TOP

ერთი ნახვით შეყვარება ახალი წლის ჯადოსნურ ღამეს

1M4A2562

“ახალი წლის ღამე სასწაული იყო ორივესთვის”

“ჩვენი ქორწილი იყო ის, რაზეც ალბათ ყველა პატარძალი ოცნებობს”

 

ქორწილამდე

15218479_10205513759682555_1617099325_nმე და ერეკლემ ერთმანეთი 2011 წლის 31 დეკემბერს გავიცანით. ახალი წლის ღამე იყო, ორივე საერთო მეგობრის მიერ მოწყობილ საღამოზე ვიყავით.  ასეთი რაღაცაების მანამდე  არ მჯეროდა, მაგრამ ახალი წლის ღამე სასწაული იყო ორივესთვის. ერთად დავიწყეთ 2012 წელი და ასე გრძელდება დღემდე. არც ერთი ნახვით შეყვარების არ მჯეროდა, მითუმეტეს სასწაულების ახალი წლის ღამეს, მაგრამ ასე მოხდა და  ორივე ერთად ამიხდა. ურთიერთობის  მომდევნო  წლებიც ასე გრძელდება: სპონტანური, დიდი თუ პატარა სასწაულებითა და სიურპრიზებით.  მაგალითად, ერთხელ  მე და ჩემი მეგობარი ბათუმში მივდიოდით.  ერეკლე გვაცილებდა. სანამ მატარებელში ავიდოდი  მთელი ამბით დავემშვიდობე,  ერთი კვირა ვერ ვნახავდი და გული მწყდებოდა.  მთელი გზაც ამაზე ვფიქრობდი, როგორ მომენატრებოდა, მაგრამ მოულოდნელად, ურეკის სადგურში, ერეკლე  ვარდებით ხელში ვაგონში ამოვიდა. თურმე მეგობრის მანქანით დაეწია მატარებელს ურეკში. ისე შევხვდით, თითქოს ერთმანეთი ბოლოს დილით კი არა, ერთი თვის წინ  ვნახეთ. მაგრამ ყველაზე დასამახსოვრებელი ერთი სიურპრიზი იყო, არაამქვეყნიურად მიყვარს ძაღლები, მაგრამ მშობელბი წინააღმდეგები იყვნენ სახლში ძაღლის მოყვანის, ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ეს ჩემი აუხდენელი ოცნება იყო.  ერეკლემ იცოდა ეს და როგორც კი ერთად გადავედით საცხოვრებლად, მაშინვე, სიურპრიზად სახლში ლაბრადორის ლეკვი  მომიყვანა, არასოდეს დამავიწყდება ეს ბედნიერება, ბიგი დავარქვით და ოჯახის მესამე წევრად, შვილივით გვყავს.

ხელის თხოვნა

ხელის თხოვნაც ერთ-ერთი იყო იმ სიურპრიზთა ციკლიდან, რომლებსაც ერეკლე მიწყობდა ხოლმე, თუმცა ეს მოვლენა ალბათ ყველა ქალის ცხოვრებაში სიურპრიზის სახით დგება. ოჯახის შექმნას ჯერ არ ვაპირებდით, მიუხედავად იმისა, რომ უკვე ძალიან ახლოს ვიყავით ერთმანეთთან, ყოველშემთხვევაში მე ჯერ ნაადრევად მეჩვენებოდა. თარიღი კარგად მახსოვს, 2012 წლის 11 აპრილი იყო, მეგობართან ვიყავი, სადაც მომაკითხა ერეკლეს მეგობარმა და  რაღაც მოგონილი მიზეზით გამომიყვანა სახლიდან. გარეთ გამოსულს ერეკლე დამხვდა, რომელმაც მოულოდნელად ხელი მთხოვა.  მახსოვს ჩემი ემოციები, სიხარული, გაკვირვება და დიდი ბედნიერება ერთად. არასოდეს დამავიწყდება.

ქორწილის სამზადისი

თანაცხოვრება ისე დავიწყეთ, ჯვარი არ გვქონდა დაწერილი. ქორწილი მინდოდა, მაგრამ რაღაც განსაკუთრებული და განსხვავებული. იმდენს ვლაპარაკობდით ხოლმე მეგობრები, როგორი ქორწილი მექნებოდა, რომ წარმოდგენილი მქონდა ესკიზების სახით და ვგეგმავდი ყოველ წელს თუმცა გადაწყვეტილება ბოლომდე ვერასოდეს მიმყავდა, სხვადასხვა მიზეზების გამო. ბოლოს რაღაც სპონტანურად, ძალიან მალე მივიღე გადაწვეტილება დამეწერა  ჯვარი, მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი არ იყო ადვილი, მაინც იმდენ პრობლემას და დაბრკოლებას შევეჯახე, რასაც ნამდვილად არ ველოდი.  პლუს სტრესი, თან იმდენად მალე გადავწყვიტე რომ თითქმის მარტოს მომიწია ყველაფერზე ზრუნვა. ქორწილი უმოკლეს დროში, 4 დღეში  დავგეგმეთ და მოვამზადეთ. რომ არა ჩემი ერთ-ერთი მეჯვარე, ალბათ თავს ვერ გავართმევდი. კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას ნინის .

