
სიყვარული ერთი ნახვით
ანა ჩოკოშვილმა და ლევან ჯაფარიძემ ერთმანეთი ქორწილამდე ხუთი წლით ადრე, ბაკურიანში გაიცნეს. მრავალწლიანი ურთიერთობის შემდეგ დაოჯახების გადაწყვეტილებამდე ერთად მივიდნენ. შედგა ნიშნობა და დაიწყო მომზადება ქორწილისთვის. შთაბეჭდილებებისა და გამოცდილების გასაზიარებლად ანას ვესაუბრეთ.
პირველი შეხვედრა
ლევანი ჩემი ძმის მეგობარია. ისინი ერთად იყვნენ ბაკურიანში, მე ჩემს მშობლებთან ერთად ვისვენებდი. საღამოს, როცა ბიჭები გამოვიდნენ გასართობად, მე და დედა ვსეირნობდით და შემთხვევით შევხვდით მათ. ათობით ბიჭიდან ერთის განსაკუთრებით დაჟინებული მზერა მაშინვე თვალში მომხვდა. როგორც ლევანი ამბობს, მისი მხრიდან ეს ერთი ნახვით შეყვარება იყო.
ყველა საუბრობდა მის სიყვარულზე, თუმცა მიუხედავად მისი გრძნობისა, ჩვენ ერთმანეთს კარგად არც კი ვიცნობდით, მომდევნო ორი წელი. მე, საკმაოდ, სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი მის მიმართ. ვერ ვხვდებოდი, როგორ შეიძლებოდა ასე სერიოზულად შევყვარებოდი ადამიანს ერთი ნახვით, თუმცა შემდეგ ინტერნეტის მეშვეობით დავმეგობრდით. ამას დაერთო ისიც, რომ ერთად მოვხვდით ჩვენი საერთო მეგობრის დაბადების დღეზე. სწორედ ამ დღეს გამომიტყდა ლევანი პირველად სიყვარულში და დავრწმუნდი, რომ როცა ადამიანს რაიმე ძალიან უნდა, აუცილებლად მიაღწევს მიზანს.
შემდეგ იყო პაემნები ოჯახის წევრებისა და მეგობრებისგან მალულად. თუმცა, გარკვეული პერიოდის შემდეგ, ყველას გამოვუტყდით, რომ ერთად ვიყავით და ჩვენი ურთიერთობის ლოგიკური გადაწყვეტილება ოჯახის შექმნა იყო.
სამზადისი
ქორწილისთვის მზადება 6 თვით ადრე, ნიშნობის შემდეგ დავიწყეთ. დაგეგმვაში მთავარი წვლილი მეჯვარეებსა და ოჯახის წევრებს მიუძღვის, თუმცა დავიქირავეთ პროფესიონალი ორგანიზატორი, ედემი გვარიმიანი, ვინც საბოლოო დეტალების დახვეწაში დაგვეხმარა. რამდენიმე თვით ადრე ავარჩიეთ ლოკაცია, მისი დიზაინი, სტუმრების რაოდენობა…
ლოკაცია ცერემონიალისთვის
ქორწილის გადახდა კაჭრეთის „ამბასადორში“ გადავწყვიტეთ, განსხვავებული სილამაზის გამო. ორივეს გვინდოდა ხელი ღია ცის ქვეშ მოგვეწერა, სასტუმროს ეზო კი ამისთვის იდეალური ვარიანტი აღმოჩნდა.
საქორწილო კაბა
ყველა გოგო ოცნებობს თეთრ კაბაზე და ერთხელ მაინც წარმოუდგენიათ საკუთარი თავი ამა თუ იმ კაბაში. თუმცა, მე ქორწილამდე ერთი კონკრეტული კაბა შერჩეული არ მქონდა. ვიცოდი მხოლოდ სასურველი სტილი და ის, თუ როგორი მინდოდა ვყოფილიყავი. ბევრი ფიქრისა და ნერვიულობის შემდეგ, კაბა Pronovias-ში შევიძინე. რა თქმა უნდა, კაბას შევუხამე მაკიაჟი და ვარცხნილობაც, რომლებიც ქორწილის დღემდე გამოცდილი მქონდა.
კოსტიუმი
მეუღლის კოსტიუმი ერთად ავარჩიეთ. ლევანს საქორწილო დღის სამოსი ავთანდილმა შეუკერა. ერთად დავხატეთ, ავირჩიეთ სტილი და დეტალები, ერთად შევუხამეთ ფეხსაცმელიც.
პირველი ცეკვა
საქორწილო ცეკვას საკმაოდ სერიოზულად მოვეკიდეთ და მზადება 2 თვით ადრე დავიწყეთ, ჩავრთეთ მეჯვარეებიც. საბოლოოდ შთამბეჭდავი და ამაღელვებელი ნომერი გამოვიდა.
მეჯვარეები
მეჯვარეების შერჩევა არ გაგვჭირვებია, რადგან ისინი ჩვენი უახლოესი მეგობრები არიან, რომელთაც ჩვენს ერთად ყოფნაში დიდი წვლილი მიუძღვით.
საქორწილო სიურპრიზი
ვიცოდი, რომ ლევანს ძალიან უნდოდა საათი, რომელიც ქორწილის წინა დღეს ვაჩუქე. მან კი ოცნება ამისრულა და საქორწილო მოგზაურობა მალდივის კუნძულებზე გავატარეთ.
შთაბეჭდილება
ქორწილმა მოლოდინს გადააჭარბა. მიუხედავად ექვსთვიანი ორგანიზებისა, არ გვეგონა, რომ ეს დღე ამდენად შთამბეჭდავი გამოვიდოდა და ჩვენი სტუმრებიც ასეთი კმაყოფილები დარჩებოდნენ.
რჩევა მომავალ პატარძლებს
მომავალ პატარძლებს ვურჩევდი, რომ არ იღელვონ ქორწილის დღეს. მესმის, ეს ძალიან რთულია, თუმცა როგორც ერთობა ნეფე-პატარძალი, ისე ერთობიან სტუმრები. ისიამოვნეთ და შეეცადეთ ამ დღიდან, მაქსიმალურად, ბევრი რამ დაიმახსოვროთ.