
ქორწილამდე
კონკრეტულად გაცნობის თარიღი არ შემიძლია დავასახელო , თუმცა ყველაფერი დაიწყო იმით რომ ქუჩაში ერთხელ, სრულიად შემთხვევით დამინახა ჩემმა მეუღლემ, რაც მოგვიანებით გავიგე, უკვე ურთიერთობის შემდგომ ეტაპებზე. სწორედ ამ შემთხვევითობის შემდეგ იყო უამრავი ზარები , ესემესები და სიურპრიზები. თებერვლის თვე იყო, უნივერსიტეტიდან არდადეგები მქონდა და მეც ჩემ მეგობრებთან ერთად ყოველ საღამოს აღვნიშნავდი დასვენების დღეებს, დათოც ისე ახერხებდა, რომ სადაც ვიყავით სწორედ იმ ადგილას ტრიალებდა. უკვე მისი ზედმეტი ყურადღება ყველასთვის თვალშისაცემი იყო, ამიტომ გადავწყვიტე, რომ შევხვედროდი და ყველაფერი დამესრულებინა. თუმცა ჩემი ეს სურვილი პირველ შეხვედრის შემდეგ ცოტათი განელდა. საინტერესო მოსაუბრე და კარგი იუმორის მქონე ადამიანი აღმოჩნდა, რამაც ბიძგი მისცა მთელ რიგ შეხვედრებს, რაც საბოლოოდ ულამაზეს სიყვარულში გადაიზარდა და შემდეგ ქორწილით დაგვირგვინდა.
ხელის თხოვნა
ხელის თხოვნა ძალიან რომანტიულ გარემოში მოხდა, ჩემს დაბადების დღეზე. მე და დათო ორივე ქუთაისიდან ვართ, მაგრამ გარკვეული დრო სხვადასხვა ქალაქებში ვცხოვრობდით. მე თბილისში ვიყავი სწავლის გამო, დათო -ქუთაისში. ცალ-ცალკე ყოფნისას ჩვენი შეხვედრები შედარებით იშვიათი იყო, მაგრამ დათო მაინც ხშირად ჩამოდიოდა. მისი ერთ-ერთი ჩამოსვლა სწორედ ჩემს დაბადების დღეს დაემთხვა. იმ წელს განსხვავებულად აღვნიშნე დაბადების დღე. მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით, ძალიან რომანტიულ გარემოში. ულამაზესი საღამო გამოვიდა. სწორედ ამ დღეს მთხოვა დათომ ხელი. მანქანაში ბუშტებისა და ვარდების თაიგულში ჩამალული ბრილიანტის ბეჭედი დამახვედრა და მთხოვა, რომ მისი ცოლი გავმხდარიყავი.
მზადება
ქორწილის სამზადისი არის ის, რაშიც საერთოდ არ მიმიღია მონაწილეობა. ხელის თხოვნის შემდეგ გავმართეთ ნიშნობა, ოჯახში დათო და დათოს მშობლები გვესტუმრნენ, რომლებთან ერთადაც ძალიან სასიამოვნო საღამო გავატარეთ. იმ დღეს დავთქვით ქორწილის თარიღი, 11 თებერვალი. სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი ვარ. ვინც იცის, ალბათ ყველა მიხვდება, რა დატვირთულ რეჟიმში მიწევდა გამოცდებისთვის მზადება, 7 თებერვალს მქონდა ბოლო გამოცდა და შესაბამისად, ამ დრომდე ვერანაირ მზადებაში ვერ მივიღე მონაწილეობა. ყველაფერი ჩემმა მეუღლემ უზრუნველყო: რესტორანი, დიზაინერი, მოგზაურობა. ერთადერთი, რაც მე მევალებოდა, იყო საქორწილო კაბა.
კაბა
ქორწილში მარიონელას ულამაზესი კაბა მეცვა. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო. მათ შეძლეს და თავიანთი ნამუშევრით გაოცებული დატოვეს რთულად მოსახიბლი პუბლიკა. მართლაც არაჩვეულებრივი კაბა იყო. ყველა დეტალი ულამაზესი იყო.
თმა და მაკიაჟი
ჩემს გარეგნობაზე იზრუნა სალონმა “საკურამ” ვიზაჟისტმა სოფო ნიჟარაძემ და სტილისტმა რუსო თუთბერიძემ. ნამდვილი პროფესიონალები არიან, სწორედ ის იყო, რაც მინდოდა.
ტორტი
ულამაზესი ტორტი გვქონდა ქორწილში, რომელიც საკონდიტრო “ჩერიმ” გაგვიკეთა. ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ქალბატონ მაკა დარახველიძეს, რომელმაც ნამდვილი შედევრი შექმნა.
ლოკაცია
ძალიან გვინდოდა ჯვრისწერა რაჭაში, ნიკორწმინდაში გვქონოდა, მაგრამ ამინდის გამო ეს შეუძლებელი გახდა, ამიტომ გადავწყვიტეთ მოწამეთაში დაგვეწერა ჯვარი. ხელმოწერა რესტორნის ეზოში გვქონდა, რომლის მორთულობაზეც დიზაინერებმა იზრუნეს. ქორწილი კი რესტორან ასტორიაში გადავიხადეთ.
ფოტოგრაფი და ფოტოსესია
ფოტოგრაფი გვყავდა გიორგი თოდუა, რომელმაც არაჩვეულებრივი ფოტოები გადაგვიღო. ფოტოსესია გვქონდა ყველგან, სადაც მოვასწარით: მოწამეთაში, წყალტობუში, მარიონელას სალონში. ამინდსი გამო ძირითადად დახურულ სივრცეში გვქონდა გადაღება, მაგრამ საბოლოოდ მაინც კარგი ფოტოები გამოგვივიდა.
ქორწილი
ქორწილის დღემ არაჩვეულებრივად ჩაიარა. ყველაფერი კარგად იყო ორგანიზებული, მოწვეული გვყავდა ბენდი “მუზეუმი”, რომელმაც ნამდვილი შოუ მოგვიწყო. უღრმესი მადლობა დიზაინერ მეგი ნიჟარაძეს, ანი ომიაძესა და მარიამ კოპალეიშვილს, რომლებმაც გაალამაზეს ჩემი ბედნიერების დღე. ყველა დეტალს ეტყობოდა, რომ ნაფიქრი და გათვლილი იყო. ერთი ის იყო, რომ ძალიან დავიღალე ნერვიულობით, ვინაიდან ვღელავდი როგორ ჩაივლიდა დღე, მეშინოდა გაუთვლისწინებელი შემთხვევა არ მომხდარიყო, მაგრამ ღვთის წყალობთ ყველაფერმა არაჩვეულებრივად ჩაიარა და ყველა ძალიან კმაყოფილი დავრჩით.
საქორწილო მოგზაურობა
თაფლობის თვის ეგვიპტეში გავატარეთ, 7 დაუვიწყრალი დღე შარმ ელ შეიხში, სადანაც დიდი შთაბეჭდილებებით დავბრუნდით.
რჩევა მომავალ პატარძლებს
მომავალ პატარძლებს ვურჩევ, რომ არ ინერვიულონ და მაქსიმალურად გაერთონ ქორწილში. აუცილებლად წავიდნენ სამოგზაუროდ. აუცილებელი არაა ეს ქვეყნის საზღვრებს გარეთ მოხდეს, საქართველოს ულამაზეს ბუნებაშიც შეიძლება დაუვიწყარი თაფლობის თვის მოწყობა.
Recent comments