TOP

ქორწილი და ცრურწმენები

ქორწილი იმდენად მნიშვნელოვანია ადამიანების ცხოვრებაში, რომ მასთან დაკავშირებულ ყველა დეტალზე ყურადღებას ამახვილებენ. წინაპრებისგან ძალიან ბევრი ცრურწმენა გვსმენია. შეიძლება მათი საერთოდ არ გჯერათ, ან სისულელედაც მიგაჩნიათ, მაგრამ მაინც ერიდებით მათი ჭეშმარიტება-მცდარობის გამოცდას. ახლა კი, ვნახოთ, რა უნდა გავაკეთოთ,   ცრურწმენების თანახმად, იმისთვის, რომ ქორწინება ბედნიერი და მტკიცე აღმოჩნდეს:

  • არ შეიძლება, თქვენი საქორწილო ბეჭედი სხვა ადამიანმა მოირგოს. არც მისი გაჩუქება ან თხოვება შეიძლება ვინმესთვის. ითვლება, რომ ამით თქვენს ბედნიერებას მას გადაულოცავთ და რაღაც ცუდი გელით.
  • ქორწილის დღეს უამრავი სტუმრის თვალი სიძე-პატარძლისკენაა მიმართული. თუ გათვალვის გჯერათ, მაშინ ქინძისთავი უნდა დაიმაგროთ. სიძე ამ პრობლემას მარტივად დაგაჭრის – პიჯაკზე ქინძისთავით ყვავილს მიიმაგრებს. პატარძალს კი კაბის იდეალური დგომისთვის დამაგრებული ქინძისთავები იხსნის ავი თვალისგან.
  • არ შეიძლება სხვას ეჭიროს ხელში საქორწილო თაიგული მანამ, სანამ პატარძალი მას დაოჯახების მსურველ სტუმრებს არ გადაუგდებს. მან კარგად უნდა დაიცვას თაიგული სხვების შეხებისგან და ამით საკუთარ ბედნიერებას გაუფრთხილდეს.
  • არ გაგიკვირდეთ, თუ ყველა საქორწილო ფოტოში სიძე-პატარძალი ერთად დგას. მათ შორის ჩადგომას და ფოტოების გადაღებას არ გირჩევთ, რადგან ეს მათი დაშორების მომასწავებლად მიიჩნევა.
  • აუცილებელია, რომ საქორწილო ტორტი პატარძალმა გაჭრას, სიძეს კი დანაზე ჰქონდეს ხელი მოკიდებული. პირველი ლუკმა პატარძალმა სიძეს საკუთარი ხელით უნდა აჭამოს. როგორც ჩანს, ეს ოჯახური ზრუნვის პირველი ნაბიჯებია.
  • ამბობენ, რომ მაისში ქორწინება არ შეიძლება. ეს ავისმომასწავებლად ითვლება.
  • სარკის გატეხა დღემდე სიკვდილის ნიშნად მიაჩნიათ, რადგან, როგორც ამბობენ, ადამიანი მასში საკუთარ სულს ხედავს. ამიტომ, განსაკუთრებული სიფრთხილე ქორწილის დღეს უნდა გამოიჩინოთ სარკეებთან მიმართებით.
  • საქორწილო კაბის შეკერვა ან ყიდვა საკმაოდ ძვირადღირებული სიამოვნებაა. ამიტომ, ხშირად ქირაობენ. ზოგს სჯერა, რომ ტანსაცმელი მათი ენერგეტიკის მატარებელია. თუ თქვენც ასე ფიქრობთ, ნუ იქირავებთ კაბას, რომელიც ვინმეს უკვე ეცვა. ცრურწმენის თანახმად, პატარძლები, რომლებიც ერთ კაბაში დაქორწინდნენ, ერთმანეთის ბედს გაიზიარებენ.
  • ამბობენ, რომ ჯვრისწერის დღეს დავარდნილი ბეჭედი ავისმომასწავებელია.
  • თეფშის გატეხა დღემდე შემორჩენილი რიტუალია. ვინც პირველი გატეხს თეფშს, ოჯახში უფროსიც ის იქნება. რაც მთავარია, თეფშის ნატეხები გამოუსადეგარი არაა. თუ გაუთხოვარი გოგონა ნატეხს ჩუმად აიღებს და ღამით ბალიშის ქვეშ დაიდებს, საქმრო დაესიზმრება.
  • თუ 13-ის ავისმომასწავებლობის გჯერათ, ნუ დაგეგმავთ ქორწილს ამ რიცხვში.
  • ყურადღება მიაქციეთ, რომ ქორწილის ან მის წინა დღეს მარილი არ დაგეყაროთ, რადგან, როგორც ამბობენ, ეს ჩხუბის მომასწავებელია.
  • თუ გინდათ, რომ თქვენს ქორწილზე მზიანი ამინდი იყო, არასდროს, არასდროს არ მიირთვათ ქვაბიდან.

P.S. გახსოვდეთ, რომ ეს მხოლოდ ცრურწმენებია

კომენტარები