
ქორწილამდე
მე და გიორგიმ ერთმანეთი 2001 წლის 1 სექტემბერს გავიცანით. ერთ კლასში აღმოვჩნდით და 12 წელი ერთად ვსწავლობდით. გიორგი ფეხბურთელია და იშვიათად დადიოდა სკოლაში მაღალ კლასებში. თავიდან ვმეგობრობდით და მე-10 კლასის ექსკურსიაზე პირველად თვითონ გამომიტყდა სიყვარულში. არც კი ვიცი როდის მოასწრო ჩემი შეყვარება, თითქმის არც ვხვდებოდით ერთმანეთს. ამის შემდეგ დაიწყო ხშირი შეხვედრები, თუმცა გამოგიტყდებით თავიდან მეგობრულად ვუყურებდი. შემდეგ ისე მომაჯადოვა თავისი სითბოთი და ყურადღებით, რომ გაუცნობიერებლად მეც სიყვარულით ვუპასუხე. დრო და დრო ყველაფერი თავისით განვითარდა და ურთიერთობაც ნელ-ნელა გავამყარეთ. დაახლოებით 6 წელი დაჭირდა იმ დასკვნამდე მისასვლელად, რომ უჩემოდ ცხოვრება აღარ შეეძლო და დრო იყო ყველაფერი happy end-სკენ წასულიყო
ხელის თხოვნა
გიორგი ნორვეგიაში თამაშობდა 3 წელი და მარტო ზამთარში ვახერხებდით ერთმანეთთან ხანგრძლივ შეხვედრას, რაც 1 თვეს მოიცავდა. ზაფხულობითაც ახერხებდა ჩამოსვლას 5-7 დღით. წინა წლის გაზაფხულზე საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრებში გამოიძახეს და შეკრებაზე იყო თბილისში, ისე დაემთხვა, რომ ჩემს დაბადების დღეზე 1 დღით სახლში გამოუშვეს და საღამოს აღნიშვნა გადავწყვიტეთ ოჯახურ წრეში. გიორგის დებთან და სიძეებთან ერთად ვიყავით რესტორან ”წისქვილში”, როდესაც ყველამ ჩემი სადღეგრძელო შესვა და ბოლოს გიორგი დარჩა, ამ დროს ტელეფონები მოიმარჯვეს და გადაღება დაიწყეს. ცოტა არ იყოს უცნაურად მომეჩვენა რას ან რისთვის იღებდნენ და ამ ფიქრში გიორგიმ ბეჭედი ამოიღო და დარჩენილი ცხოვრების მასთან გატარება მთხოვა. ბეჭდის დანახვის შემდეგ ვერავის და ვეღარაფერს ვხედავდი, იმდენად მოულოდნელი და დაუგეგმავი რამ მოხდა. რა თქმა უნდა დავთანხმდი და ამდენი ხნის ურთიერთობა ქორწილით დავაგვირგვინეთ.
ქორწილის სამზადისი
საქორწილო სამზადისი ქორწილამდე 2 თვით ადრე დავიწყეთ. გიორგის გაურკვეველი რეჟიმის გამო ზუსტი თარიღი აპრილის შუა რიცხვებამდე არ ვიცოდით, მხოლოდ თვე გვქონდა გადაწყვეტილი. ქორწილი მაისს ვერ გასცდებოდა, ვინაიდან შემდგომ ისევ ვარჯიშები ეწყებოდა, ამიტომ რესტორნის მოფიქრება ყველაზე ბოლოსთვის შემოვინახეთ. სამზადისში დედა და სადედამთილო მეხმარებოდნენ. უფროსებთან ვათანხმებდი ყველაფერს, რადგან ვთვლი, რომ მათ მეტი გამოცდილება აქვთ და ბევრ რამეში კარგ რჩევასაც მომცემდნენ, თუმცა თითქმის ყველაფერი ჩემი მოძიებული და დაგეგმილი იყო.
ქორწილი 14 მაისს დავთქვით რესტორან ბაბილო Music Hall-ში. გიორგი ქორწილამდე 2 კვირით ადრე ჩამოვიდა და იმ დღიდანვე უკვე აქტიურად შევუდექით საქორწილო სამზადისს. დავდიოდით ცეკვის მასწავლებელთან, ვაგვარებდით მუსიკისა და ცეკვის დეტალებს.
ვიზრუნეთ გიორგის ჩაცმულობაზე, რაც ყველაზე მარტივი აღმოჩნდა სხვა დეტალებთან შედარებით.
