიმართლა, რომ მათთან მოვხვდი, რასაც ვერ ვიტყვი Mach&mach-ის ფეხსაცმელსა და malibuflowers-ის თაიგულზე. საკმაოდ კარგი შეფასებების მიუხედავად ძალიან ცუდი სერვისი შემომთავაზეს. ფეხსაცმელი ქორწილის დღეს მომიტანეს და თაიგულიც საკმაოდ შელახული და სხვა ფერებში გადაწყვეტილი იყო. ასე რომ გირჩევთ ეს გაითვალისწინოთ.
23231487_1624825444206525_2513096676062937945_n
თმა და მაკიაჟი
თმა და მაკიაჟი გავიკეთე beautyacademy/სილამაზის აკადემია-ში მათი სერვისი მომეწონა, დამიბარეს სატესტო მაკიაჟზე. ასევე ყავთ უსაყვარლესი ადმინისტრატორი, მასთან ღამის საუბრები არასოდეს დამავიწყდება, ძალიან დამეხმარა. მაკიაჟი გამიკეთა ყველაზე საყვარელმა და ნამდვილმა პროფესიონალმა ანა ბერიძემ და თმა ტატამ. გარემო ისეთი შემიქმნეს ქორწილის დღეს, რომ ყველაზე მეტად გვჭირდება პატარძლებს. ძალიან კმაყოფილი ვარ და ამ დღიდან ვაგრძელებ მათთან მეგობრობას.
23172741_1624830550872681_1111166505878602257_n
ლოკაცია

ჯვრის დაწერა გადავწყვიტეთ ანანურში, იქიდან გამომდინარე, რომ მე და დათო აქ ხშირად დავდიოდით მას შემდეგ, რაც ერთხელ წამიყვანა და მაჩვენა ჟინვალის წყალსაცავი, რომელმაც ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა. წყლის ფერით და ტაძარიც თითქმის წყალში რომ დგას, ძალიან ლამაზია. თბილისიდან წავიყვანეთ ჩემი უსაყვარლესი მოძღვარი მამა ზაზა წმინდა ბარბარეს ეკლესიიდან, სადაც მამაჩემი მგალობელთა გუნდის ხელმძღვანელია და აქედან გამომდინარეძალიან დიდი სიყვარული მაქვს ამ ტაძრის და ასევე მამა ზაზასი. ხელი მოვაწერეთ რესტორან წისქვილის ეზოში, რომელიც ულამაზესად იყო გაფორმებული, რისთვისაც მადლობას ვუხდი დიზაინერ მაიკო შახნაზაროვას. ძალიან დამეხმარა, ლილოშიც კი ვიყავით ერთად ხელმოწერის თაღისთვის ნაჭრის შესარჩევად და ნამდვილად ყველა ჩემი მოთხოვნა დააკმაყოფილა.
ფოტოგრაფი და ფოტოსესია
ფოტოგრაფზე ბევრი არ მიფიქრია. ზურა ქართველიშვილის ფოტოებით ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი, დავუკავშირდით და აღმოჩნდა, რომ არცერთი შაბათი არ ქონდა თავისუფალი. თავიდან ძალიან ვინერვიულე მაგრამ ბევრი არ მიფიქრია და ქორწილი 25 სექტემბერს, ორშაბათ დღეს გადავიტანეთ, რადგან ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ სწორედ ზურას გადაეღო ჩვენთვის ფოტოები. შევხვდით და დავგეგმეთ ფოტოსესია. ჯერ სასტუმროში, სადაც მოვემზადეთ მე და დათუნა და შემდეგ ყაზბეგში, სადაც ძალიან ციოდა და მხოლოდ მეჯვარეებმა და ჩვენ შევძელით ბოლომდე გაგვეძლო ყინვისთვის, სხვები მანქანაში თბებოდნენ.  ზურამ თავის ქურთუკი მათხოვა, რომელიც ჩემ კაბას ძალიან მოუხდა. ტალახის და საშინელი სიცივის კვალი ჩემ კაბაზე ცუდად აისახა, თუმცა არ მინერვიულია, რადგან ვიცოდი, რომ ზუსტად ისეთი იქნებოდა ფოტოები, როგორიც მინდოდა და ასეც აღმოჩნდა. ეს ადამიანი არის უზომოდ დადებითი. საოცარი იყო მასთან ურთიერთობა, მიხარია, რომ არჩევანი მასზე შევაჩერე. ზუსტად დათქმულ დროს მოვიდა სალონში და დაძაბულობის მოხსნაშიც, რომელიც ქორწილის დღეს ალბათ ყველა პატარძალს აქვს, ძალიან დამეხმარა. მშვენიერი დრო გავატარეთ ერთად და მადლობა მას იმისთვის რასაც აკეთებს!!! ❣️❣️❣️
ქორწილი