1M4A3708

კაბა

საქორწილი კაბა ჩემი დიზაინით შევიკერე. ზოგადად დიზაინი კარგად გამომდის, ყოველთვის მე თვითონ ვქმნი დიზაინს და შემდეგ ვაკერინებ კაბას. მითუმეტეს საქორწილო კაბა ზუსტად ისეთი უნდა ყოფილიყო, როგორიც მე მინდოდა და როგორიც ჩემს ქორწილს შეეფერებოდა.  ვფიქრობ გამომივიდა, იმიტომ, რომ ძალიან ბევრს მოეწონა. რთული დასაჯერებელია მაგრამ კაბა 3 დღეში შეიკერა და გამოვიდა ზუსტად ის, რაც წარმოდგენილი მქონდა. ამისთვის მადლობა მინდა გადავუხადო “ATELIER BEIKO-BEIKO” და მის დიზაინერ ბეიკო ბედოიძეს.

 

თმა და მაკიაჟი

ვარცხნილობა და მაკიაჟი  ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დეტალია პატარძლისთვის. ვარცხნილობა  სადა და ეფექტური უნდა ყოფილიყო. ესეც წარმოდგენილი მქონდა, როდესაც სალონ “4U”-ში მივედი თამუნა გვარმიანთან. მან ზუსტად ისე გამიკეთა, როგორც მინდოდა. ფოტოებს რომ ვნახულობ ძალიან მომწონს და მადლობას ვუხდი მას. ასევე მადლობა ვუხდი სალონ “ნატალის” ვიზაჟისტს, ინგა გაგუას, რომელმაც  არაჩვეულებრივი მაკიაჟი გამიკეთა.

ლოკაცია

ჯვარი დოლიძის ქუჩაზე მდებარე, თამარ მეფის სახელობის პატარა ტაძარში დავიწერეთ.  ეკლესია ძალიან პატარა და მყუდროა სულ ჩვენ ვიყავით ძალიან ლამაზი ცერემონიალი იყო. ქორწილის წვეულება სასტუმრო დოლაბაურის ტერასაზე გავაკეთეთ, პრიორიტეტი იყო კარგი ხედი და მყუდრო გარემო . ხელი ჯერ არ მოგვიწერია.

ფოტოგრაფი და ფოტოსესია

ფოტოები გადაგვიღო ჩემმა უახლოესმა მეგობარმა, ლიკა ავალიანმა. ლიკა ცნობილი ფოტოგრაფია,  თავისი დამახასიათებელი ხელწერით და საოცარი ფოტოებით. ჩემთვის დიდი პატივი იყო მისი ობიექტივი ჩემს ქორწილში. ფოტოსესია გაიმართა კოჯორში ,, BIOLI MEDICAL WELLNESS RESORT,, ­_ში სადაც ძალიან ლამაზი გარემოა. მიუხედავად სიცივისა, ფოტოსესია არ შეგვიფერხებია და საოცარი ფოტოები გამოვიდა. ძალიან კმაყოფილი ვარ.

ქორწილი

შეიძლება ყველა პატარძალი ამას ამბობს თავის ქორწილზე, მაგრამ მე მართლა მგონია, რომ 5 ნოემბერს, ჩემი ქორწილის დღეს ყველაფერი განსაკუთრებულად კარგი და ჯადოსნურიც კი იყო. მთელი ეს გიჟური და სტრესული ოთხი დღე, სასიამოვნო სიურპრიზებით დაგვირგვინდა. ჩვენი ქორწილი იყო ის, რაზეც ალბათ ყველა პატარძალი ოცნებობს, რადგან ეს იყო ზუსტად ის, რაც მე მინდოდა. ჩვენი უხალოესი მეგობრების ვიწრო წრე, ყოველგვარი გრძელი სუფრებისა და სადღეგრძელოების გარეშე. ძალიან ლამაზი, თბილი და მყუდრო გარემო. რაც ძალიან მიხარია კიდე არის ის, რომ ყველა სტუმარი დარჩა ძალიან კმაყოფილი და მეუბნებიან, რომ ეს დღე სულ ემახსოვრებათ. დამეთანხმეთ ეს ნამდვილად დიდი ბედნიერებაა.

საქორწილო მოგზაყურობა

თაფლობის თვე გადავწყვიტეთ, რომ ზაფხულისთვის გადავდოთ, ევროპაში მოგზაურობა თბილ პერიოდში გაცილებით უკეთესი იქნება

 რჩევა მომავალ პატარძლებს

ყველა პატარძალს ვურჩევ, თავიანთი დიზაინით შეიკერონ კაბა, თუნდაც სულ უბრალო, რათა სულ ჰქონდეთ და ახსოვდეთ ეს საოცარი დღე.  ყველა ქალს უხდება თავის ტანზე შეკერილი კაბა. მითუმეტეს პატარძლისთვის ეს მნიშველოვანია. ამ დღეს ხომ ყველაზე ლამაზი უნდა იყოს და თავისი გარეგნობით კმაყოფილი. მერე კი ინახავ ამ კაბას, როგორც  შენი ყველაზე მნიშვნელოვანი დღის სამახსოვრო შტრიხს.

1M4A2646 1M4A3582 1M4A3268 1M4A3577 1M4A3583 1M4A2562 1M4A2291 1M4A3316 1M4A1851 1M4A2620 1M4A3579 1M4A2178 1M4A1252 1M4A1125 1M4A3708

კომენტარები