კაბა
ვთვლი, რომ საქორწილო კაბა ქორწილის უმნიშვნელოვანესი დეტალია და ის ისეთივე უნდა იყოს, როგორიც პატარძალს სურს. სწორედ ამიტომ ჩემი კაბა “მარიონელას” გუნდს მივანდე, მინდოდა სადედოფლო და გრანდიოზული ყოფილიყო, გრძელი შლეიფითა და ლამაზად გაწყობილი მარგალიტებით. კაბამ ჩემს ყოველგვარ მოლოდინსა და წარმოდგენას გადააჭარბა, იმდენად ლამაზი გამოვიდა. როგორც ყველა პატარძალი თვლის, მეც მივიჩნევ რომ ულამაზესი კაბა მეცვა, ზუსტად ის იყო, რაც მე მინდოდა და ამისთვის დიდ მადლობას ვუხდი ქეთი გეგეჭკორს. მეორე კაბაზე ნანა მელქაძის მოდის სახლმა იზრუნა. ნანასთან პირველად საბანკეტო კაბის შესაკერად მივედი წლების წინ და მისი ნამუშევარი იმდენად მომეწონა, რომ გამოსასვლელ კაბას ნანას გარდა ვერავის ვანდობ. მას უამრავი კაბა აქვს ჩემთვის და ჩემი ოჯახის წევრებისთვის შეკერილი, ზუსტად ისეთი როგორიც ჩვენ გვინდოდა. ის იმდენად თბილი და კეთილი ადამიანია, პირველივე შეხვედრაზე თავს ოჯახის წევრად გაგრძნობინებს. ნანა თავის საქმის პროფესიონალია და სწორედ ამიტომ მეორე კაბაც ის იყო, რაც მე მინდოდა. არასდროს მომცემია საშუალება მისთვის ასე საჯაროდ გადამეხადა მადლობა, ნანა ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის უძვირფასესი ადამიანია და მადლობა მას ჩემი ყველა ახირების მოთმენისთვის.

თმა და მაკიაჟი
ჩემს გარეგნობაზე იზრუნა სალონმა “Le Soleil”, კერძოდ კი ეკატერინე ჩანჩიბაძემ (ჩანჩიკამ), რომელმაც შექმნა დახვეწილი ვარცხნილობა და ნაზი მაკიაჟი, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი მას. ეკა ნამდვილად თავისი საქმის პროფესიონალია, მთელ ძალისხმევას დებს თავის შრომაში და ძალ-ღონე არ დაუშურებია იმისათვის, რომ ჩემთვის უმნიშვნელოვანეს დღეს ყველაზე ლამაზი ვყოფილიყავი. კიდევ ერთხელ მომეცა საშუალება მისთვის გადამეხადა მადლობა და ხაზი გამესვა მის პროფესიონალიზმზე.
ტორტი
ტორტზე იზრუნა ”ასორტის” გუნდმა და ძალიან დიდ მადლობას ვუხდი მათ ამ სილამაზისთვისა და გემრიელობისთვის. ტორტის სიმაღლე იყო 1მ. და 30სმ. დიზაინი შემოგვთავაზეს თვითონ, არ მინდოდა ბანალური და ერთფეროვანი ტორტი ყოფილიყო და მგონი უცხო და ლამაზი გამოვიდა. შიგთავსი მარწყვით იყო გაფორმებული და დაუვიწყარი გემო ჰქონდა.
თაიგული
თაიგულს რაც შეეხება, მინდოდა ლამაზი და დიდი ყოფილიყო და დიდ მადლობას ვუხდი Malibu-ს ულამაზესი თაიგულისთვის და მეჯვარეების გვირგვინისთვის. მათთან ურთიერთობა სასიამოვნო და ძალიან მარტივი იყო. დრო არ დამიკარგავს თაიგულის გამოსატანად, მათ მომსახურებაში კურიერიც შედის.
ლოკაცია
ჩემთვის და გიორგისთვის ჯვრისწერას უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია. ქორწილამდე 1 კვირით ადრე დაწინდვის ცერემონია გვქონდა ურბნისის ტაძარში ჩვენს მამა ლუარსაბთან. მამა ლუარსაბი ჩვენი ოჯახის მოძღვარია ამიტომ გვინდოდა მას დაეწერა ჩვენთვის ჯვარი. ჯვრისწერა სიონის ეკლესიაში გადავწყვიტეთ და მამა ლუარსაბს ვთხოვეთ ჩამობრძანებულიყო და იქ დაეწერა ჩვენთვის ჯვარი, რაზეც მამაომ უარი ვერ გვითხრა და სიხარულით დაგვთანხმდა. არაჩვეულებრივი ამინდი დაგვემთხვა 14 მაისს, ამიტომ ყველაფერმა ულამაზესად ჩაიარა. ხელის მოწერის ცერემონია რესტორანში გავმართეთ სტუმრების თანდასწრებით. ულამაზესი რესტორნის და უგემრიელესი კერძების დამსახურებით ყველაფერმა იდეალურად ჩაიარა.