ქორწილი ორშაბათს 25 სექტემბერს გვქონდა. დილა დაიწყო პოზიტიურად. მამაჩემმა წამიყვანა სალონში, გზაში კომპლენტებით მავსებდა. სალონშიც არაჩვეულებრივი გარემო იყო. ისევ მამამ მომაკითხა და წამიყვანა სასტუმროში. შემდეგ ლოდინი იყო, ყველამ დააგვიანა, მეჯვარეებმა, სიძემაც კი.  ჩავედით ანანურში, ჯვარი დავიწერეთ, პატარა ფოტოსესია გვქონდა ანანურშივე და წავედით ყაზბეგში, რასაც ძალიან დიდი დრო დასჭირდა, შესაბამისად მირეკავდნენ რესტორნიდან დაგეგმილი და გაწერილი იყო ყველაფერი დროში და თითქმის 2 საათით დავაგვიანეთ. სტუმრებს ლოდინი მოუწიათ. ხელისმოწერა ლამაზი იყო და ძალიან ემოციური elvis costello-she მუსიკის თანხლებით. მამამ მიმაცილა ხელისმოწერის ადგილამდე, სადაც დათუნა მელოდებოდა. ხელის მოწერის შემდეგ მამამ მის მომღერალ მეგობრებთან ერთად მრავალჟამიერიც მიმღერა და ცრემლიც მომერია. რომ დავსხედით ცოტა ქაოსური სიტუაცია იყო, სანამ ბენდი ქიმერა დაიწყებდა დაკვრას. შემდეგ სიტუაცია განიმუხტა და ყველა შესანიშნავად გაერთო. კარგი მუსიკა, საჭმელი, უგემრიელესი ასორტის ტორტი და ლამაზი გარემო იყო ზუსტად ისეთი, როგორიც მინდოდა. ვნანობ მხოლოდ იმას რომ ქორწილის ორგანიზატორი არ მყავდა, რომელიც ისეთ დეტალებს მოაგვარებდა, რომელზეც მე ძალიან ბევრი დრო და ნერვიულობა დამჭირდა.
საქორწინო მოგზაურობა
საქორწინო მოგზაურობა დაგეგმილი გვაქვს ზაფხულში, შესაბამისად შთაბეჭდილებებს ჯერ ვერ გაგიზიარებთ, თუმცა ვაპირებთ საბერძნეთში, ულამაზეს კუნძულებზე მოგზაურობას და მოუთმენლად ველოდები.
რჩევა მომავალ პატარძლებს
მომავალ პატარძლებს ვურჩევ, პირველ რიგში დაიხმარონ მეგობრები ან კომპეტენტური ადამიანები, ჩემ შემთხვევაში ასეთი ადამიანი იყო ჩემი საუკეთესო დაქალი და მეჯვარე, გვანცა პეტრიაშვილი, რომელმაც გმირულად გაუძლო ჩემს “კაპრიზებს”,ემოციებს და კაბის გასწორებას.  გირჩევთ არაფერზე შეიზღუდოთ თავი, ეს თქვენი დღეა. იყავით ლამაზები, ბევრი იცინეთ და კარგად გაერთეთ ეს თქვენი ქორწილის დღეა, თქვენი დღე რომელიც მუდამ გემახსოვრებათ!
დიდი მადლობა ყველას, რომ ჩემთვის ყველაზე ბედნიერი დღის მონაწილეები იყავით და შეიტანეთ თქვენი წვლილი  და ყველაზე დიდი მადლობა დათუნას რომ ის ზღაპარი მაჩუქა, რომელზეც სულ ვოცნებობდი. 
23172920_1624822820873454_5337420909603733175_n 23172398_1624845664204503_5745170237290365572_n 23231210_1624825864206483_8629021620918127236_n 23231521_1624847684204301_588586460661229823_n 23244015_1624826677539735_5607423856337151329_n 23244214_1624832194205850_2317538105063016963_n 23244186_1624845894204480_4715500063009880595_n 23316578_1624824964206573_5618155135828266022_n 23319077_1624832500872486_1251021533474975111_n 23316307_1624841720871564_6337070064207017816_n 23231398_1624825834206486_5849509187468272419_n 23231325_1624826914206378_4093565525523368961_n 23231192_1624827887539614_8117507324429671048_n 23172515_1624829527539450_1580475072493514584_n 23167534_1624826777539725_9223129467565680439_n 23132084_1624831087539294_1793149309857525011_n 23244014_1624828730872863_8807307926721701586_n

კომენტარები