
“ასე დავებედეთ ერთმანეთს”
ქორწილამდე
მე და დათომ ერთმანეთი ახალი წლის ღამე გავიცანით. მას საღამო მიჰყავდა ერთ-ერთ რესტორანში, რომელშიც ჩემს დაქალთან და მის საქმროსთან ერთად ვიყავი. დათო ჩემი დაქალის საქმროს ძმაკაცია. მისვლისთანავე შევამჩნიეთ ერთმანეთი. მთელი საღამო ცდილობდა, რომ ყურადღება მოექცია ჩემთვის. საღამოს დასრულების შემდეგ სხვაგან გადავინაცვლეთ და მთელი ახალი წლის ღამე ერთად გავატარეთ. მეორე დღეს, პირველ იანვარს დათომ თავისთან მიგვიპატიჟა, როდესაც 12-ს გადაცდა და ბედობა დღე დადგა, უეცრად დათო ჩამეხუტა და მითხრა დამებედეო. ხოდა ასე დავებედეთ ერთმანეთს.
ხელის თხოვნა
მე და დათომ დავგეგმეთ ქორწილის თვე და რიცხვი, შესაბამისად ხელის თხოვნა იყო ტრადიციული, ჩემს მშობლებთან, რაც ჩემმა მშობლებმა დიდი სიხარულით მიიღეს.
მზადება ქორწილისთვის
ქორწილისთვის მზადება ძალიან რთული იყო. ძალიან ვნერვიულობდით და ნერვიულობამ ძალიან ბევრი რამის გაკეთებაში შეგვიშალა ხელი. ქორწილამდე 1 კვირა რომ იყო დარჩენილი, ყველაფერი ერთიანად დაგვაწვა ზურგზე. ბევრი რამ ვერ მოვასწარით, მაგრამ როდესაც რესტორანში მივედით და დავსხედით, ამოვისუნთქეთ. ამ მომენტში უკვე აღარ ვფიქრობდით იმაზე, რა მოვასწარით და რა ვერა. მთავარი იყო ის, რომ მივხვდით – ამიერიდან სულ ერთად ვიქნებოდით.
კაბა
კაბა სწორედ ისეთი მეცვა ჩემს უმნიშვნელოვანეს დღეს, როგორსაც სულ ვიოცნებებდი. ე.წ რუსალკას სტილი იყო, მართალია ცოტა არაკომფორტული აღმოჩნდა, მაგრამ ამად ღირდა. ჩემი კაბა Mon paris-მა შექმნა.
თმა და მაკიაჟი
მაკიაჟ ანა პატარაიამ გამიკეთა, თმა კი ელემ. ორივე თავისი საქმის პროფესიონალია და შესაბამისად ძალიან კმაყოფილი ვარ.
ლოკაცია
ჯვრისწერა გაიმართა საკათედროში. ხელის მოწერის ცერემონიას ღია ცის ქვეშ ვგეგმავდით, მაგრამ წვიმის გამო დარბაზი მოგვიწია ამის გაკეთება. ქორწილი Georgia-ში გაიმართა.
ფოტოგრაფი და ფოტოსესია
ფოტოგრაფი მყავდა რეზი ცენტერაძე და მასთან ერთად კიდევ რამდენიმე მუშოაბდა ჩვენს ფოტოსესიაზე. დროის უკმარისობის გამო ვერ წავედით ბევრ ლოკაციაზე და მხოლოდ კასტელო მერეში გადავიღეთ ფოტოები, მაგრამ მაინც ძალიან კმაყოფილები დავრჩით.
ქორწილი
ქორწილი იყო თანამედროვე სტილში. ძალიან ნკარგად იყო ყველაფერი გათვლილი, არ იყო 2 საათიანი სადღეგრძელოები, ყველა არაჩვეულებრივად ერთობოდა. ჩვენც ძალიან ვისიამოვნეთ, იმდენი იყო ისეთი სიხარულითა და ბედნიერებით სავსე მომენტები, ახლაც თვალწინ მიდგას და ალბათ მთელი ცხოვრება გამყვება ეს ემოცია.
რჩევა მომავალ პატარძლებს
ყველა მომავალ პატარძალს ვურჩევ, რომ არაფერზე არ ინერვიულონ. როდესაც დარბაზში შევლენ და სკამზე დაჯდებიან ყველაფერი დაავიწყდებაღ და მიხვდებიან, რომ ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა. მეორე ხარისხოვანია უკვე ვინაა ფოტოგრაფი, ბენდი, რა ფასიანი კაბა გაცვიათ, როგორ დარბაზში გაქვთ ქორწილი, მთავარია ის, რომ ეს დღე დადგა და შედგა. დღე, რომელსაც მთელი ცხოვრება ელოდებოდით. ესაა ყველაზე მნიშნელოვანი. ბედნიერებას გისურვებთ