ფოტოგრაფი და ფოტოსესია
ფოტო და ვიდეო ქორწილის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალია, ფოტოებისა და ვიდეოს გარდა აღარაფერი გვრჩება გასახსენებლად. ამიტომ ეს საქმე პროფესიონალებისთვის უნდა მიგვენდო. დიდი ხნის მანძილზე ვარჩევდით და ბოლოს უსაყვარლეს და უნიჭიერეს ბიჭებზე შევაჩერეთ არჩევანი: ფოტო-სოსო გამგებელი, ვიდეო-ალექს სუჯაშვილი. ორივე მათგანმა “შატო მუხრანი” გვირჩიეს გადასაღებად, რადგან სივრცე დიდია და ეს ადგილი ბევრ ლოკაციას გვთავაზობს. სოსომ და ალექსმა დაუღალავად იმუშავეს, თავის საქმე იდეალურად შეასრულეს და 1 წუთიც არ გაჩერებულან, სულ იღებდნენ და თავიანთ იდეებს გვიზიარებდნენ. ნამდვილად საუკეთესოები არიან. ქორწილამდე გასაუბრება გავიარეთ და იმდენად გახსნილები არიან, რომ დიდი თავს შებოჭილად არ გაგრძნობინებენ და გაფიქრებინებენ, რომ დიდი ხნის მეგობრები არიან. უღრმესი მადლობა მათ დაუღალავი და დაუზარელი შრომისათვის.
ქორწილი
ქორწილმა იდეალურად ჩაიარა. უგემრიელესი კერძების, ულამაზესი ინტერიერისა და გემოვნებიანი მუსიკის დამსახურებით ყველა სტუმარი კმაყოფილი და შთაბეჭდილებებით დატვირთული იყო, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით რესტორან ბაბილო Music Hall-ის მთელ გუნდს. არაჩვეულებრივ მომსახურე პერსონალსა და ქალბატონ ლალის. გვყავდა ქართული ესტრადის წამყვანი მომღერლები და DJ. ჩემმა მეგობრებმა სიურპრიზიც მოგვიწყვეს და სიმღერა შეგვისრულეს, მე და გიორგიმ ვიცეკვეთ “დაისი” და “ვალსი”. ქორწილმა დაგეგმილზე დიდ ხანს გასტანა, ყველა იმდენად კმაყოფილი იყო, რომ საღამოს დასრულება არავის სურდა, თუმცა ჩვენ იმ საღამოს ფრენა გვქონდა და ქორწილში სტუმრების დატოვება და მათზე ადრე წამოსვლა მოგვიწია.
საქორწინო მოგზაურობა
თაფლობის თვე მდიდრულ დუბაიში გავატარეთ. ულამაზესი ადგილია თავისი ღირსშესანიშნაობებით და ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანმდა უნდა ინახულოს. მოვიარეთ მსოფლიოს უდიდესი მოლები, ვნახეთ ყველაზე მაღალი ცათამბრჯენი “Burj Khalifa”. 9 დღით ვიყავით და წამოსვლა ძალიან გაგვიჭირდა. მშვიდი გარემო და სითბო ძალიან გვესიამოვნა ცივი ზამთარისა და წვიმიანი გაზაფხულის შემდეგ. აღფრთოვანებულები და შთაბეჭდილებებით დატვირთულები ჩამოვედით. მომავალშიც აუცილებლად ვესტუმრებით დუბაის, უფრო მომზადებულები და გართობისკენ მეტად მომართულები.
რჩევა მომავალ პატარძლებს
მომავალ პატარძლებს ვურჩევ, რომ საქორწილო სამზადისი მინიმუმ 3-4 თვით ადრე დაიწყონ, რადგან დრო არასდროსაა საკმარისი ამ არაჩვეულებრივი დღისთვის. ნაკლები ინერვიულონ და მთლიანად თავიანთ თავზე არ აიღონ სამზადისი, რადგან ეს ძალიან დაღლის და გაანერვიულებს. ქორწილის წინა დღეს აუცილებლად გამოიძინეთ და არაფერი დაგეგმოთ, ვინაიდან მეორე დგეს ემოციურად დატვირთულია და ენერგია გჭირდებათ. ასევე ვურჩევდი, რომ დარწმუნებულები იყვნენ იმ კოლექტივში ვინც აირჩიეს, რადგან შემდეგ რამის შეცვლა გაუჭირდებათ. შეიძლება რამე გაუთვალისწინებელიც კი მოხდეს, მაგრამ არ ინერვიულოთ, თქვენი სიხარული და ბედნიერი დღე ამ ნეგატივს აუცილებლად გადაფარავს. არ აყვეთ ემოციებს და რაც შეიძლება მეტი ღიმილი შეინარჩუნეთ სახეზე.
Recent comments